სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა, რომელიც 20-25 იანვარს თბილისს სტუმრობდა, საქართველოს ლიდერებთან ორმხრივი კონსულტაციები გამართა.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პრესსპიკერმა „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ ვიზიტის მიზანი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების, ასევე ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების კუთხით არსებული სიტუაციის განხილვა იყო. ამ კონტექსტში, სპეციალური წარმომადგენლის პრესსპიკერმა გამოჰყო ცხინვალის რეგიონთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების საკითხი, რომლებიც ამ დრომდე ჩაკეტილია.
შეხვედრებზე ასევე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო, დეკემბრის რაუნდზე, წამოწეული რამდენიმე საკითხიც. „ვიზიტი [ბატონ ტოივო კლაარს] საშუალებას აძლევს უკეთ გაიგოს საქართველოს პოზიცია, ასევე თავის თანამოსაუბრეებს ძირითადი გზავნილები გადასცეს“, – უთხრა პრესსპიკერმა „სამოქალაქო საქართველოს“ გასულ კვირას.
Good meetings this week in Tbilisi with PM @GakhariaGiorgi, FM @DZalkaliani, MIA Gomelauri, MoD @GharibashviliGe, Minister @TsikhelashviliK, Head of SSSG Liluashvili (and others) to discuss the tense situation on the South Ossetian ABL and developments in Abkhazia.
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) January 25, 2020
ვიზიტის ფარგლებში, ტოივო კლაარი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი რამდენიმე კვირაში თავის ორ კოლეგასთან – გაეროსა და ეუთოს წარმომადგენელ თანათავმჯდომარეებთან ერთად საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. „აქტიურად ჩავერთვებით მუშაობის პროცესში“, – თქვა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)