28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოავლინა. არჩევნების მეორე ტურში, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში ჩატარდება, ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.
Civil.ge-მ არჩევნების პირველი ტურის შეფასება უცხოელ ექსერტებს სთხოვა. ჩვენს კითხვებს ლინკოლნ მიტჩელი, თომას დე ვაალი და ლუის ნავარომ უპასუხეს.
როგორ ფიქრობთ, რა იყო საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ფაქტორი და თქვენი აზრით, როგორ განვითარდება პროცესები მეორე ტურში?
ლინკოლნ მიტჩელი, პოლიტიკური მიმომხილველი:
არჩევნების პირველ ტურში, გრიგოლ ვაშაძემ კარგი და ჭკვიანური კამპანია ჩაატარა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ქართული ოცნება უჭერს მხარს, რეალურად არანაირი კამპანია ჰქონია. ვაშაძის ყურადღება კვლავ მიმართული იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ მმართველი პარტიის კრიტიკაზე და კამპანიის დღის წესრიგის ჩამოყალიბებაზე, ხოლო ზურაბიშვილმა ცოტა რამ გააკეთა იმისათვის, რომ ან ქართული ოცნების მიღწევებისკენ მიეპყრო ყურადღება, ან გაემყარებინა ის არგუმენტი, რომ ვაშაძის უკან რეალურად ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი დგას. ამის გათვალისწინებით, შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. მთავარი ფაქტორი აქ ის არის, რომ ქართული ოცნება ამჟამად არაპოპულარულია და საკმარისი დრო გავიდა 2012 წლიდან იმისათვის, რომ არჩევნები მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის არაპოპულარულობის გამო მათ ავტომატურად მოიგონ. მეორე ფაქტორი ის არის, რომ ქართული დემოკრატია ამჟამად საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ მეორე ტური ოპოზიციურმა კანდიდატმა მოიგოს.
მე პროგნოზებს არ ვაკეთებ იმის თაობაზე, ვინ მოიგებს მეორე ტურს, მაგრამ ვაშაძის გამოწვევაა, რომ პოტენციურად რთულად მართვადი ოპოზიციური კოალიციის ერთიანობა შეინარჩუნოს. როდესაც ვაშაძის და დავით ბაქრაძის მხარდამჭერები გაერთიანდებიან, ვაშაძეს ელექტორატის თითქმის 50% ეყოლება. ამას გარდა, ვაშაძე უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ამომრჩევლები მივლენ არჩევნებზე და იმავდროულად რაღაც დისტანცია შეინარჩუნოს სააკაშვილისგან. ქართულმა ოცნებამ უნდა გააფართოვოს ელექტორატი და საკუთარი, ნაკლებად მოწადინებული მხარდამჭერები, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 2016 წელს, არჩევნებზე მიიყვანოს. თუ ამას მოახერხებენ, ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. ერთი, რაც შეიძლება ვიფიქროთ ამ არჩევნების შესახებ არის ის, რომ თუ მას ვაიგივებთ როგორც არჩევნებს ვაშაძეს და ზურაბიშვილს შორის, ვაშაძეს რეალური შანსი აქვს რომ გაიმარჯვოს, ხოლო თუ სააკაშვილი უპირისპირდება ქართულ ოცნებას, ზურაბიშვილი ბევრად მომგებიან პოზიციაზე იმყოფება.
თომას დე ვაალი, კარნეგის ფონდის ევროპის ფილიალის უფროსი მკვლევარი:
მთავარი დასკვნა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან ის არის, რომ ქართულმა საზოგადოებამ შეინარჩუნა პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა და შესაძლებლობა, რომ უარი უთხრას მმართველ პარტიას. ამასთან, გამოჩნდა ისიც, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ მათ საშუალება მისცენ საკუთარი არჩევანი საარჩევნო ყუთთან გააკეთონ. ეს არჩევნები დიდი წარუმატებლობაა ქართული ოცნებისა და კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისთვის. მან, შესაძლოა, საკუთარი გავლენა დაკარგოს, ხოლო ძალაუფლების ის აურა, რომელიც მის პარტიას ბოლო ექვსი წლის მანძილზე ჰქონდა, საკმაოდ დაზიანდა. ამის მანიშნებელია, რომ პარტია „სამოქალაქო ომის“ საფრთხეს იყენებს ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზაციისთვის. სავარაუდოდ, მას პოზიტიური დღის წესრიგი აკლია. ვვარაუდობ, რომ გრიგოლ ვაშაძე მეტ ოპოზიციურ ხმას მიიღებს და მეორე ტურს მოიგებს.
თუმცა, დასანანია, რომ ქართული პოლიტიკა მხოლოდ ორპარტიულ წარმოდგენად, შეიძლება ითქვას, ორ ადამიანს შორის წარმოდგენად რჩება. ეს არჩევნები საპარლამენტო არჩევნებში რომ გადავიტანოთ, მივიღებდით იმავე ორი პარტიის დომინირებას პოლიტიკურ არენაზე. იმედი შეგვიძლია ვიქონიოთ, რომ დემოკრატიის ეს ჯანსაღი გამოვლინება სხვა პარტიებსაც გამოაცოცხლებს და არა მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
ლუის ნავარო, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი:
ურბანული საზოგადოება, რომელმაც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლაში მთავარი როლი ითამაშა, ქართული ოცნების მმართველობის პროგრესის ტემპითა და შედეგებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. ისინი მკაფიოდ ხედავენ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას გამოუცდელ ლიდერებზე, რათა მისი არაფორმალური მმართველობა უზრუნველყონ.
ნაციონალური მოძრაობა სერიოზულ შეცდომას უშვებს, თუ სჯერა, რომ მათი საქმიანობა საზოგადოების სურვილს ასახავს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება იხილონ ფორმალურ ან არაფორმალურ მმართველობაში. მათ უნდა აჩვენონ, რომ მათ მომავლის ხედვას არაფერი ექნება საერთო მათ წარსულთან და ქართულ ოცნება/ბიძინა ივანიშვილთან. ჩვენ დავინახავთ, რამდენად შორს წასვლა სურს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს ქონების, ადმინისტრაციული რესურსების და მედიააქტივის დაგროვების საქმეში, არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმასთან ერთად, რათა თავიდან აიცილონ იმ თანამდებობის დაკარგვა, რომელიც ფაქტობრივად ფორმალური გახადეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)