Site icon Civil.ge

ბუტა რობაქიძის საქმეზე ორ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

საქართველოს გენერალური პროკურატურა. ფოტო: pog.gov.ge

2004 წელს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე მსჯავრდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და ამავე საქმეზე მსჯავრდებული საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს ზურაბ მიქაძეს საპროცესო შეთანხმებები გაუფორმეს.

გენერალური პროკურატურის მიერ „სამოქალაქო საქართველოსთვის“ 16 აპრილს მოწოდებული ინფორმაციით, ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, მსჯავრდებულებმა გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და სრულად აღიარეს ამირან (ბუტა) რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომობილში მყოფი პირების მიმართ ჩადენილი დანაშაული.

პროკურატურისვე ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა ბრალის აღიარებასთან ერთად,  დანაშაულის ჩამდენი სხვა პირებიც ამხილეს და საქმესთან დაკავშირებული ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ სასამართლოს ჩვენებაც მისცეს. მედიის ინფორმაციით, მათგან ერთერთი შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 14 აპრილს 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გურამ დონაძემ მე-9 პენიტენციური დაწესებულება 15 აპრილს დატოვა. რაც შეეხება ზურაბ მიქაძეს, სამსახურის ინფორმაციით, მას საპყრობილე ჯერ არ დაუტოვებია.

ბუტა რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძე სამართალდამცავებმა 2013 წლის თებერვალში დააკავეს. მოგვიანებით, იგი საქალაქო სასამართლომ 25 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქალაქო სასამართლომ გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე საქმეზე დამნაშავედ 2018 წლის 18 დეკემბერს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო და მათ სასჯელის სახით 5 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, ასევე თანამდებობის დაკავება  2 წლით და 3 თვის ვადით აუკრძალა. რობაქიძის საქმეზე სასამართლომ მათთან ერთად, კიდევ სამი  ყოფილი მაღალჩინოსანი, გაამტყუნა.

ამირან (ბუტა) რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს პოლიციის მიერ გასროლილი ტყვიით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის თანხმლებ პირებთან ერთად საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ავტომანქანის ჩხრეკა დაიწყო.

მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გადაცემა „პატრულში“ ნაჩვენები ვიდეოს თანახმად, რობაქიძე პოლიციელებმა მაშინ მოკლეს, როდესაც ისინი „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის“ დაკავებას ცდილობდნენ. გადაცემაში ნაჩვენები იყო „კალაშნიკოვის“ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც, საგამოძიებო უწყების მტკიცებით, რობაქიძისა და მისი მეგობრების მანქანიდან ამოიღეს. პროკურატურის ინფორმაციით, ახალი გამოძიებით, რომელიც 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ეს არ დადასტურდა.

წინა ხელისუფლების პირობებში, საქმის განხილვა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2006 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გრიგოლ ბაშალეიშვილს ამირან რობაქიძის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმეზე ხელახალი გამოძიება 2013 წელს დაიწყო და ბრალდებულთა წრეც მაშინ გაფართოვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)