პირველი რესპუბლიკის დროინდელი ტფილისის 10 ფანტასტიკური კაფე-რესტორანი

გრიგოლ რობაქიძე წერდა: “ტფილისი უცნაური ქალაქია, 1919-1920 წლებში კიდევ უფრო გაუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ. სცენიდან გაისმოდა კაჩალოვის ხმა. ტფილისშივე იყო ხუდოტოვი, სცენიდან მისი ხმაც ისმოდა. კომპოზიტორი ჩერეპინი კაფეში შედიოდა მთვრალი და ნაღვლობდა რუსეთზე. მხატვარი სერგეი სუდოიკინი რესტორანს ხატავდა, რომელსაც ქართველმა პოეტებმა “ქიმერიონი” დაარქვეს. სუდოიკინმა მართლაც აავსო რესტორანი ქიმერებით. მხატვარ საველი სორინს ყელმოღერებულ თავადის ასულების პროფილები ტილოზე გადმოჰქონდა, ლამაზი, მეტად ლამაზი ხაზებით… ვინ არ იყო მაშინ ტფილისში.”

ამ მცირე ჩანახატში პირველი რესპუბლიკის დროინდელ კაფე-რესტორნებზე მოგიყვებით. შევარჩიეთ 10 კაფე-რესტორანი, რომლებიც გამორჩეულნი იყვნენ მაშინდელ ტფილისში. ცხადია, ამ ათეულს გარდა კიდევ უამრავი კაფე, რესტორანი თუ თავშეყრის ადგილი იყო პირველი რესპუბლიკის დედაქალაქში. მაშ ასე,

1. რესტორანი “ანონა” /”ქიმერიონი”

დღევანდელი რუსთაველის თეატრის, მაშინ კი “საარტისტო საზოგადოების შენობის ისტორიაში” მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რესტორან “ანონას”, რომლის მესაკუთრეც ვინმე ი. ტ. ბონდარენკო ყოფილა. მანანა თევზაძის მიხედვით, რესტორანი 1905 წელს, უპოვართათვის საქველმოქმედო სასადილოდ, მისი საიმპერატორო დიდებულების, ელისაბედ მავრის ასულის ლოცვა-კურთხევით გახსნილა.

“ანონას” რეკლამებს პირველი რესპუბლიკის დროინდელ პრესაშიც იხილავდით, მაგალითად, ტფილისის გერმანული გაზეთი Kaukasische Post-ში დაბეჭდილი ეს რეკლამა იუწყებოდა, რომ “ანონაში” კონცერტის მოსმენის პარალელურად ევროპული და აზიური სამზარეულოს დაგემოვნება შეგეძლებოდათ.


ასეთი ყოფილა რესტორან “ანონას” ინტერიერი

1919 წელს ქართველ მწერალთა კავშირმა ქალაქის გამგეობისაგან რესტორანი შეიძინა და იქ კაფე-რესტორან-კლუბი სახელად “ქიმერიონი” მოაწყო. მწერალთა კავშირის საბჭოს ათი სხდომა მოუნდომებია, რათა კაფესათვის სახელი დაერქმიათ. “ქიმერიონი” ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსიდან აუღიათ. ქიმერიონის კედლებს ბევრი გამოჩენილი მხატვრის მხატვრობა ამშვენებდა, მაგალითად, გუდიაშვილის, სუდეიკინის თუ თოიძეების.

“ქიმერიონი” მაშინდელი ხელოვანებისათვის მნიშვნელოვან თავშეყრის ადგილას იქცა. აქ გადაუხდია ქორწილი გიორგი ლეონიძეს. მკვლევრები ამბობენ, იქაურობა ახალი ქართული კულტურის ტაძრად გადაიქცაო.

2. კაფე-რესტორანი CAFE DE L’OPERA

მაშინდელი სახაზინო თეატრის, დღეს კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სკვერში იპოვიდით Cafe de l’Opera-ს. 1918 წლის 13 აგვისტოს გაზეთი “საქართველო” იუწყებოდა კაფე-როსტორნის გახსნას. რაც რეკლამაში თვალშისაცემია, კაფე-რესტორნის მიზანია, წმინდა შემოსავლის 10% განათლებისათვის გადაეცა. ალბათ, ხელოვნების მოტრფიალე ტფილისელებს არც სიმებიანი ორკესტრი და პლასტიკური ცეკვა დატოვებდა გულგრილებს.

საინტერესოა, დღეს თუ მოიძებნება თბილისში კაფე-რესტორანი შემოსავლის ნაწილს განათლებას ახმარდეს?

