Site icon Civil.ge

გრიგოლ ვაშაძემ წინასაარჩევნო კამპანია განაახლა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ წინასაარჩევნო კამპანია განაახლა, ფოტო: კადრი გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური გვერდის ვიდეოდან

გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება დაიწყო და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები 4 ნოემბერს ქუთაისიდან განაახლა.

მოსახლეობასთან დაახლოებით ერთ საათიანი შეხვედრა ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა და მას გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი სუბიექტების გარდა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და ევროპული საქართველოს წევრებიც ესწრებოდნენ.

შეკრებილებს სიტყვით გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიმართა და ამომრჩეველს იმ რეფორმებზე ესაუბრა, რომლის გატარებასაც ის გაპრეზიდენტების შემთხვევაში გეგმავს.

პოლიტიკური სისტემის ცვლილება

გამოსვლაში გრიგოლ ვაშაძემ ყურადღება პოლიტიკური სისტემის ცვლილებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ არსებული სისტემა „არაფერს დაბადებს, გარდა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისა“. მისივე შეფასებით, „ჩვენ გვჭირდება, მრავალპარტიული, პროდასავლური, პროფესიონალებით დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობა, სადაც ყველა ადამიანს ეცოდინება თავისი საქმე და არავინ იქნება ბიძაშვილ-მამიდაშვილობით არჩეული“.

ვაშაძემ არსებული საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას, ასევე კოალიციური მთავრობის ფორმირების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

მანვე საარჩევნო სიების მოწესრიების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნდობა საარჩვენო სიებისადმი“. მისივე თქმით, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დაინერგება ხმის მიცემის ელექტრონული ესტონური მოდელი, რომელიც შემდეგ მთელ საქართველოზე გავრცელდება. „ეს სპობს თითქმის 100 %-იანად გაყალბების ყველანაირ საშუალებას“, – განმარტა გრიგოლ ვაშაძემ.

სასამართლო და სამართალდამცველი სისტემის რეფორმა

გრიგოლ ვაშაძემ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სასამართლო და სამართალდამცველი სისტემის რეფორმირება დაასახელა. მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ადამიანის უფლებათა პალატა უნდა შეიქმნას და სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს „იუსტიციის საბჭოს და იუსტიციის სკოლის რეფორმა“.

ვაშაძის თქმით, საქართველოში „ერთხელ და სამუდამოდ“ მოისპობა „პოლიტიკური პოლიციის“ მახინჯი გადმონაშთი, რასაც „კუდი [კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი] და სუსი [სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური]“ ჰქვია და აქ დასაქმებული „მაღალი კლასის პროფესიონალები“ კონტრდაზვერვაში უნდა გადავიყვანოთ.

მანვე პროკურატურის რეფორმირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის დასახელება სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების პრეროგატივა უნდა გახდეს. იგივე ინიციატივა გააჟღერა მან გენერალურ აუდიტორთან მიმართებითაც.

უშიშროების საბჭო

გამოსვლაში საპრეზიდენტო კანდიდატმა უშიშროების საბჭოს აღდგენის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „საქართველოს გეოპოლიტიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნას უფლება არ აქვს, რომ არ ჰქონდეს უშიშროების საბჭო, რომელიც უნდა იყოს მაკოორიდინერებელი ორგანო და გარანტიები მისცეს საზოგადოებას და სახელმწიფოს უსაფრთხოების“.

ნარკოპოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ სიტყვაში ნარკოპოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. „კონსტიტუციაში შევიტანთ შესწორებას, რომ საქართველო არასდროს არ გახდეს ნარკოპლანტაცია და საქართველოს ხელისუფლება არასდროს გახდეს ნარკობარიგა“, აღნიშნა მან.

ვაშაძემ არსებულ „რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზეც„ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უამრავი ახალგაზრდა დღემდე იხდის სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის“. „პირველსავე დღეს, როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას შეძენა, შენახვა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის, ვინც დღეს კიდევ ციხეშია“, – განაცხადა ვაშაძემ.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიადტმა გრიგოლ ვაშაძემ კი 37.74 %.

არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი გზით ირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)