Site icon Civil.ge

ვის ინტერესებს ემსახურება არასრუწლოვანთა მართლმსაჯულება?

ფოტო: UNICEF/UN014961/Estey

გასულ წელს ქართულმა სახელმწიფომ არასრუწლოვანი მოქალაქეების დაცვის სფეროში ახალ ნიშანსვეტს გადააბიჯა. 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო. ამით საქართველო, ქაღალდზე მაინც, იმ ქვეყანათა რიცხვს შეუერთდა, რომლებიც ბავშვთა ინტერესებს სხვა ნებისმიერი მნიშვნელობის საკითხზე უპირატესად მიიჩნევენ.

გაეროს ბავშვთა ფონდმა აღნიშნულს რევოლუციური მიღწევა უწოდა და აღნიშნა, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსი ხელს [შე]უწყობს ისეთი სახელმწიფო სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის კეთილდღეობას და დაცვას“.

საყოველთაო აღტაცება მალე ტრაგედიით გამოწვეულმა სასოწარკვეთამ ჩაანაცვლა. 2019 წლის 12 დეკემბერს 15 წლის მოზარდმა, ლუკა სირაძემ, თვითმკვლელობა სცადა. ხუთი დღის შემდეგ ბავშვი გარდაიცვალა. მიზეზი, რამაც ბიჭს სიცოცხლის მოსწრაფება აიძულა, ჯერაც ბურუსითაა მოცული. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სირაძე თავისი ყოფილი სკოლის კედლებზე უწმაწური წარწერების დატანის გამო, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ზოგი ფიქრობს, რომ მოზარდი გამომძიებლების ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ იმსხვერპლა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მომხდარ ტრაგედიაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ზეწოლაში გარეულ პოლიციელთა ქმედებების გამოძიება მოსთხოვა. მსხვერპლის დედამ განაცხადა, რომ ბავშვი, გარკვეულ მომენტში, პოლიციელმა დაკითხვის ოთახიდან გაიყვანა და რომ ბიჭი უკან ატირებული დაბრუნდა. აღნიშნული ქმედებით პოლიციელმა არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი დაარღვია, რომელიც ბავშვის დაკითხვის მთელი პროცედურისას მისი კანონიერი წარმომადგენლის დასწრებას ითვალისწინებს. 17 დეკემბერს, ლუკა სირაძის დაღუპვის საღამოსვე, სახელმწიფო ინსპექტორმა ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე საქმის გამომძიებელი დააკავა.

არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაში მთავრობამ სისტემის ხარვეზების გამოსასწორებლად უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელშიც სახელმწიფო უწყებების გარდა, საკითხის მცოდნეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანდნენ. რამდენიმე კვირაში ჯგუფმა მრავალპუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ, არასრულწლოვნებზე სპეციალიზებულ უწყებას ჩაუყრის საფუძველს. იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რათა მოწმის სტატუსის მქონე არასრულწლოვნებს ადვოკატის სავალდებულო წესით დახმარების უფლება მიენიჭოთ. განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო კი, თავის მხრივ, ფსიქოლოგთა და სოციალურ მუშაკთა რაოდენობის გაზრდას შეეცდებიან.

სახელმწიფოს პასუხი – „ურემი რომ გადაბრუნდება…“  

ანა აბაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ხსენებული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობს. „წლები გადის, მაგრამ რეალური ცვლილება ბავშვთა უფლებების არცერთ სექტორში არ მომხდარა“, – ამბობს იგი. აბაშიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას იხსენებს, რომლის შესასწავლად, და შემდეგში სხვა ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, მსგავსი კომისიის შეკრება ამაო გამოდგა. აბაშიძემ გვითხრა, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გარკვეული ცვლილების პერსპექტივა დაინახა, თუმცა ის დათქმაც დააყოლა, რომ ამ იდეებს პრაქტიკაში „გადათარგმნა“ სჭირდება.

ხელისუფლების დაგვიანებულ ქმედებებს აკრიტიკებს ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუაც, რომლის ორგანიზაციასაც („წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“) საგამოძიებო ორგანოები დაკითხვა-გამოკითხვის პროცესში ფსიქოლოგების თანამონაწილეობისათვის ხშირად მიმართავენ. ცირამუა კანონში [არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი] არსებულ ხარვეზს ახსენებს, რომელიც მის კოლეგებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში აბრკოლებს. ფსიქოლოგის თქმით, კოდექსი დაკითხვისას ფსიქოლოგის როლსა და უფლებამოსილების მასშტაბს არ განსაზღვრავს, რაც პროცესში მის ჩართულობას ხშირად უბრალოდ ფორმალობად აქცევს. ამის შესახებ კარგად იცის აბაშიძემაც, რომელიც ხაზს უსვამს, რომ არაპროფესიონალი, ან მოძალადე პოლიციელთა მიერ წარმართულმა გამოძიებამ შესაძლოა ბავშვის სიცოცხლე შეიწიროს. სირაძის თვითმკვლელობა ამ მწვავე პრობლემის მხოლოდ ერთი გამოვლინებააო, გვითხრა მან.

რა ხდება დაკითხვის ოთახში?

