ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მდებარე სოფელ წნელისის სიახლოვეს ქართული საპოლიციო პოსტის მოწყობას ეხმაურება და მხარეებს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 30 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ თვალს ადევნებს საოკუპაციო ხაზთან სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ ცნობებს და მხარეეებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული საშუალება ადგილზე სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
30 აგვისტოს, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას განცხადებით აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტიც გამოეხმაურა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის მილიტარიზაციის გაგრძელების პროცესს „აღმაშფოთებელი“ და „მიუღებელი“ უწოდა.
„პუტინი და მისი მთავრობა დაუფიქრებლად განაგრძობს სხვა ერების სუვერენიტეტის უგულებელყოფას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი დესტრუქციული ქცევა და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს“, – ნათქვამია საგარეო კომიტეტის მიერ twitter-ის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)