მმართველ გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებაზე კვლავ მსჯელობენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 21 აგვისტოს მედიასთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „გუნდში მიმდინარეობს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ დისკუსია“. ბახტაძის თქმით, ქართული ოცნების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, „დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს“, თუ მმართველი ძალა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, გუნდის მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ პარტია ამ არჩევნებზე „აუცილებლად თავისი კანდიდატით უნდა იყოს წარმოდგენილი“. „ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მიმდინარე მსჯელობაზე მამუკა ბახტაძემ 17 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა. „ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა რამდენიმე კვირიანი აიღო პაუზა. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და იმასაც, თუ რომელი კანდიდატები გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განმარტა პრემიერმა.
ქართულ ოცნებაში მიმდინარე მსჯელობა ბუნებრივ პროცესად შეაფასა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. „ამაში ვერც უხერხულობას ვხედავ, ვერც პრობლემას“, – განაცხადა მან. ზურაბიშვილის თქმით, მისთვის მმართველი გუნდის ნებისმიერ გადაწყვეტილება მისაღები იქნება. „ველოდები მათ გადაწყვეტილებას“, – დასძინა ზურაბიშვილმა.
მმართველ გუნდში 6 აგვისტოს ოფიციალურად განაცხადეს, რომ ოქტომბრის არჩევნებში მათ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლებოდათ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართული ოცნება მხარს სწორედ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერდა. თუმცა, მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებისა და ჟურნალისტებისადმი არაეთიკური მიმართვის შემდეგ, ქართულ ოცნებაში საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)