Site icon Civil.ge

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ უმრავლესობის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა 19 აპრილის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 31 კი – წინააღმდეგი იყო.

მოვლენების ქრონოლოგია

კანონპროექტის პლენარულ სესიებზე განხილვა, ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენისა და ვენეციის კომისიის მიერ კანონპროექტზე მომზადებული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. მმართველმა გუნდმა ცვლილებების პაკეტის განხილვა ჯერ 17 აპრილის სესიაზე სცადა, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტის ფონზე, იძულებული გახდა, რომ მოსმენა ერთი დღით გადაედო.

ოპოზიცია კანონპროექტის ინიციატორებისგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარედაქტირებულ დოკუმენტს ითხოვდა, რათა მათ წარმოდგენა ჰქონოდათ, თუ კონკრეტულად რომელი რეკომენდაციის გათვალისწინებას გეგმავდა მმართველი გუნდი.

საბოლოოდ, კანონპროექტზე მსჯელობა და მუხლობრივი განხილვა 18 აპრილს დაიწყო და ორ დღეს გაგრძელდა. „საერთო სასამართლეობის შესახებ“ კანონპროექტი კოლეგებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა ანრი ოხანაშვილმა გააცნო და განაცხადა, რომ წარმოდგენილ ვერსიაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებული იყო.

უფრო კონკრეტულად, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ ქართული ოცნება ერთგვარ „პოლიტიკურ კომპრომისზე“ წავიდა და უარი თქვა საკვალიფიკაციო გამოცდის არსებობაზე. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერესთა კონფლიქტის საკითხი მსჯელობისა და განსჯის საგანი გახდა, აქაც კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა გადაწყდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატია, მისი კონკურენტისთვის შეკითხვის დასმისა და მისი შეფასების უფლება აღარ ექნება.

„ჩვენ ოთხი თვის განმავლობაში მაქსიმალურად გამჭვირვავლე პროცესი წარვმართეთ, შევიმუშავეთ უპრეცედენტოდ დეტალური პროცედურა [მოსამართლეების შერჩევისა და შეფასების]“, – განცხადა ანრი ოხანაშვილმა და იქვე განმარტა, რომ მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა პროცესის ღიაობა და მისდამი საზოგადოების ნდობაა, რისთვისაც „ჩვენ გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა პრინცპული რეკომენდაცია“.

დეპუტატმა ყურადღება, ვენეციის კომისიის დასკვნის იმ ნაწილზეც გაამახვილა, სადაც იმაზეა საუბარია, რომ არსებულმა პარლამენტმა უზენასი სასამართლოს ნაწილის დაკომპლექტების შესაძლებლობა მომდევნო პარლამენტსაც უნდა დაუტოვოს და განმარტა, რომ ეს არის „პოლიტიკური კომპონენტია“ და რეკომენდაციების ძირითად ნაწილში არ შედის.

რაც შეეხება, კენჭისყრის ფარულობის შესახებ ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ და აქაც მმართველი გუნდი კომიიის 2014 წლის რეკომენდაციას დაეყრდნო, სადაც ვენეციის კომისია ამბობდა, რომ „ფარულობა არის წინგადადგმული ნაბიჯი პროცესის მაქსიმალურად დამოუკიდებლად წარმართვისთვის“. 

პოლიტიკური შეფასებები

პარლამენტში კანონპროექტის ორდღანი მუხლობრივი განხილვის შემდეგ, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებზე საკუთარი მოსაზრებები დეპუტატებმაც დააფიქსირეს. ოპოზიციის შეფასებით, მმართველი გუნდი, პროცესების ფორსირებულ რეჟიმში წარმართვას ცდილობს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების იმიტაციას ქმნის.

მათი შეფასებით, რელურად, ოცნების მიერ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კანონპროექტის არსებულ ვერსიაში იმგვარად არის ფორმულირებული, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მანევრირებისა და საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა კვლავაც რჩება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, „ტყუილი იყო ის, რომ ქართული ოცნება აპირებდა ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინებას მაინც“. „ეს იყო სრული ფარსი, წარმოდგენა, რომელიც თქვენ დადგით, იმისთვის, რომ საზოგადოებას აუხვიოთ თვალი. სინამდვილეში, ყველა ჩანაწერი, რომელიც გაკეთდება და რომელსაც თქვენ კენჭს უყრით, იქნება გამართლება იმისა, რომ იგივე სია შემოიტანოთ, ოდნავ განსხვავებული და დეტალურად გაწერილი პროცედურებით“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ, უფრო კონკრეტულად კი, ბიძინა ივანიშვილმა „წინა ხელისუფლების ყველაზე მანკიერი განსხეულება ლევან მურუსიძე“ შეისისხლხორცა. „ბიძინა ივანიშვილს ლევან მურუსიძე სჭირდება ყველაზე ბინძური საქმეებისთვის, სჭირდება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი და ამ კლანის მორჩილებაში მყოფი სასამართლო, მათ შორის, იმისთვის, რომ „გაუპრავოს“ მოპარული არჩევნები, როგორც ეს მოხდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს და თავს დაესხას დამოუკიდებელ ტელევიზიას და ხელში ჩაიგდოს ის“, – აღნიშნა დეპუტატმა.

