Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება

ერეკლე მეორის სასახლე თელავში, ფოტო: telavi.gov.ge-ის Facebook-ის გვერდი

ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს ქალაქ თელავში გაიმართება.

ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება 5 დეკემბერს გაასაჯაროვა. მანამდე მედიაში ინაუგურაციის ორ შესაძლო ადგილად ფოთი და თელავი განიხილებოდა.

ინაუგურაციის ადგილმდებარეობა 5 დეკემბერს მედიასთან საუბარში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციის გზით მიიღეს. მისივე თქმით, საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად კომისია შეიქმნება.

ლაშამ ჟვანიამ, რომელიც, სავარაუდოდ, პრეზიდენტის მომავალ ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თელავში ინაუგურაციის ჩატარებით, ზურაბიშვილმა კამპანიის დროს გაჟღერებული გზავნილი დაადასტურა, რომ „პირველ რიგში, ის იქნება რეგიონების პრეზიდენტი და რეგიონებს მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას“.

კითხვაზე უკავშირდება თუ არა ინაუგურაციის ადგილად თელავის შერჩევა ზურაბიშვილის მიერ ამ ქალაქში მეორე ტურის წაგებას, ჟვანიამ უპასუხა: „არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)