Site icon Civil.ge

„TI საქართველო“ ხელისუფლებას ორი ტელეკომპანიისთვის დაწესებული ინკასოს მოხსნისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს ლოგო. ფოტო: transparency.org

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ „ტელეკომპანია პირველისა“ და „მთავარი არხის“ ანგარიშებისთვის დადებული ინკასოს საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს „კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქვეყანაში ორი დამოუკიდებელი ტელევიზიის ფუნქციონირებას“.

ორგანიზაციის მიერ 21 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსაკუთრებული როლი მოქალაქეების ინფორმირებას ენიჭება“ და „ამ საქმეში კი მედიის როლი შეუცვლელია“.

„TI საქართველოს“ შეფასებით, ასეთ ვითარებაში, „აუცილებელია“, რომ საქართველოს მთავრობამ მედიისთვის გარკვეული შეღავათები შემოიღოს, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადავადების კუთხით.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს დამოუკიდებელი მედიის შეუფასებელი როლი და ფუნქცია, რომელიც ამ დროს მას აკისრია და მიიღოს შესაბამისი გონივრული ზომები, რათა ტელეკომპანიებს დაუბრკოლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

„სამწუხაროდ, საქართველოშიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ბიზნესსუბიექტები, რომელთა ნაწილსაც, მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად, საქმიანობის შეჩერება მოუწია. სწორედ ბიზნესია მედიისთვის რეკლამის ძირითადი დამკვეთი და შემოსავლის მთავარი წყარო. მედიის წარმომადგენლების თქმით, არსებულ კრიზისის ფონზე ტელევიზიების შემოსავალი შემცირდა და გადასახადები დროულად ვერ გადაიხადეს“, – აცხადებენ „TI საქართველოში“.

აღნიშნული ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა 20 მარტს განაცხადეს, რომ საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, მაუწყებლებს ინკასო დაედოთ. მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განმარტა, რომ ინკასო ავტომატურად სხვა კომპანიებსაც დაედო და ამ შემთხვევაში ტელევიზიები გამონაკლისს არ წარმოადგენენ.

„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ და „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა მაუწყებლებისთვის ინკასოს დადება გააკრიტიკეს და განმარტეს, რომ იმ დროს, როდესაც კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ბიზნესსექტორი ფინანსური გამოწვევების წინაშე დადგა, ტელევიზიების მიმართ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)