Site icon Civil.ge

სტრასბურგში „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილება გამოქვეყნდა

"რუსთავი 2"-ის ლოგო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ 18 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელშიც „დაუშვებლად ცნო“ „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სარჩელი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება), მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) და კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევას შეეხებოდა.

კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ არხს არ ჰქონდა საპროცესო უფლებუნარიანობა, რომ ძირითადი პროცესის, კერძოდ „რუსთავი 2“-ის აქციების საკუთრების დავის თაობაზე სარჩელი შეეტანა.

„პირს ან კომპანიას არ შეუძლია ჩივილი კონვენციის დარღვევის თაობაზე იმ სამართალწარმოების პროცესში, რომლის მხარესაც არ წარმოადგენს. „რუსთავი 2“ საკუთრების დავის ობიექტი უფრო იყო, ვიდრე სუბიექტი და ამიტომაც, ვერ ექნებოდა პრეტენზია წილის ფლობაზე“, – ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.

ევროპის სასამართლოს დღევანდელ განჩინებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ:

პრესრელიზის თანახმად, სასამართლომ „დაადგინა, რომ ერთის გარდა ყველა ბრალდება მიკერძოების შესახებ დაუსაბუთებელი, ან არადამაჯერებელია“. სასამართლომ „ერთხმად დაუშვებლად ცნო“ დარჩენილი საჩივრები, მათ შორის ბრალდებები, რომ „სამართალწარმოებას სახელმწიფო ხელმძღვანელობდა და მისი მიზანი ტელეკომპანიის გაჩუმება იყო“.

პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები სისტემატურად მოითხოვდნენ სამივე დონეზე სხვადასხვა მოსამართლის აცილებას, რათა მართლმსაჯულების აღსრულების პარალიზება მოეხდინათ, ხოლო ტელეკომპანიის დირექტორი უხეშად ესხმოდა თავს მედიის საშუალებით როგორც ადგილობრივ მოსამართლეებს, რომლებიც საკუთრების დავას განიხილავდნენ, ისე ზოგადად, საქართველოს სასამართლო სისტემას.

ამბის პრეისტორია

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2017 წლის 2 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო.

სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით, ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ საქმე 2 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და გადაწყვეტილება მოგვიანებით, იმავე დღეს მიიღო, რომლის თანახმადაც საკუთრების უფლება ქიბარ ხალბაშს მიაკუთვნა.

3 მარტს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერების თაობაზე. 7 მარტს კი, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2 მარტის განაჩენის აღსრულების დროებით შეჩერება „შემდგომ პროცედურებამდე“ გაეხანგრძლივებინა.

„რუსთავი 2“-ის უკვე ყოფილ მფლობელებს, მათ შორის, ძმებ გიორგი და ლევან ყარამანიშვილებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახლობლები არიან, ქიბარ ხალვაშთან, რომელიც არხს 2005-2006 წლებში ფლობდა, დიდი ხნის სასამართლო დავა აქვთ.

ტელეკომპანიამ მფლობელები ბევრჯერ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ხალვაშმა საკუთარი წილი გაყიდა და 91%-იანი წილის მფლობელები 2011 წელს ყარამანიშვილები გახდნენ. ხალვაშის თქმით, ყველა ეს გარიგება არაკანონიერი იყო და რომ ძმები ყარამანიშვილები ტელეკომპანიის ფორმალური მფლობელები არიან, რეალურად კი, მას ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი აკონტროლებს.

ტელეკომპანიამ, რომლის თქმითაც ხალვაშის სარჩელის უკან ქართული ოცნება დგას და მისი მიზანი არხის ხელში ჩაგდებაა, საქართველოში სამართლებრივი დავა სამივე ინსტანციაში წააგო.

„რუსთავი 2“ და ბევრი ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ სასამართლო დავა ხელისუფლების, კერძოდ კი – მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მცდელობაა, რომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალება გააჩუმოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)