ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 45-ე რაუნდი 9-10 ოქტომბერს გაიმართა.
თბილისის პოზიცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9-10 ოქტომბრის მოლაპარაკებების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ განხილვის მთავარი თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების განახლება და არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის საქმეები იყო.
საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების „მნიშვნელოვან როლს“ კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის საქმეში და დაგმო დისკუსიების ფორმატის წინააღმდეგ რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების „დესტრუქციული ნაბიჯები“. მან ასევე აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან IPRM-ის შეხვედრების განახლების საჭიროებას გაუსვეს ხაზი.
„მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის გაგრძელების გამო“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული ვითარება“, მათ შორის უკანონო დაკავებები და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა.
„საქართველოს წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე ხაზი გაესვა ორ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, მათ შორის, გალის ქართველების „უცხოელებად“ რეგისტრაციას და გალისა და ახალგორის სკოლებში მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას.
„განხილვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების აუცილებლობა. თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ამ მნიშვნელოვან საკითხზე საგნობრივი განხილვისა და პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე… მიუხედავად ამისა, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან გამოიჩინეს ტრადიციული დესტრუქციულობა, მათ კვლავ სცადეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებების ოთახი“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ჟენევის დისკუსიების შესახებ განცხადება აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამაც გაავრცელა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციაზეცაა საუბარი.
რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის პოზიციები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დისკუსიების მონაწილეთა უმრავლესობა შეთანხმდა, რომ სიტუაცია „საზღვრებზე“ სტაბილურია. „ამასთან ერთად, ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა გალსა და ერგნეთში IPRM-ის მუშაობის განახლებისთვის“, – განაცხადა სამინისტრომ.
რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ მონაწილეებმა ძალის არგამოყენების საკითხზე შეხედულებები გაცვალეს. „მხარეთა პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა 2008 წლის შეთანხმებების ინტერპრეტირების თაობაზე, ასევე ამიერკავკასიაში სტაბილური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზებზე ამ საკითხზე კონსესუსის მიღწევას ხელს უშლიდა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს თქმით, რუსეთის, ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლებმა კვლავ გამოთქვეს წუხილები რეგიონში ნატოს „მზარდი ყოფნის“ გამო, ასევე „საქართველოში რიჩარდ ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს დისკუსიების მონაწილეებს „თავიანთი სახელმწიფოების სოციალურ-ეკონომიკური წარმატებების“ და ამაში რუსეთის მხარდაჭერის შესახებ, რაც „მთლიანად ამსხვრევს [თბილისის] პროპაგანდისტულ მესიჯ ბოქსს „ოკუპირებული ტერიტორიებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ტანჯვის შესახებ“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მოუწოდეს, რომ ცხინვალს და სოხუმს საერთაშორისო ფორუმებში, კერძოდ კი, გაეროში მონაწილეობის საშუალება მისცენ, სადაც ჟენევის დისკუსიების პრობლემატიკა განიხილება.
რუსეთის საგარეო უწყების ანალოგიური განცხადებები გააკეთეს ცხინვალმა და სოხუმმა. მათ თანათავმჯდომარეებს მოუწოდეს, რომ ცხინვალსა და სოხუმს დისკუსიების საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის საშუალება მისცენ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ სურთ საერთაშორისო ფორუმებზე „თანაბარი წვდომა“ ჰქონდეთ, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ მათი მონაწილეობის „დაბლოკვა“ არ არის „კონსტრუქციული“.
ცხინვალისა და სოხუმის მთავრობებმა აღნიშნეს, რომ მათი აზრით, IPRM-ის შეხვედრები ეფექტიანი და მნიშვნელოვანია, თუმცა დასძინეს, რომ დისკუსიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდნენ, თუ დღის წესრიგიდან მათთვის მიუღებელი საკითხები მოიხსნებოდა.
აშშ-ის პოზიცია
აშშ-ის დელეგაციამ ჟენევაში განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების პირველი შეხვედრიდან ათი წლის თავზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „მონაწილეებს მოუწოდა, რომ ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, რეალური გამოსავალი ეძებონ“.
აშშ-ის დელეგაციამ აღნიშნა, რომ ამერიკის წარმომადგენლებმა წუხილები გამოთქვეს IPRM-თან დაკავშირებული სირთულეების გამო და მონაწილეებს შეხვედრების უსწრაფესად განახლებისკენ მოუწოდეს.
დელეგაციამ ასევე გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას გარდაცვალების ფაქტების სრულყოფილი და გამჭირვალე გამოძიების საქმეში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებების თანამშრომლობის მიმართ.
აშშ-ის დელეგაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ სინანულს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ „ვერ მოხერხდა დევნილთა საკითხის განხილვა, რადგანაც მონაწილეებმა რუსეთის ხელმძღვანელობით მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვეს“.
აშშ-ის დელეგაციამ დასძინა, რომ ის წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსკოვი სრულად არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების შეფასებები
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღიარებენ მონაწილეთა ერთგულებას ამ „უნიკალური მექანიზმის მიმართ“. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ფორმატმა „ხელი შეუწყო გაუმჯობესებულ სტაბილურობასა და ანგარიშვალდებულებას ადგილზე“, რის „მთავარ მიღწევასაც“ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი წარმოადგენს.
თანათავმჯდომარეებმა სინანული გამოთქვეს „IPRM-თან დაკავშირებული სირთულეების გამო“ და მონაწილეებს ამ ფორმატში რეგულარული შეხვედრების დაუყონებლივ განახლებისკენ მოუწოდეს.
თანათავმჯდომარეების განცხადებაში საუბარია ჟენევის დისკუსიების მიღწევებზე ბოლო ათი წლის მანძილზე და ნათქვამია, რომ „ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგის მთავარი საკითხები კვლავ გადასაწყვეტია“. „მაშინ როცა ძალის არგამოყენების პრინციპი ძირითადად დაცულია, ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმებისკენ და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯებზე მუშაობისკენ მიმართული ძალისხმევა არასრულყოფილია. მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემდგომი მუშაობაა საჭირო“, – ნათქვამია განცხადებაში.
თანათავმჯდომარეების თქმით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებსა და უფლებებთან დაკავშირებით კვლავ რჩება რიგი გამოწვევები. „სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვერ ხერხდება არსებითი დისკუსიები დევნილების და ლტოლვილების შესახებ ზოგიერთი მონაწილის მიერ შეხვედრების დატოვების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.
თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს კონსტრუქციული მიდგომისკენ მოუწოდეს, რაც „საშუალებას მისცემს ამ უნიკალურ ფორმატს, რომ საკუთარი მანდატი განახორციელოს“. „ამ ფორმატის ეფექტიანი გამოყენების ძირითადი პასუხისმგებლობა მონაწილეებს ეკისრებათ“, – განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 11-12 დეკემბერს გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)