ლატვია, ლიეტუვა და უკრაინა რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს ეხმაურებიან და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებენ.
„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული აგრესიის მე-11 წლისთავზე, კვლავ ვადასტურებ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – წერს ტვიტერზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი. მისივე თქმით, „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია და გაიყვანოს ჯარები“.
ტვიტერზე ეხმაურება „საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი აგრესიის“ მე-11 წლისთავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსიც. „რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციასა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. სამწუხაროდ, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, რასაც ყირიმი და დონბასი მოყვა. დაშოშმინების პოლიტიკა არასდროსაა გამოსავალი“, – წერს ლინკევიჩიუსი.
აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ „ურყევ მხარდაჭერას“ ადასტურებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
„ვიზიარებთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საჭიროებას და მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, განაგრძოს „კონსოლიდირებული ზომების“ გატარება იმ სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად, რომლებიც „რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაზარალდნენ“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)