Site icon Civil.ge

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა

ფოტო: facebook.com/OmbudsmanofGeorgia/

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2 აპრილს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რიგ საკითხებს მოიცავს და იმ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც საანგარიშო პერიოდში წარმოიშვა ან არსებობდა. დოკუმენტი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და წინადადებების გათვალისწინებასაც აფასებს.

სიცოცხლის უფლება

ანგარიშის თანახმად, 2019 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა 34 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის იყვნენ მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ გაზრახ მკვლელობისთვის და მათ მნიშვნელოვან ნაწილს, მსჯავრის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდა. სახალხო დამცველის თქმით, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების „სამართლიანი“ პროტესტი მოჰყვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველმა მოუწოდა პრეზიდენტს, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია შეწყალების მოტივაციის შესახებ, თუმცა შესაბამისი დასაბუთება ამ დრომდე არ ყოფილა წარმოდგენილი. სახალხო დამცველის თქმით, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრეზიდენტი აბსოლუტური დისკრეციით სარგებლობს, თუმცა „აღსანიშნავია ამ პროცესის მჭიდრო კავშირი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურულ ასპექტთან“. პრეზიდენტმა გამოიჩინა „არაგონივრულ ლმობიერება“ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება, აღნიშნავს სახალხო დამცველი. დოკუმენტის თანახმად, ამით პრეზიდენტმა სიცოცხლის უფლება დაარღვია.

ანგარიშში სახალხო დამცველი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესაც ეხება და აცხადებს, რომ ეს საქმე მისი განსაკუთრებული ინტერესის საგანია, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერაციის მსვლელობისას, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ გამოყენებულმა ძალამ ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება, ვინაიდან „არ ჩატარებულა ცალკეული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რასთან დაკავშირებითაც სახალხო დამცველმა საქართველოს პროკურატურას გამოძიების განახლების შესახებ წინადადებით მიმართა“. რაც შეეხება ზუგდიდის სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეს, რომელმაც, როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, „საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, საჯაროდ განაცხადა მის მიმართ მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ“, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიება დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც „საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა“. ანგარიშის თანახმად, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, „სახალხო დამცველმა ამ საქმეში სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ, წინადადებით მიმართა პროკურატურას, თუმცა მას წინადადება არ გაუზიარებია“.

პენიტენციური სისტემა

ანგარიში მსხვილ პენიტენციურ დაწესებულებებში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებულ ხარვეზებსაც ავლენს. საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა სულ 1 728 დაკავებული/დაპატიმრებული პირი მოინახულეს. სახალხო დამცველის აპარატმა 54 წერილი მიიღო პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კრიმინალური სუბკულტურის მასშტაბები კვლავ დიდია და გარკვეულწილად, გავლენას ახდენს ციხის ცხოვრებაზე. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ მიმართული აქტივობებისა და გარე სამყაროსთან კონტაქტის სიმწირეზე. ანგარიშში საუბარია იუსტიციის მინისტრის სავარაუდო „უკანონო“ ქმედებაზე, რომელმაც სახალხო დამცველის წარმომადგენლების პატიმრებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო კადრები გაასაჯაროვა, რამაც სახალხო დამცველის აპარატის თქმით, მათი მუშაობა შეაფერხა.

უფლებამოსილების გადამეტება

დოკუმენტი 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების დროს უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებსაც აფასებს. ომბუდსმენის შეფასებით, გამოძიება ძირითადად სამართალდამცველების მიერ ინდივიდუალური დარღვევების გამოვლენისკენაა მიმართული და მაღალი რანგის ოფიციალური პირების პასუხისმგებლობას არ ადგენს. სახალხო დამცველმა მოუწოდა პროკურატურას, რომ შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ქმედებებზე გამოძიება დაიწყოს, ვინაიდან სწორედ ის იყო ვალდებული, რომ მისი ქვეშევრდომების, სპეცრაზმის სამართალდარღვევები აღეკვეთა. რამდენიმე ოფიციალური პირი, მათ შორის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი (მოქმედი პრემიერ-მინისტრი) და მისი მოადგილეები მეორედ უნდა დაეკითხათ. გარდა ამისა, საგამოძიებო ექსპერტიზამ დროულად არ შეისწავლა პოლიციელების რაციების ჩანაწერები.

სახალხო დამცველი ეჭვქვეშ ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკასაც აყენებს. ანგარიშის თანახმად, სასამართლო დაკავების კანონიერებას არ შეისწავლის და დაკავების ვადები უნდა გადაიხედოს ბუნდოვანი ფორმულირების გამო. სახალხო დამცველი ივნისის და ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავების პრაქტიკის არასათანადო გამოყენებაზეც მიუთითებს. კერძოდ, ომბუდსმენის განმარტებით, პოლიციის ოფიცრები არ ატარებდნენ სამხრე კამერებს და სწორად არ ავსებდნენ დაკავების ოქმებს.

