1-11 სექტემბრის ჩათვლით, საქართველო მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლებას – Agile Spirit 2018-ს უმასპინძლებს. წვრთნები სენაკის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება.
მრავალეროვნული სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელობით ჩატარდება და მასში ქართველებთან ერთად, ბულგარელი, ჩეხი, ესტონელი, ბერძენი, ლატვიელი, რუმინელი, თურქი და უკრაინელი სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.
Agile Spirit-ს საქართველო უკვე მერვედ უმასპინძლებს, რომლის სცენარიც ემყარება თავდაცვის, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს „რეალურ დროში და მრავალეროვნულ გარემოში“.
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა განაცხადა, რომ წვრთნების მიზანი აშშ-სთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე ნატოსთან საქართველოს თავსებადობის ზრდაა.
„Agile Spirit“ საქართველოში 2011 წლიდან, ყოვეწლიურად ტარდება. თავდაპირველად, წვრთნებში მხოლოდ ორი ქვეყანა – საქართველო და აშშ – მონაწილეობდა. 2015 წლიდან კი, სამხედრო სწავლებაში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ.
„Agile Spirit“ დაახლოებით ერთი თვის წინ დასრულებული მასშტაბული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის შემდეგ ტარდება, რომელიც საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მონაწილეობით გაიმართა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)