Site icon Civil.ge

საქართველო აშშ-ის 2018 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლოგო

უსაფრთხოების ძალების მიერ გაუმართლებელი მკვლელობის შესახებ ბრალდებები, საოკუპაციო ხაზზე განხორციელებული თვითნებური დაკავებები, სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობა და ლგბტ თემის მიმართ გამოთქმული მუქარა იმ ძირითად პრობლემებს შორის არის დასახელებული, რომელთაც აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში ჰქონდა ადგილი.

47-გვერდიანი ანგარიში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა 13 მარტს გამოაქვეყნა, 2018 წლის მოვლენებს ასახავს და ძირითადად მედიის, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ 2018 წელს ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ არსებული ბრალდებების გამოსაძიებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა ხარვეზები მაინც რჩებოდა. დოკუმენტში ამგვარ ხარვეზებს შორის დასახელებულია 2017 წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და აზერბაიჯანისთვის გადაცემის თაობაზე „ანგარიშვალდებულების ნაკლებობა“.

„ხელისუფლებამ 2017 წლის მაისში ოფიციალური პირების მიერ აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეაჩერა. კვლავ რჩება წუხილები იმის თაობაზე, რომ თბილისიდან მუხთარლის გაუჩინარებასა და საქართველოსთან საზღვარზე აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მის დაკავებაში საქართველოს ხელისუფლებაც მონაწილეობდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მართალია, სამოქალაქო ხელისუფლებამ თავდაცვის სამინისტროზე ეფექტიანი კონტროლი შეინარჩუნა, თუმცა „არსებობდა გარკვეული მინიშნებები, რომ ზოგჯერ ისინი ვერ ახორციელებდნენ ეფექტურ კონტროლს“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე.

ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების მექანიზმების ეფექტიანობა, რომ გამოიძიონ და დასაჯონ სამართალდამცველები და უსაფრთხოების ძალების წარმომადგებლები ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო, „შეზღუდულია“ და რომ საშინაო და საერთაშორისო დონეებზე წუხილები ამასთან დაკავშირებით კვლავ რჩება.

ანგარიშის თანახმად, არსებობდა ბრალდება, ხელისუფლების ან მისი წარმომადგენლების მიერ გაუმართლებელი მკვლელობის თაობაზე და სულ ცოტა ერთი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „დე-ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში თვითნებური ან უკანონო მკვლელობა“ ჩაიდინეს – თემირლან მაჩალიკაშვილის და არჩილ ტატუნაშვილის საქმეები.

რაც შეეხება სასამართლოებს, დოკუმენტში საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის შესახებ გაკეთებულ მინიშნებებზე, ასევე გამოთქმულია „წუხილები“, რომლებიც მოსამართლეების პროფესიონალიზმის და მათი გადაწყვეტილებების გამჭირვალობის თაობაზე გაკეთდა. „მოსამართლები პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ექცეოდნენ როგორც სასამართლო სისტემის შიგნიდან, ისე გარედან“, – ნათქვამია ანგარიშში.

პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ „დამოუკიდებელი მედია ძალიან აქტიური იყო და განსახვავებულ შეხედულებებს გამოხატავდა“. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვამ და 2017 წელს სამი ტელევიზიის გაერთიანებამ „შეამცირა მედია პლურალიზმი და გაზარდა მედია საშუალებების კონცენტრაცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ“.

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს იშვიათად ჰქონდა ადგილი დანაშაულებს მედია პროფესიონალების და მედია საშუალებების წინააღმდეგ, თუმცა „ასეთი ძალადობის სულ ცოტა სამი შემთხვევის შესახებ მაინც გავრცელდა ინფორმაცია“, მათ შორის ერთი „რუსთავი 2“-ის წამყვანს, გიორგი გაბუნიას ეხებოდა.

ანგარიშში ასევე საუბარია პოლიტიკური ძალადობის შესახებ, რომლის თანახმადაც ანგარიშვალდებულება ამ დანაშაულებზე კვლავ პრობლემად რჩება და მათ შორის დასახელებულია „რიგი თავდასხმები ოპოზიციურ პოლიტიკოსებზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ“.

ანგარიშის თანახმად, „რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლება“ კვლავაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, „განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების უფლებებს, რომ ხმა მისცენ და სხვამხრივ მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, ფლობდნენ ქონებას, დაარეგისტრირონ ბიზნესი და იმოგზაურონ“.

დოკუმენტის თანახმად, მაშინ როდესაც დაახლოებით 300 000 დევნილის უმეტესობას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან არ მიეცა საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება, ისინი, ვინც აფხაზეთში ცხოვრობენ, „ფუნდამენტური უფლებებით ვერ სარგებლობენ“.

ანგარიშში სხვა პრობლემებიცაა გაშუქებული, მათ შორის, დისკრიმინაცია სამუშაო ადგილას, ოჯახში ძალადობა, გენდერული უთანასწორობა, ენასთან დაკავშირებული დაბრკოლებები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის, ასევე სისტემური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)