Site icon Civil.ge

გედევან ფოფხაძემ ქართული ოცნება დატოვა

გედევან ფოფხაძე, 25 თებერვალი, 2019, ფოტო: კადრი რადიო თავისუფლების ვიდეოდან

ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მმართველი უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ მან ოფიციალურად 25 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მან ფრაქციის, უმრავლესობისა და პარტიის დატოვების შესახებ განცხადებები უკვე დაარეგისტრირა.

ფოფხაძემ მისი პარტიიდან წასვლის მთავარ მიზეზებად გუნდის მხრიდან გარკვეული საკითხების შესახებ, განსხვავებული ხედვების საჯაროდ გამოხატვის შეზღუდვა და ქართული ოცნების ნაციონალურ მოძრაობასთან ღირებულებითი დაახლოება დაადასახელა.

„როდესაც რაღაც საკითხზე გადაწყვეტილებას ვღებულობთ და არსებობს განსხვავებული აზრი მასთან დაკავშირებით, ეს განსხვავებული აზრიც უნდა გაჟღერდეს და საზოგადოებამ გაიგოს“, – განაცხადა მან.

დეპუტატის განცხადებით, მას აქამდეც ჰქონდა იმის განცდა, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით, პარტიაში მისი რესურსი იწურებოდა, მაგრამ „ახლა უკვე მგონია, რომ ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა“.

ფოფხაძემ ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესებში ბიძინა ივანიშვილის როლზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის ამ დავაში არის არა მედიატორი, არამედ მხარე, რაც საერთო პროცესისთვის „არის ძალიან ცუდი“.

„ჩვენ ვერ შევთანხმდით [ივანიშვილთან] მთავარ საკითხზე, რა განსხვავებული აზრიც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ უნდა გვქონდეს უფლება, ამ განსხვავებული აზრის თაობაზე ქართველ ხალხს ველაპარაკოთ“, – განმარტა დეპუტატმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ მას დამოუკიდებლობის ის ხარისხი სჭირდება, რაც საშუალებას მისცემს, რომ იმაზე ილაპარაკოს რისიც „სწამს“.

ფოფხაძის შეფასებით, ქართული ოცნების შიგნით ჩამოყალიბდა „მორჩილი უმრავლესობა“, რომელიც თავისი პოზიციებით ქართული ოცნების „ნაციონალიზაციას“ უწყობს ხელს, როგორც პერსონალურ დონეზე, ისე ღირებულებითი სისტემის ნაწილში.

„რეალობა დღეს ისეთია, რომ მიდის ქართული ოცნების ნაციონალიზაციის პროცესი როგორც პერსონალურ, ისე ღირებულებით დონეზე… ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ გვაწყობს ნაციონალების პროკურორები, მოსამართლეები, ჩინოვნიკები“, – აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ ამან საბოლოო ჯამში, ის შედეგი გამოიღო, რომ „ქართული ოცნება თავის პრინციპებს და ღირებულებებს“ დაშორდა.

დეპუტატმა, მოსახლეობასა და მმართველ გუნდს შორის გაჩენილ ბზარზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მისივე თქმით, განსაკუთრებით ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ნათლად გამოჩნდა.

„ჩვენ ვუთხარით [მოსახლეობას] მეორე ტურში, რომ შევიცვლებით უკეთესები გავხდებით… მეორე ტურს ეს არ მოჰყვა. დაიწყო კიდევ უფრო დიდი ბზარის გაჩენა საზოგადოების წინაშე და ხალხმა დაინახა, რომ ის დაპირება იყო ძალიან დიდი ტყუილი. მე არ მინდა, რომ ამ ტყუილის თანამონაწილე ვიყო“, – აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ „დღეს სამთავრობო გუნდის დემოკრატიის ხარისხი არის განულებული“.

მმართველ გუნდში უთანხმოება და პოლიტიკური კრიზისი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობით, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიწყო. საბოლოოდ ქართული ოცნებიდან წასვლის შესახებ უკვე ოთხმა დეპუტატმა განაცხად. შედეგად ოცნება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)