რეკომენდაციების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, იგივე პოზიცია დააფიქსირა ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთარ კახიძემაც. მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტით არცერთი პრინციპული რეკომენდაციის გათვალისწინება არ ხდება. მათ შორის, კენჭისყრის ფარულობის გაუქმება და მოსამართლეების გარკვეული ნაწილის შერჩევის უფლებამოსილების მომდევნო პარლამენტისთვის დატოვება.

მისივე შეფასებით, დღეს ქართული ოცნება „სიმართლეს ვერ აცნობიერებს“ და „არასწორ მხარეს“ დგას. მანვე ქართული ოცნების წევრებს კითხვით მიმართა, თუ რატომ უკანონებენ ისინი სასამართლოს „ყველაფერზე ხელისმომწერ ხალხს“. „[სასამართლო] თქვენც ზუსტად ამ დაკვეთების [პოლიტიკური] შესასრულებლად გჭირდებათ. რომ დაუკვეთეთ, მიუსაჯეს მერაბიშვილსაც, ადეიშვილსაც, სააკაშვილსაც. თქვენც მოგისჯიან, ვისზეც ბატონი ბიძინა გადაწყვეტს და იტყვის, იმათ მოგისჯიან, იმიტომ, რომ ეს ხალხი ამ დაკვეთების შემსრულებელია“ – , განაცხადა კახიძემ.

საპირისპირო მოსაზრება აქვთ ქართულ ოცნებაში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპონენტებს „დრო აერიათ“, „არგუმენტები არ აქვთ“ და „ისტორიის გადაწერას“ ცდილობენ. ამასთან, „მათ უნდათ სასამართლოს გაჩერება და მეტი ინტერესი არ აქვთ“.

მდინარაძის განცხადებით, ოპონენტების მსჯელობა, რომ მმართველი გუნდი „არცერთ რეკომენდაციას ითვალისწინებს, არის ტყუილი. მისი განმარტებით, ინტერესთა კონფლიქტისა და საკვალიფიკაციო გამოცდის ამოღების შესახებ რეკომენდაციები სრულად არის გათვალისწინებული. რაც შეეხება, კენჭისყრის ფარულობას, მისთვის გაუგებარია, თუკი აღნიშული 2014 წელს იყო დადებითად შეფასებული, ახლა რატომ არის პრობლემა.

„იმ ჩანაწერზე, რომელიც რეკომენდაციების ძირითად ნაწილში საერთოდ ვერ მოხვდა, აპელირებთ იმიტომ, რომ ისევ და ისევ გავლენებზე ფიქრობთ. პოლიტიკური ნაწილის კანონპროექტში ასახვა არის შეუძლებელი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

სახალხო დამცველის შეფასება

პარლამენტში ორდღიანი განხილვებისა და პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, 19 აპრილს კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიასაც მოუსმინეს. ომბუდსმენის შეფასებით, პროცესი დაჩქარებულად მიმდინარებს, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებშიც არის საუბარი. მისივე თქმი, „ამ საკითხს უფრო მეტი დრო და განხილვა სჭირდება“.

სახალხო დამცველი საკვალიფიკაციო გამოცდის ამოღებასთან და ინტერესთან კონფლიქტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაზიარებას მიესალმა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ამ უკანასკნელს უფრო მეტი დაზუსტება სჭირდება. კერძოდ, „ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეობის კანდიდატი აბსოლუტურად დისტანცირებული უნდა იყოს კონკურსის გარშემო მიმდინარე პროცესებისგან და ეს არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ მან კენჭისყრაში არ მიიღოს მონაწილეობა’, – აშნიშნა ლომჯარიამ.

ის ფარული კენჭისყრის, უმაღესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებისა და გასაჩივრების შესახებ გაცემულ რეკომენდაციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს საკითხები „ორდღიანი მსჯელობის შემდეგ, გაუთვალისწინებელი დარჩა“.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ ყველა ის შენიშვნა, რომელიც მოსმენის დროს გამოითქვა, გათვალისწინებული იქნება და საბოლოო კანონში აისახება.

უზენაესი სასამართლოს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)