საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ახალი, მეორე შემთხვევა გამოვლინდა. გამყრელიძის განმარტებით, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოვიდა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ პაციენტი, რომელიც 31 წლის ქალია, რომელსაც საზღვარზე შემოსვლის დროს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა მოგვიანებით, მან დაავადების სავარაუდო ნიშნები თავადვე აღმოაჩინა და ინფექციურ საავადმყოფოს „თვითდინებით“ მიმართა. გამყრელიძისვე თქმით, პაციენტის ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე პროტოკოლით განსაზღვრული მონიტორინგი და მისი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, კარანტინში ჯამში სულ 87 პირი იმყოფება, მათგან 31 საჩხერეში, 21 აბასთუმანში და 35 ტუბცენტრის ბავშვთა განყოფილებაში. მისივე განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ კიდევ 29 პირი იმყოფება. მანვე ვირუსის ახალი შემთხვევის გამოვლენის ალბათობაც არ გამორიცხა.
მიუხედავად ამისა, ამირან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და არც საბავშვო ბაღებსა და სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტის აუცილებლობა დგას.
გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის მასშტაბით კორონავირუსის გამოვლენის ახალი შემთხვევები ფიქსირდება და ის უკვე 51 ქვეყანაშია დაფიქსირებული, ფრენების აკრძალვას და საზღვრებზე „მკაცრი რეჟიმის“ დაწესებას აზრი არ აქვს, რადგან „ინფექციას მხოლოდ საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ“.
მანვე სენიანობის მაღალი მაჩვენებლის ქვეყნებში მყოფ მოქალაქეებს თვითიზოლაციისა და რესპირატორული სიმპტომების (ხველა, დაბალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება) გამოვლენის შემთხვევაში ექიმთან მიმართვისკენ მოუწოდა და იქვე მოქალაქეებისთვის სტანდარტული რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გაიმეორა. მანვე მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია.
გუშინ „კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით“, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ამ დროისთვის, საქართველოსთვის მაღალი რისკის ქვეყნებად 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალიაა განსაზღვრული.
„კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს, ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხსენებულ სახელმწიფოებში“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
ამასთან, გუშინ უნგრულმა ავიაკომპანია Wizzair-მა იტალიის მიმართულებით ფრენები შეზღუდა, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „მთავრობებმა“ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები ჩაკეტეს და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე საკარანტინო ზომები მიიღეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)