საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს, მთავრობის სხდომაზე ახლო აღმოსავლეთში შექმნილ დაძაბულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს.
გიორგი გახარიას თქმით, რეგიონისათვის ნებისმიერი სახის დაძაბულობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, „უაღრესად დიდი პრობლემაა“.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან კავშირზეა საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას“.
პრემიერმა დასძინა, რომ როგორც უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე – ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უცხოელ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა „სრულად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე“.
საკითხზე საუბრის დასასრულს, გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ „საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შესაძლოა იმყოფებოდეს დაძაბულობის ზონაში, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, წარმომადგენლობების, საკონსულოებისა და საელჩოების საშუალებით, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)