3. ინგლისური რესტორანი ვაკეში

თბილისთან ახლადშემოერთებულ ვაკეში, მაშინდელი წყნეთის ქუჩაზე, ანუ დღევანდელ ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მდებარეობდა ინგლისური რესტორანი. ვაკეში ინგლისური რესტორნის რეკლამას ვხვდებით ელისაბედ ორბელიანის თაოსნობით გამოცემული ინგლისურენოვანი გაზეთის “The Georgian Messenger”-ის 1919 წლის 25 მაისის ნომერში:

რეკლამა იუწყება, რომ 24 მაისს 6 საათიდან რესტორანში ორკესტრი დაუკრავდა, ხოლო 25 მაისს 3 საათიდან ორკესტრთან ერთად წარმოდგენას გამართავდა სამხედრო ბენდიც. არ დაგავიწყდეთ, რომ 26 მაისს, 1919 წელს, რესპუბლიკა პირველ იუბილეს აღნიშნავს. ალბათ, განწყობაც განსაკუთრებით საზეიმო უნდა ყოფილიყო ქალაქში.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დამარცხებული გერმანელების ჯარები საქართველოში ინგლისელებმა ჩაანაცვლეს, სავარაუდოდ ამას უნდა უკავშირდებოდეს ინგლისურენოვანი გაზეთის გამოცემაც, “ინგლისური ჰოსპიტლის” არსებობაცა და ინგლისური რესტორნის გახსნაც თბილისში. ქართველებს სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ კარგი ურთიერთობები ინგლისელებთან.

4. რესტორანი “საქართველო” (ყოფილი “ამირანი”)

1918 წლის 14 ივლისს, პუშკინის ქუჩაზე, ძველი სემინარიის შენობაში გაიხსნა რესტორანი “საქართველო”. რესტორანში ევროპულ და აზიურ სამზარეულოს სთავაზობდნენ ტფილისელთ. აკეთებდნენ გემრიელ საჭმელებს, განსაკუთრებით კი საცივს, ჩახოხბილს, ხარჩოსა და ღომსო, როგორც რეკლამა იუწყებოდა. რესტორანში უკრავდა სიმებიანი ორკესტრი და თარი.

გაზეთ “საქართველოს” 1919 წლის 11 ნოემბრის ნომერში რესტორან “საქართველოს” რეკლამაში რესტორნის დირექციად ბოლქვაძე და შმიდტი არიან მითითებულნი. რესტორანს მეთვალყურედ ცნობილი მზარეული ვინმე ვანო ჰყოლია მოწვეული.

5. საჩაიე “ძმური ნუგეში”

1910-იანი წლების შუახანებში ტფილისში პოეტმა დომინიკა ერისთავმა (ფსევდონიმით განდეგილმა) დააარსა სალონი-საჩაიე ძმური ნუგეში. სალონი-საჩაიეს დაარსებამდე დომინიკა იყო “ქართველ ქალთა საზოგადოების” ერთ-ერთიუმთავრესი სულისჩამდგემლიც. სწორედ ამ საზოგადოების საქველმოქმედო მიზნების ასრულების ფინანსური უზრუნველყოფისათვის განდეგილმა და მისმა თანამოაზრეებმა ჩამოაყალიბეს “ძმური ნუგეში”, სადაც მაშინდელი კულტურული ელიტის წარმომადგენლები იყრიდნენ თავს.

1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებამდე ხანებში ხშირად შეხვდებოდით “ძმურის ნუგეშის” რეკლამას გაზეთ “საქართველოს” ფურცლებზე. საჩაიე “საქართველოს” ფინანსურად დასახმარებლად მართავდა მხატვრულ კაბარეებს.

კაბარეში მონაწილეობდნენ ვერიკო ანჯაფარიძე და სხვა გამოჩენილი ხელოვანები. კაბარეს ცნობილი ცისფერყანწელი პოეტი პაოლო იაშვილი უძღვებოდა. 1919 წლის 26 იანვრის კაბარეს დროს საჩაიეს თბილისის გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძის ნებართვაც კი მიუღია, ღამის 3 საათამდე გაეგრძელებინათ წარმოდგენა. მოგეხსენებათ, მაშინდელი რთული პირობების გამო, ღამით გარეთ ყოფნა შეზღუდული იყო, ამიტომ გვიანობამდე გასაგრძელებელ წარმოდგენებზე გენერალ-გუბერნატორი საგანგებოდ იძლეოდა ნებართვებს.

6. კაფე “პარიზი” სასახლის ქუჩაზე

სასახლის ქუჩაზე, ანუ დღევანდელი რუსთაველის გამზირის დასაწყისში, სადღაც ამჟამინდელი გალერია თბილისის წინ, 1919 წლის 14 მარტს გაიხსნა კაფე-რესტორანი პარიზი. პარიზი პირველი ხარისხის რესტორანი ყოფილა, რომელიც “საქართველოს” გვერდებზე განთავსებული რეკლამა როგორც გვეუბნება, თავს იწონებდა “აზიზი საჭმელებით”. კაფეში გაუხსნიათ საგანგებო ყავა-ხანა.

აზიზი საჭმელები გვაქვს როგორც საქართველოს ყველა კუთხისა, ასე “ევროპიულიო”, ამცნობდა ტფილისელებს მეპატრონე გვათუა. “პარიზში” იმერელი მზარეულიც მოუწვევიათ. სურსათი “უაღრესი ღირსებისააო”, საუზმე-სადილი-ვახშმები კი მხოლოდ კარაქზე მზადდებაო – მადისაღმძვრელია, არა? თან როცა მსახურთა პროცენტის გადახდას თავად რესტორანი იღებდა თავზე.

