საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დავით ზალკალიანმა და ზოჰრაბ მნაცაკანიანმა 24 ივლისს, თბილისში გამართულ შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებაზე იმსჯელეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ სომეხ კოლეგასთან „უაღრესად შინაარსიანი შეხვედრა“ ჰქონდა, სადაც ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი საკითხი, აგრეთვე მრავალმხრივი ფორმატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია იმ დადებითი, პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიური მიმართულებით ვითარდება“, – თქვა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის „მოწინავე პოზიციებს“ იკავებს და რომ ამ ქვეყნიდან ვიზიტორების ნაკადი „საგრძნობლად არის გაზრდილი“.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში ხაზი გაუსვა საქართველო-სომხეთის ორმხირივი ურთიერთობების დინამიკასა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ეს ზოჰრაბ მნაცაკანიანის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო საქართველოში. ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდა. 24 ივლისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, 25 ივლისს კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
ორი კვირის წინ მნაცაკანიანი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციასაც დაესწრო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)