ტოივო კლაარს თბილისში ბოლო სტუმრობისას Civil.ge ესაუბრა.
Civil.ge: ორთვენახევრის წინ ურსულა დონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით მუშაობა დაიწყო ევროკომისიის ახალმა ხელმძღვანელობამ. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე ფედერიკა მოგერინი ხოსეპ ბორელმა შეცვალა. რა ადგილი უკავია საქართველოს ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელთა დღის წესრიგში?
ტოივო კლაარი: საქართველო იყო და რჩება ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, პირველ რიგში, ევროკავშირთან სპეციალურ ხელშეკრულებაზე დაფუძნებული ურთიერთობის გამო. ამ თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა. ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობა ისეთივე ერთგულია საქართველოსთან განსაკუთრებული და პრივილეგირებული ურთიერთობისადმი, როგორც წინა ხელმძღვანელობა იყო.
თუ შეგიძლიათ მეტი გვიამბოთ საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ამჟამინდელი პრიორიტეტების შესახებ? რა მთავარ გამოწვევებს ვაწყდებით ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით?
ჩემი ახლანდელი ვიზიტი გასული წლის მეორე ნახევარში [ცხინვალის რეგიონის/] სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, კერძოდ, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში შექმნილ დაძაბულობას უკავშირდება. ჩემი სურვილია (რომელსაც ჩემი კოლეგები, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც იზიარებენ) ვიმუშავოთ ამ დაძაბულობის შესამცირებლად, ასევე, ჩორჩანასა და გამშვები პუნქტების დახურვის, თუ „ბორდერიზაციის“ მხრივ შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ პროცესში ძალზე აქტიურად ჩავერთოთ. სწორედ ამიტომაც ვართ აქ, ჩვენს რეგულარულ ვიზიტებსა და კონსულტაციებს შორის [პერიოდში], დისკუსიების თითოეული რაუნდის წინ. გასულ კვირას მოსკოვს ვსტუმრობდით, გუშინ – ცხინვალს. დღეს თბილისში გვაქვს კოლეგებთან შეხვედრები, რათა ვნახოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს წინ წასაწევად.
ოძისის გამშვები პუნქტი, რომლითაც ახალგორის მაცხოვრებლები დანარჩენ საქართველოს უკავშირდებიან, 2019 წლის სექტემბრიდან ჩაკეტილია. ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ პუნქტი მანამდე იქნება დაკეტილი, სანამ თბილისი ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებს. თბილისი, თავის მხრივ, ამ საგუშაგოს აღებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ცხინვალს ახალგორელები ცხინვალს „მძევლად ჰყავს აყვანილი“. გუშინ თქვენ ცხინვალს სტუმრობდით. რა გამოსავალს ხედავთ არსებული სიტუაციიდან? არსებობს რაიმე შუალედური შემოთავაზებები გამშვები პუნქტების საკითხის გადასაჭრელად?
რაც შეეხება საკითხის მოგვარების შუალედურ ზომას, ცხინვალში გვითხრეს: „ნახეთ, ჩვენ ნება დავრთეთ პენსიონერებს შეზღუდული დროით გადაეკვეთათ [ადმინისტრაციული ხაზი], ასევე ვაჩვენეთ მოქნილი [პოლიტიკა გამყოფი ხაზის] სამედიცინო მიზნით გადაკვეთისას, ასე რომ, სიტუაცია გავაუმჯობესეთ“. ამაზე ჩემი და დანარჩენი თანათავმჯდომარეების პასუხი იყო, რომ ეს, რა თქმა უნდა, არაა საკმარისი. გამშვები პუნქტების დახურვას გამართლება არა აქვს და ამის დაკავშირება ჩორჩანას მოვლენებთან და ახალგორის მოსახლეობის ამ მდგომარეობაში ჩაგდება უბრალოდ მიუღებელია. ამას გამართლება არა აქვს. გარდა იმისა, რომ ჩორჩანაში სიტუაცია უნდა მოგვარდეს, გამართლება არა აქვს გამშვები პუნქტების დახურვასა და ხალხის ტანჯვას.
თქვენ ცოტა ხნის წინ მოსკოვს სტუმრობდით. რა მოისმინეთ მოსკოვში [საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში] განვითარებულ მოვლენებზე?
ჩვენ ძალიან მკაფიოდ წარმოვაჩინეთ გამშვები პუნქტების შესახებ ჩვენი პოზიცია. ნათლად აღვნიშნეთ, რომ რუს მონაწილეთაგან ველოდებით კონსტრუქციულ ჩართულობას იმ ვითარების მოგვარებაში, რომელშიც აღმოვჩნდით. ეს იყო ჩვენი მკაფიო გზავნილი და [მოსკოვში] ჩვენი ვიზიტის მიზანი. ჩვენ [მოლაპარაკებებში აქტიურად გვყავს ჩართული] რუსი მონაწილეები, ისევე როგორც – დღეს ქართველი მონაწილენი.