გამოხატვის თავისუფლება

მედიაგარემოს შეფასებისას, სახალხო დამცველი აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაზე ამახვილებს ყურადღებას. დოკუმენტის თანახმად, რამდენიმე დამოუკიდებელი მედიის მფლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რაც ქვეყანაში კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ სავარაუდო სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ კითხვებს აღძრავს. ანგარიშში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის შესახებაცაა საუბარი, რომლის თბილისიდან გატაცების საქმეც, დოკუმენტის თანახმად, დეტალურად არ იქნა გამოძიებული საქართველოს ხელისუფლების მიერ.

სამართლიანი სასამართლოს უფლება

ანგარიშის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები „ხარვეზიანი და გაუმჭვირვალე პროცედურების საფუძველზე შეირჩნენ“. „მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკის საგანი გახდა…. მოსამართლეობის კანდიდატებს შორის აღმოჩნდნენ პირები, რომელთა მიერ კანონით განსაზღვრული მინიმალური აკადემიური ხარისხის ფლობამ კითხვები წარმოშვა“, – ნათქვამია ანგარიშში. საქართველოს სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მომწესრიგებელი კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სახალხო დამცველი ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორის დანიშვნასაც აკრიტიკებს, ვინაიდან მისი შერჩევის პროცესმა ხარვეზების ფონზე ჩაიარა. დოკუმენტში ასევე გაკრიტიკებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების კანდიდატების შერჩევის პროცესიც.

საარჩევნო უფლებები

სახალხო დამცველის თქმით, 2019 წლის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების დროს, რიგი ხარვეზები გამოვლინდა. ანგარიშში დასახელებულია სხვადასხვა ინციდენტები, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვა, პოლიტიკური პოლარიზაცია, ძალადობისკენ წაქეზება, მოქალაქება ნების მანიპულირება და სხვა.

სოციალური უფლებები და თანასწორობა

ანგარიშის თანახმად, „შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის კუთხით შესამჩნევი პოზიტიური ცვლილების მიუხედავად, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატი და მის ხელთ არსებული რესურსები არ არის საკმარისი მათთვის დაკისრებული მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს სამუშაო ადგილებზე 49 ადამიანი დაიღუპა და 142 ადამიანი დაშავდა“.

დოკუმენტის თანახმად, „საგანგაშოა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები (ფემიციდი). საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2019 წელს ქალის მკვლელობის 19 ფაქტი გამოვლინდა“. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო თავს იკავებს ისეთი ქმედებისგან, რომლებიც გენდერულ დისკრიმინაციას აღკვეთდა. ამას გარდა, ომბუდსმენის შეფასებით, მცირე პროგრესი შეინიშნება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდის თვალსაზრისით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ასევე ვერ გააუმჯობესა ლგბტ პირების უფლებრივი მდგომარეობა და სახელმწიფოს რეაგირება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არაეფექტაინი იყო. თუმცა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისასალმებელია, რომ კანონმდებლობამ სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრა, რის შედეგადაც, კანონმდებლობაში ახალი სამართლებრივი დაცვის მექანიზმი გაჩნდა.

სახალხო დამცველი მიესალმა ფართომასშტაბიანი კამპანიის განხორციელებას ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ. ანგარიშის თანახმად, „მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განსახორციელებლად“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, 2019 წელს კვლავ გამოვლინდა გამოწვევები განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობის, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მხრივ“.

ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა ოკუპირებულ რეგიონებში

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელსაც კვლავ „მძიმე“ იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა. „დღემდე არ დამდგარა წინა წლებში მომხდარ მკვლელობებში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, 2019 წელს საგანგაშო იყო ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დროით ჩაკეტვა, რამაც ოკუპირებული ახალგორის რაიონის შემთხვევაში ჰუმანიტარული კრიზისი და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე პრობლემები გამოიწვია. სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღების შეუძლებლობის გამო რამდენიმე ადამიანი დაიღუპა“, – ნათქვამია ანგარიშში.

„რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, 2019 წლის განმავლობაში, ენგურის ხიდზე სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე შეიზღუდა გადაადგილება. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების (მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის) ე.წ. საზღვრის კვეთისთვის უკანონო დაკავების/პატიმრობის ფაქტები და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლის, კეთილდღეობის, პირადი უსაფრთხოებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებები კვლავ იზღუდება. „მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება იზღუდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გალისა და ახალგორის ყველა სკოლის დაწყებით კლასებში სრულად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო ქართული ენა, როგორც უცხო ენა, მხოლოდ სკოლების ნაწილში ისწავლება“, – ნათქვამია ანგარიშში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)