Site icon Civil.ge

არასამთავრობოებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესის წარმართვაზე უარი თქვეს

გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცეიების ხელმძღვანელებთან, 20 აგვისტო, 2018, ფოტო: president.gov.ge

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესის წარმართვაზე უარი თქვეს. ამის შესახებ მათ 20 აგვისტოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შესარჩევად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდა. დისკუსიის დაწყებამდე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „სასამართლოს განვითარებისა და რეფორმირების თვალსაზრისით“, ძალისხმევის გაერთიანებაა საჭირო.

„დღეს, მე შეგკრიბეთ, იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივად ჩამოვყალიბდეთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მორალის, ზნეობის, შემძლეობის, რომ მან განახორციელოს რეფორმა ამ ურთულეს სისტემაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

არასამთავრობოებთან დაახლოებით საათნახევრიანი დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილს მედიასთან აღარ უსაუბრია. ჟურნალისტებთან კომენტარი, ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ გააკეთა. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე ვითარების გათვალისწინებით, პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესში „იურიდიული სფეროს ფართო წარმომადგენლობის“, ჩართულობის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა „შეთანხმება ვერ მოხერხდა“.

მედიასთან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმაც ისაუბრეს და განმარტეს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატზე შეთანხმება ვერ შედგა. კერძოდ, პრეზიდენტმა კონკურსის შედეგად, შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა მათ სთხოვა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევა პრეზიდენტის პრეროგატივაა და სწორედ „მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ადამიანზე, რომელიც წარდგენილი იქნება პარლამენტში“.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგიც ცენტრის (EMC) ხელმძღვანელის სოფო ვერძეულის განმარტებით, შეხვედრაზე პრეზიდენტის მხრიდან „იყო შემოთავაზება“, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, პროფესიულმა ჯგუფებმა შეარჩიონ. თუმცა, მისი შეფასებით, „დროის და სხვა საკითხების გათვალისწინებით“, ამ ფორმატის განხილვა მიზანშეწონილი არ არის. მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი მზად არის, რომ პრეზიდენტს კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით, მოსაზრებები ნებისმიერ ფორმატში გაუზიარონ, თუმცა კანდიდატი პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს.

პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელების საჭიროებას გაუსვა ხაზი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) თავმჯდომარემ სულხან სალაძემაც. მისივე თქმით, დროის თვალსაზრისით, პრეზიდენტის მიერ კანდიდატურის შესარჩევად შეთავაზებული ფორმატის განსახილველად საკმარისი დრო არ არის დარჩენილი.

„დროის თვალსაზრისით, მე რთულად წარმომიდგენია, რომ რეალისტური იყოს ის, რომ შევძლოთ ბევრმა ადამიანმა ერთად კონსესუსის მიღწევა“, – განაცხადა მან. მისი თქმით, „პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა დაასახელოს კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმატი, რომელსაც პრეზიდენტი მიიჩნევდა საუკეთესოდ, საბოლოოდ არ იყო ბოლომდე გაზიარებული“.

არასამთავრობოების გადაწყვეტილებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, პრობლემა მთლიანობაში კონსულტაციების პროცესის წარმართვაშია, რომელიც თავიდანვე „საკმაოდ გაურკვეველი“ იყო. მისივე განმარტებით, ამის გამო, ქართული ოცნება ამ კონსულტაციებს ადრევე გამოეთიშა. „ჩვენ მოველოდით და ქვეყანასაც სჭირდება, რომ ეს პროცესი წარმართულიყო უფრო მეტი პასუხისმგებლობით, სერიოზულობით და იმდაგვარად, რომ გარკვეული კონსოლიდაცია ამ პროცესში მომხდარიყო…მაღალი მოლოდინები არ გვაქვს, რომ მაინცდამაინც საუკეთესო კანდიდატს მივიღებთ დასახელებულს“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენასი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები 6 აგვისტოს დაიწყო. პოსტი ვაკანტური 2 აგვისტოს გახდა, როდესაც მოქმედი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით, თანამდებობიდან გადადგა.

მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პარლამენტს დასამტკიცებლად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. ახალი კონსტიტუციის მიხედვით კი, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა ხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)