სულ ცოტა ხნის წინ, ცხინვალმა ახალგორის რაიონში ეთნიკური ქართველი სკოლის დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლა, რასაც თბილისის კრიტიკა მოჰყვა. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა თქვა, რომ ახალგორში „რუსიფიკაციის“ პროცესი გრძელდება. რა ნაბიჯები იდგმება ან შეიძლება გადაიდგას იმისათვის, რომ გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქართველებმა მშობლიურ ენაზე განათლების მიღება შეძლონ?
რაც შეეხება ამ ორი დირექტორის საკითხს, მე უბრალოდ დეტალები არ ვიცი და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ზოგადად ქართულ ენაზე განათლების მიღების პრინციპს, ეს საკითხი ჩვენ როგორც აფხაზეთსა და ცხინვალში, ისე მოსკოვში დავაყენეთ და ავღნიშნეთ, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღება. ამ საკითხს კვლავაც წამოვწევთ. თუ კონკრეტულად გალის მაგალითს შევხედავთ, იქ ადგილი ჰქონდა რუსულენოვან განათლებაზე იძულებით გადაყვანას ისეთ სიტუაციაში, როდესაც [ახალ სისტემას] კვალიფიციური მასწავლებლები [არ ჰყავდა]; [ეს ნიშნავს, რომ] ანგრევ მოქმედ სისტემას, ბავშვებს ართმევ გამართულ სისტემას, როგორიც იყო ქართულ ენაზე განათლების მიღების სისტემა და სანაცვლოდ მათ სხვა გამართულ სისტემას არ სთავაზობ. ამით მთელ თაობას წირავ უხარისხო განათლების მისაღებად. გარდა იმ პრინციპისა, რომ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება უნდა მისცე, დამატებითი პრობლემაა ისიც, რომ ბავშვებს ჩამორთმეული აქვთ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები გალსა და ერგნეთში ბოლო პერიოდში შეჩერებულია. რა პერსპექტივა არსებობს ამ ფორმატის განახლებისთვის? თუ მიაღწიეთ რამე პროგრესს ამ ფორმატის შეხვედრების გასაახლებლად?
მე და ჩემი კოლეგები მუდმივად ვაყენებთ ამ საკითხს აფხაზ მონაწილეებთან შეხვედრებისას სოხუმში, რუსებთან – მოსკოვში და ოსებთან – ცხინვალში. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა აღდგეს. მართალია, რუსებისგან ვიღებთ გზავნილს, რომ ისინი ძალიან აფასებენ IPRM-ს (ანალოგიურ გზავნილს ვიღებთ სხვა მონაწილეებისგანაც), ეს კონკრეტულ ქმედებად არ ითარგმნება. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ როგორც ერგნეთის, ისე გალის შეხვედრების აღდგენას. საბოლოო ჯამში, ყველა აღიარებს, რომ აღნიშნული შეხვედრები სასარგებლო იყო. უნდა უზრუნველვყოთ, რომ IPRM შეხვედრები არ გაპოლიტიკურდეს და რომ ისინი გამოვიყენოთ იმ გაცხადებული მიზნისათვის, რაც გულისხმობს ინციდენტების განხილვას, აღკვეთასა და გადაწყვეტას.
როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, თქვენ ევროკავშირის სახელით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ხართ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევის დისკუსიების ფორმატის დონის ამაღლების ინიციატივით გამოვიდა. თუ წარმოადგინა ქართულმა მხარემ კონკრეტული წინადადებები არსებული ფორმატის ასამაღლებლად? და აქვე, როგორ აფასებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მუშაობას? ეფექტურია თუ არა ის იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც საქართველოს უდგას?
პირველ რიგში, ვიტყვი, რომ რამე კონკრეტული შემოთავაზება არ მინახავს. ეს საკითხი ოფიციალურმა პირებმა განცხადებების დონეზე წამოწიეს, როგორც მაგალითად, პრეზიდენტმა, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ. თუმცა, რამე კონკრეტული წინადადება ამ კუთხით არ მინახავს. მეორეც, როდესაც ვამბობთ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს „შედეგი არ მოაქვს“, ამის მიზეზი, დიდწილად, პოლიტიკური გარემოებები და დისკუსიების მიმართ ის მიდგომაა, რომელიც მის ცალკეულ მონაწილეებს აქვთ. ამ თვალსაზრისით, საკითხი ეხება არა იმდენად [მოლაპარაკებების] დონეს, რამდენადაც – მზადყოფნას დისკუსიებისადმი, მე ვიტყოდი, შედეგზე ორიენტირებული დისკუსიებისადმი. [ეს მოიაზრებს] სრულად გამოყენებას იმისა, რასაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გვთავაზობს, როგორც ფორმალური დისკუსიებისას, ისე მის ფარგლებს გარეთ. პირველ რიგში, როგორც უკვე ვთქვი, საჭიროა შევხედოთ იმას, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ფორმატი მაქსიმალურად. გულწრფელად რომ ვთქვა, ჟენევის დისკუსიების ფორმატი შეიქმნა კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას და მიმაჩნია, რომ ადვილი არ იქნება [მსგავსი ფორმატის ხელახლა შექმნა] დღევანდელ [პირობებში]. არ გამოვრიცხავ [ახალი ფორმატის] შესაძლებლობებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, შევძლოთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ხელთ გვაქვს.
