Site icon Civil.ge

ევროკავშირის საბჭომ საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მანდატი გაუგრძელა

ტოივო კლაარი - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების მართვის საკითხებში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე, 2018 წლის ნოემბერი, ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ევროკავშირის საბჭომ 25 თებერვალს ევროკავშირის ექვს სპეციალურ წარმომადგენელს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში წარმომადგენელს, ტოივო კლაარს მანდატი გაუგრძელა.

ტოივო კლაარის მანდატი მომდევნო 12 თვით, 2021 წლის 28 თებერვლამდე გაგრძელდა. იგი ამ თანამდებობაზე პირველად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა.

ამასთან, კლაარი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ევროკავშირს წარმოადგენს.

ამჟამინდელი პოზიციის დაკავებამდე ტოივო კლაარი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცენტრალური აზიის განყოფილებაში მუშაობდა. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე იგი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო.

2005-2010 წლებში, იგი ასევე მსახურობდა ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად, სანამ ევროკომისიის იმ განყოფილების ხელმძღვანელი გახდებოდა, რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ჩამოყალიბების კოორდინირებასა და მართვას ახორციელებდა. მოგვიანებით, იგი ამავე სამსახურის ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.

2005 წელს ევროკომისიაში მუშაობის დაწყებამდე, კლაარს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა ესტონეთის სამოქალაქო სამსახურში, მათ შორის, 1999-2001 წლებში ესტონეთის პრეზიდენტის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორი და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)