7. “არგონავტების ნავი”

იმ პერიოდის ტფილისის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კაფე “არგონავტების ნავი” გახლდათ. “არგონავტების ნავი” რუსთაველის 16-ში მდგარი ოფიცერთა სახლის სარდაფში მდებარეობდა. კაფეში თავს იყრიდნენ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციას გამოქცეული რუსი პოეტები: გოროდეცკი, რაფალოვიჩი, კომპოზიტორი ჩერეპინი, კორონა, ჟურნალისტი იაკობ ლვოვი. კაფე იმითაც იყო გამორჩეული, რომ იგი ლადო გუდიაშვილმა, კირილე ზდანევიჩმა და ყაჟბეუქ-მელიქოვმა მოხატეს.

ზდანევიჩის მოხატული პანო, რომელიც კარგა ხანს დაკარგულად მიიჩნეოდა, სულ ახლახან გაანადგურეს. აქტივისტების მცდელობის მიუხედავად, ზდანევიჩის მხატვრობა ვერ შენარჩნდა – ახლა თბილისის ამ ერთ-ერთი უგამორჩეულეს კაფეს მხოლოდ ფეისბუკზე ან რამდენიმე ინტერნეტსაიტზე განთავსებული ფოტოებითღა თუ გავიხსენებთ.

ფოტო ფეისბუქიდან – “არგონავტების ნავი”

8. სასადილო “იმედი”

იმდროინდელი ტფილისის კიდევ ერთი ცნობილი რესტორანი/სასადილო იყო “იმედი”, რომელიც ძველი სემინარიის შენობაში, პუშკინის ქუჩაზე მდებარეობდა. სადაილოში დააგემოვნებდით ქადებს, ხაჭაპურებსა და ბუტერბროდებსაც კი. სასადილოს სათავეში ედგა “ქალთა წრე”.

სასადილოში თურმე “ინტიმური საღამოებიც” იმართებოდა. კაბარე საღამოს 9-ზე იწყებოდა და ღამის 3-მდეც კი გრძელდებოდა. მოკლედ, შეიძლება ითქვას, თბილისის ღამის ეკონომიკას მინიმუმ საუკუნის ისტორია აქვს.

9. “კარა ლიდო” ერევნის მოედანზე (თავისუფლებაზე)

დღევანდელ თავისუფლების მოედანზე, ანუ მაშინდელ ერევნის მოედანზე მდებარეობდა პირველი კლასის რესტორანი “კარა ლიდო” (ყოფილი “სოკოლნიკი”). კარა ლიდოში” დააგემოვნებდით აზიურ და ევროპულ სამზარეულოს. რესტორანში უკრავდა ორკესტრი სოლისტ-მევიოლინე შლიფერის ხელმძღვანელობით. რესტორნის რეკლამას ვხვდებით გაზეთ “ბორბას” 1919 წლის მე-6 ნომერში:

10. “26 მაისი” რუსთაველზე

1919 წელს მაშინდელ რუსთაველის 24-ში, ანუ დღევანდელ 30 ნომერში გახსნილა კაფე-რესტორანი “26 მაისი”. კაფე-რესტორნის რეკლამა, განთავსებული გაზეთ “ბორბას” 1919 წლის 25 დეკემბრის ნომერში აუწყებდა ტფილისელებს, ჩვენთვის ყოველი სტუმარი ღვთისააო. რესტორნის ადმინისტრაცია სტუმრებს საღამოობით სიმფონიური ორკესტრის მოსმენას სთავაზობდა, რომელსაც მაესტრო გაჯინი ხელმძღვანელობდა.

შეჯამების მაგიერ

მართალია, პირველ რესპუბლიკას მთელი არსებობის განმავლობაში მძიმე ბედი ხვდა წილად და დიდად დალხენილი ყოფა არც დედაქალაქ ტფილისში ყოფილა, მაგრამ ამის მიუხედავადაც, ქალაქში უამრავი კაფე, რესტორანი, სალონი, საჩაიე მოქმედებდა. ბევრი მათგანი საქველმოქმედო საქმიანობასაც მისდევდა. კაფეები წარმოადგენდა ქართული კულტურის და არამარტო მოღვაწეთა თავშეყრის ადგილებს.

ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, ცხადია, კიდევ არაერთი შესანიშნავი კაფე და რესტორანი ამშვენებდა დედაქალაქის ქუჩებს. გასახსენებლად კაფე “ინტერნაციონალიც” გვეყოფოდა. სწორედ კაფე “ინტერნაციონალში” პოეტებმა ტფილისი პოეზიის დედაქალაქად გამოაცხადესო, წერდა გრიგოლ რობაქიძე.

მართლაც, კიდევ ბევრია მოსაყოლი პოეზიის დედაქალაქის კაფე-რესტორნებზე. მომავალში “რესპუბლიკა 100” კვლავაც დაუბრუნდება ტფილისის კაფეებს, ყავახანებს, საჩაიეებს, რესტორნებსა და სასადილოებს.