საქართველო 1 მაისს ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) 41-ე წევრი ქვეყანა გახდა, ნათქვამია „პომპიდუ ჯგუფის“ განცხადებაში, რომელიც 6 მაისს გამოქვეყნდა.
„ეს გადაწყვეტილება აღმასრულებელი მდივნის თებერვალში თბილისში ვიზიტის შედეგია, სადაც მან კონფერენციაში – „ნარკოდამოკიდებული პატიმრების რეაბილიტაცია“ მიიღო მონაწილეობა და მაღალი დონის კონტაქტები ჰქონდა შესაბამის სამინისტროებთან (იუსტიციის, ჯანდაცვის და სოციალურ საქმეთა, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან)“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, „გადამწყვეტი როლი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მხარდაჭერამაც ითამაშა“.
„საქართველო პომპიდუ ჯგუფში სიმბოლურ მომენტში გაწევრიანდა, როდესაც ქვეყნის მინისტრთა კომიტეტის პირველი თავმჯდომარეობა წარმატებულ დასასრულს უახლოვდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
წევრი სახელმწიფოები ჯგუფში მუდმივ წარმომადგენლებს ნიშნავენ. 6 მაისის მდგომარეობით, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჯერ დამტკიცებული არ ყოფილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)