საერთაშორისო გამჭირვალობის ყოველწლიურ კვლევაში – „კორუფციის აღქმის ინდექსი“, რომელიც 23 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ – 2 ქულით გაუარესდა.
2019 წლის კვლევაში საქართველო 56 ქულით 180 ქვეყენას შორის 44-ე ადგილზეა, რაც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში უმაღლესი მაჩვენებელია. საქართველო 44-ე ადგილს კოსტა რიკასთან, ჩეხეთის რესპუბლიკასთან და ლატვიასთან ერთად იყოფს.
კვლევის ფარგლებში, ქვეყნების შეფასება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე სუფთა საჯარო სექტორი) შკალით ხდება.
ანგარიშის თანახმად, „საქართველოში პოლიტიკური სისტემის კეთილსინდისიერების თვალსაზრისით, საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა კვლავაც ძირითადი გამოწვევაა“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კერძო სუბიექტების ხელში კონცენტრაცია რეგიონში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება“.
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ ანგარიშის თაობაზე პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის კვლავაც პირველ ადგილს იკავებს, თუმცა „აღსანიშნავია ბოლო წლებში ინდექსში საქართველოს ქულის მხრივ პროგრესის ნაკლებობა, რაც ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს“.
ორგანიზაციის თქმით, „2019 წლის ინდექსში საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ კვლავ გადაუჭრელი რჩება ის პრობლემები, რაც გასული წლის ანგარიშში იყო ხაზგასმული“:
- ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში;
- კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში;
- სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება;
- მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე;
- დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)