Site icon Civil.ge

ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

ფოტო: cesko.ge

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით კვლავ მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია აირჩიეს. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სულ სამი კანდიდატი იყო წარდგენილი.

თამარ ჟვანიას მხარი კომისიის 8 წევრმა და დაუჭირა, ერთი ხმა კი, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბოჟაძემ მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კვლავ თამარ ჟვანია უხელმძღვანელებს. არჩეული კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია პარლამენტს გადაეგზავნება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს მეორე ვადით ირჩევენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, თავად თამარ ჟვანიას დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და კანონმდებლობით მინიჭებული ხმის უფლებით არ უსარგებლია. მისივე თქმით, კომისიის დღევანდელ სხდომას ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს კვოტით არჩეული წევრები – დავით კირთაძე და დავით გურგენიძე არ ესწრებოდნენ. საარჩევნო კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრება ორი დღის ვადაშია შესაძლებელი.

დავით კირთაძემ დღეს, სხდომის დაწყებამდე, სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის საკითხი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და ის „ფორმალურ“ პროცესი მონაწილეობას არ მიიღებდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია 12 წევრისგან შედგება, მათ შორისაა ცესკოს თავმჯდომარეც.
  • კომისიის ექვსი წევრი პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებით არის დაკომპლექტებული. აქედან 3 წევრი ქართული ოცნების მიერ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსის კვოტით კი, თითო-თითო წევრია დანიშნული.
  • კომისიის ხუთი წევრი საარჩევნო ადმინისტრაციის სერტიფიცირებული თანამშრომლები არიან, რომლებსაც პარლამენტი ნიშნავს. ცესკოს თავმჯდომარეს ასარჩევად კი, კომისიის წევრების 2/3-ის (8 ხმა) მხარდაჭერაა საჭირო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატურები, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ, 21 დეკემბერს დაასახელა. შეხვედრას არ ესწრებოდნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ (TI) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენლები. ორივე ორგანიზაციაში პროცესის ფორმალურობას გაუსვეს ხაზი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)