Site icon Civil.ge

კობახიძე საფრანგეთში სენატის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე და ჟერარ ლარშე, ფოტო: facebook.com/KobakhidzeOfficial

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 14-16 იანვარს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობს. დღეს ის საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კობახიძემ და ლარშემ ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და საქართველოსა და საფრანგეთს შორის „დინამიკური და აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი“.

შეხვედრის შემდეგ, კობახიძემ აღნიშნა, რომ მან და მისმა ფრანგმა კოლეგამ თანამშრომლობის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ასპექტები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები განიხილეს.

თავის მხრივ, სენატის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის პარლამენტებსა და მთავრობებს შორის თანამშრომლობას.

ვიზიტის ფარგლებში, კობახიძე ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს რიჩარდ ფერანს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება. ასევე დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)