Site icon Civil.ge

სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

მაჩალიკაშვილების ოჯახი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, 26 დეკემბერი, 2018, ფოტო: კადრი ლიბერალის ვიდეოდან

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სუს-ის მიერ პანკისის ხეობაში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო და 23 სექტემბერს საქართველოს მთავრობისგან საქმესთან დაკავშირებული მასალები გამოითხოვა. ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) განაცხადა, რომელიც, ლონდონში დაფუძნებულ პარტნიორ ორგანიზაციასთან  – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრთან (EHRAC) ერთად, სტრასბურგის სასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს იცავს.

მაჩალიკაშვილების ოჯახი საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სამი მუხლის დარღვევას ედავება. ესენია: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებების უფლება (მე-13 მუხლი).

ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოს 5 ივნისს მიმართა.

EMC-ის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს ეძლევათ 12 კვირის ვადა „მეგობრული მორიგების“ შესაძლო პირობებზე შესათანხმებლად. ხოლო თუ მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგა, მთავრობა ვალდებული იქნება, დამატებით 12 კვირიან ვადაში, წარადგინოს თავისი მოსაზრებები განაცხადში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დროულად და პრიორიტეტულად დაიწყო, რაც, მათ შორის, ამ საქმეზე უფლების დარღვევის სიმძიმეს და კონვენციისთვის სიცოცხლის უფლების დაცვის მაღალ ხარისხსა და მნიშვნელობას უკავშირდება“, – აცხადებენ EMC-ში.

2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირების დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც ხეობის მკვიდრი 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. ის 2018 წლის 10 იანვარს, თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავდა, რომ ის სპეცოპერაციის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს, ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, რასაც სუს-ის მხრიდან „პროპორციული ძალის“ გამოყენება მოჰყვა.

უწყების განცხადებას გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს მძინარეს ესროლეს. ოჯახი საქმის სამართლიან გამოძიებას და გარდაცვლილი შვილის მკვლელისა და ყველა დამნაშავე პირის დასჯას ითხოვს. ამ მოთხოვნით, მალხაზ მაჩალიკაშვილი, წელიწადზე მეტია, თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს.

მაჩალიკაშვილის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)