Site icon Civil.ge

აშშ შეწუხებულია საქართველოში მიმდინარე „ბორდერიზაციით“

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ამერიკის შეერთებული შტატები „შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობეების მონტაჟის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მახლობლად“ და მოითხოვს „ახალი ღობეებისა და სხვა ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივ შეჩერებას“.

21 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა თქვა, რომ „ბორდერიზაციის პროცესი განურჩევლად და არაპროპორციულად აისახება ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ სამოქალაქო პირებზე, აშორებს რა მათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ოჯახებს, საარსებო წყაროებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია; გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და შეუზღუდავი წვდომა მისცეს ჰუმანიტარულ დახმარებას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით მკაფიოდ განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ორტაგუსმა.

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „ბორდერიზაციის“ პროცესი 2019 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავზე დაიწყეს და ამ დრომდე აგრძელებენ.

თბილისმა „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი დაგმო. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას ადგილზე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებიან. ვითარების ადგილზე გასაცნობად, რამდენიმე დღის წინ სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

ბოლო დღეებში, სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე „ბორდერიზაცია“ დაგმეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრიჩეკმა, ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა, ასევე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)