ძალის არგამოყენება და დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნება ის ორი მთავარი საკითხია, რომელიც ჟენევაში განიხილება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც თქვენ თანათავმჯდომარეობთ დისკუსიებს, იქნა თუ არა მიღწეული რამე პროგრესი ამ ორ საკითხზე? რა შეიძლება გაკეთდეს ამ საკითხებზე წინ წასაწევად?
მნიშვნელობა არა აქვს, რა საკითხზე ვსაუბრობთ, ნებისმიერი პროგრესის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნებაა. ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ძალის არგამოყენებისადმი ერთგულების გამოხატულებაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვისწრაფვოდეთ კონკრეტული შეთანხმებებისკენ. ამ საკითხზე ყველა მონაწილესთან ერთად ძალზე ბევრი ვიმუშავეთ. ჩვენ, როგორც თანათავმჯდომარეებს, მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია და გავაგრძელებთ მასზე მუშაობას. ამავე დროს, ამის გასაკეთებლად სხვადასხვა გზა და საშუალება არსებობს. ჩვენთვის, როგორც თანათავმჯდომარეებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ იმ მიმართულებით წავიყვანოთ დისკუსიები, რომელიც რაც შეიძლება მეტად სასარგებლო და შედეგზე ორიენტირებული იქნება.
რაც შეეხება დევნილებისა და ლტოლვილების საკითხს, სამწუხაროდ, ამაზე ჟენევაში კონსტრუქციული დისკუსიები არა გვაქვს. ჩვენ, თანათავმჯდომარეები, მუდმივად ვუსვამთ ხაზს ამ დისკუსიების არსებობის მნიშვნელობას. ეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი უნდა იყოს. სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს ფორმატი.
რაც შეეხება აფხაზეთს, სოხუმში იანვარში მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა, რომელთაც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა. როგორ იმოქმედა ამან თქვენს მუშაობაზე სოხუმთან? როგორ გესახებათ აფხაზეთთან მუშაობის პერსპექტივა?
მთავარი გამოწვევა [ჩვენთვის სოხუმში] ისაა, რომ ყველა ელოდება დე ფაქტო არჩევნებს, რომელიც მარტის ბოლოს გაიმართება. ამან ჩვენს მუშაობაზეც იმოქმედა. ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც რთულია [სოხუმში] თანამოსაუბრეები იპოვო, რომლებიც მზად იქნებიან რამე კონკრეტულ საკითხზე ისაუბრონ. ამრიგად, ჩვენ გარკვეულწილად დამოკიდებულნი ვართ იქ მიმდინარე პროცესებზე. ვიმედოვნებთ, რომ მალე გვეყოლება თანამოსაუბრეები, რომლებიც მეტი უფლებამოსილებით იქნებიან აღჭურვილნი, ვიდრე – ახლა.
ორ წელზე ოდნავ მეტია, რაც თქვენ საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად მსახურობთ. რა იყო თქვენი მთავარი მიღწევა ამ პოსტზე მუშაობის პერიოდში? კიდევ რა გამოწვევები რჩება?
ტყუილი იქნებოდა თუ ვიტყოდი, რომ ამ პერიოდში [სიტუაციის] გასაოცარ გაუმჯობესებას მოვესწარი. ამასთან, [არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ] ბევრი გარეშე ფაქტორი ახდენს გავლენას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მუშაობაზე. მიმაჩნია, რომ მე – ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჩემს კოლეგებს, გვაკისრია ჩვენი როლი ამ უნიკალური ფორმატის შენარჩუნების საქმესა და კონსტრუქციული დისკუსიების წარმართვაში კონკრეტულ საკითხებზე, თუნდაც ეს მცირე საკითხები იყოს; ეს იმისათვის, რომ გვქონდეს სამუშაო ფორმატი, რომელსაც სრულად გამოვიყენებთ, რომელიც ხელს შეუწყობს სიტუაციის შეცვლას და მეტი შესაძლებლობების გაჩენას. იმავდროულად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებმა საკმაო წარმატებებს მიაღწია არამთავარ, მცირე საკითხებზე, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის [სასიკეთოდ] იქნა გამოყენებული. ამჟამად გარკვეული პრობლემების წინაშე მდგარი IPRM-იც, ჟენევის დისკუსიების ნაწილია და ამ პროცესში საკვანძო მნიშვნელობისაა. რა თქმა უნდა, ჩემი როლიც მხოლოდ ჟენევის დისკუსიებით არ შემოიფარგლება. როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ხშირად ჩამოვდივარ [თბილისში] საქართველოს ხელისუფლებასთან თუ სხვა წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრებისათვის, ასევე ჩავდივარ სოხუმსა და მოსკოვშიც. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ გამყოფ ხაზებზე ხიდების გადებას, ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც შეწყვეტილ კავშირებს გააძლიერებს. სოხუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ, როგორც სოხუმში, ისე თბილისში, ადამიანებმა მთავრობიდან თუ მთავრობის გარეთ, კარგი განცხადებები გააკეთეს. ევროკავშირის სახელით, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ [მოვლენათა] ამგვარ განვითარებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)