ცოტა ხნის წინ ფონდ „ღია საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა გამოძიების ეტაპზე, დაზარალებული და მოწმე ბავშვების გამოკითხვა-დაკითხვაში ფსიქოლოგთა მონაწილეობას მიმოიხილავს. ანგარიში, სამაგიდე და თვისებრივ კვლევაზე დაყრდნობით, კანონმდებლობასა და პრაქტიკაში აღმოჩენილ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას. კოდექსი განმარტავს, რომ ბავშვებთან მომუშავე ნებისმიერი პირი (გამომძიებლები, პროკურორები) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში უნდა იყოს დახელოვნებული. კვლევამ აჩვენა, რომ არასრულწლოვანთა საქმეებზე პასუხისმგებელი გამომძიებლები ჯეროვან კვალიფიკაციას არ ფლობენ. კვლევის მიხედვით, ხშირად გამომძიებლები უხეშად კითხავენ ბავშვებს და მათ კოგნიტურ განვითარებასა თუ ფსიქოლოგიურ მოწყვლადობას აინუნშიც არ აგდებენ.

ანგარიშის თანახმად, თითქმის არცერთ საგამოძიებო უწყებას არ აქვს ბავშვთა დაკითხვისათვის საჭირო სპეციალური ოთახები. დაკითხვის სივრცე ხმაურისგან არ არის იზოლირებული, ვერ ხერხდება დაკითხვაზე არასაჭირო პირთა დასწრების მინიმუმზე დაყვანა. ერთ-ერთი ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ „შენობაში ქაოსი სუფევდა, ვიჯექით ისეთ ოთახში, სადაც სამუშაო გარემოში ერთდროულად სამი გამომძიებელი ზის“.

აბაშიძე მიიჩნევს, რომ არასრუწლოვანთა საქმეებს ხელი მხოლოდ გამოცდილმა და ბავშვთან ურთიერთობების უნარის მქონე გამომძიებელმა უნდა მოკიდოს. „ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ ბავშვებს დაიცავს არასასურველი სტრესისგან, არამედ მათ თანამშრომლობისკენ განაწყობს და გამოძიების ნაყოფიერებასაც აამაღლებს,“ – თქვა მან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ისიცაა, რომ თავად ინტერვიუერ ფსიქოლოგთა დიდ ნაწილს დაკითხვის პროფესიონალურად წარმართვის კვალიფიკაცია არ ჰყოფნის. ძალზე ზოგადია დაკითხვის პროტოკოლები. ფსიქოლოგებს არც სუპერვიზიის (სხვა ფსიქოლოგთაგან ამ პროცესში რჩევების მიღების) შესაძლებლობა აქვთ. ამასთან, ირკვევა, რომ სამართალდამცველ ორგანოებს ფსიქოლოგთა სამუშაო ძალის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ. ცირამუა იწონებს, რომ განათლების სამინისტრო, ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან ერთად (მთავრობის ადმინისტრაციის უწყება) კვალიფიცირებულ ფსიქოლოგთა მონაცემთა ბაზას შექმნის.

ტრაგედიის სათავის ძიებაში

სანამ ლუკა სირაძე არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემას შეეჩეხებოდა, მას წყალი თავის ყოფილ სკოლასთანაც ჰქონდა ამღვრეული. „აუცილებელია, რომ მთლიანი სურათი დავინახოთ“, ამბობს ანა აბაშიძე და დასძენს, რომ „ბავშვის პრობლემა [მართლმსაჯულებასთან კონფლიქტამდე] გაცილებით ადრე იწყება და ხშირად სკოლას, ოჯახს და კეთილდღეობას უკავშირდება“.

ბოლო წლებში საქართველოში ბევრი საუბრობს განათლების სისტემის გაძლიერების აუცილებლობაზე, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვს და მოზარდს ყველაფრით დაეხმარება. შარშან განათლების სამინისტრომ მანდატურის ოფიცრების გადამზადების შესახებ გვამცნო, რომლებიც ე. წ. „უსაფრთხო სკოლის“ კონცეფციას უნდა მოემსახურონ. პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე საუბრისას ეკა დგებუაძე, განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში „კრიზისების მართვისა“ და ბულინგის საწინააღმდეგო დოკუმენტები შემუშავდება.   

ცირამუა პასუხისმგებლობის საგანმანათლებლო და სოციალური დაცვის ინსტიტუტებზე გადანაწილებას მიესალმება. მისი თქმით, დღეს მთელი ადმინისტრაციული რგოლიდან სწორედ პოლიციელს უწევს პირველს ბავშვთან პირდაპირი შეხება. ცირამუას აზრით, როდესაც არასრულწლოვანს კანონთან პრობლემა ექმნება, პოლიცია, სკოლა და საზოგადოება ბავშვის საუკეთესო ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს.

ნაადრევია ვარაუდი, თუ რა ნაყოფს გამოიღებს ხელისუფლების ამჟამინდელი მცდელობა. მინისტრები იცვლებიან, ტრაგედიას კი ტრაგედია მოსდევს. ამ ფონზე უპრიანია, გაგვიჩნდეს კითხვა – ვის ინტერესებს ემსახურება არასრუწლოვანთა მართლმსაჯულება?


ავტორი: გიორგი ცხაკაია / Civil.ge

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)