1955 წლის 26 აპრილია. ალბერ კამიუ ათენში ჩადის. რამდენიმე პირადი წარუმატებლობის გამო უხასიათოდაა. ორი დღის თავზე, აკროპოლისზე გასეირნების შემდეგ, ის ბერძნულ-ფრანგული კულტურის კავშირის მიერ ორგანიზებულ დებატში იღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპული ცივილიზაციის მომავალს ეხება. ხალხი მრავლადაა. გამომსვლელები ცდილობენ, ევროპულ ცივილიზაციას განსაზღვრება მოუფიქრონ. კამიუ, 42 წლის მწერალი, გამოსვლას გაფრთხილებით იწყებს: „სანამ დავიწყებდე, მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტით რამის თქმა ჩემთვის შეუძლებელია“.
არადა თითქოს რამდენი რამეა სათქმელი?! საკითხს შეიძლება მრავალი განსხვავებული კუთხიდან შეხედო კაცმა, ზოგჯერ შინაგან წინააღმდეგობებსაც შეეხო… მაგრამ კამიუ არგუმენტაციის სხვა გზას ირჩევს – მისი თვალთახედვით, სწორედ სკეპტიციზმია ევროპული დინამიზმის მფეთქავი გული. „ევროპული ცივილიზაცია“, ამბობს კამიუ, „უპირველეს ყოვლისა პლურალისტური ცივილიზაციაა“, სადაც მოსაზრებების ცხოველი სხვადასხვაობა შეუძლებელს უნდა ხდიდეს უზენაესი ჭეშმარიტების გაბატონებას. ევროპის ხერხემალი, მისი მყიფე ძლიერების მამოძრავებელი ისაა, რომ ევროპა წონასწორობას ინარჩუნებს. „თუკი ჩვენ ვინმეზე ვამბობთ „გაწონასწორებული ადამიანიაო“, ამაში გარკვეულ დადებით მნიშვნელობას ვდებთ“, ამბობს კამიუ, „იმას ვგულისხმობთ, რომ წონასწორობის დაცვა ძალისხმევას და განუწყვეტელ სიმამაცეს მოითხოვს. წონასწორობის დაცვა მართლაც მოითხოვს მუდმივ ძალისხმევასა და განუწყვეტელ სიმამაცეს. საზოგადოება, რომელსაც ეს სიმამაცე გააჩნია – მომავლის საზოგადოებაა“.
როცა პოლემიკა გვაბრმავებს
უცნაურ შეგრძნებას ბადებს ამ გამოსვლის წაკითხვა დღეს, 2020 წელს. შეიძლება კამიუს პროზა ცოტა მოძველებულად მოგვეჩვენოს, ოღონდაც, მისი აზრები ხსნად გვევლინება. ისინი, საჯარო დისკუსიის სოციალური მედიის პოსტებამდე დაყვანას რომ ვერ ვეგუებით, კამიუს გამოსვლაში ვპოულობთ შვების ნანატრ მარცვალს.
„რაა პოლემიკის მამოძრავებელი, მისი მექანიზმი? მოწინააღმდეგე მტრად უნდა აღიქვა, იქამდე უნდა გაამარტივო მისი პოზიცია, სანამ მასში პიროვნების დანახვაზე უარს არ იტყვი. როცა ვინმეს შეურაცხვყოფ, მე ვერ ვხედავ მისი თვალების ფერს, არც იმას ვფიქრობ, ოდესმე თუ იღიმის ეს კაცი და როგორ. პოლემიკაში ჩართულნი სამი მეოთხედით ბრმები ვართ, კაცთა შორის კი აღარ ვცხოვრობთ, არამედ სილუეტებს ვებრძვით“, წერდა კამიუ კერ კიდევ 1948 წელს. ძნელია, ამ სიტყვებში ასახული დღევანდელი სოციალური ქსელები, ეს მართლაც აჩრდილების თეატრი არ დავინახოთ, სადაც ყოველი ჩვენთაგანი ასობით მტერს ხმალამოღებული ებრძვის. „მაშინ, როცა ჩვენს გარშემო ყველას საკუთარი აზრის აბსოლუტური ჭეშმარიტებისა სჯერა, ჰაერი აღარ გვყოფნის“, აჯამებს მწერალი.
„რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს შეურაცხვყოფ მათ, ვინც ჩემს გვერდით არ დგანან. ეს ჩემი ერთადერთი უცნაურობაა“,
ალბერ კამიუ
კამიუ შურისძიების სპირალში ჩართვაზე უარს ამბობდა, ოღონდ პატიოსანი დისკუსიისათვის თანამოსაუბრეს ყოველთვის ეძებდა. „სასიხარულო ამაში ბევრი არაფერია, თუმცაღა იმედი ჯერ არ დამიკარგავს“, წერდა ის მწერალ როჟე მარტან დუ გარდს 1947 წელს, როცა ფრანგებში კოლექტიური მორჩილებისადმი მიდრეკილების სიმპტომებზე დარდობდა. „ოღონდაც ეს ისეთი იმედია, მთელ ცხოვრებას რომ გასდევს და ახასიათებს – რადგანაც ჩვენი სიცოცხლეც ხომ ჟინი უფროა, ვიდრე სამუდამოდ შემდგარი ფაქტი. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არის ამ ქვეყანაზე რამდენიმე ადამიანი, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება. თქვენ იცით, რომ ასეთი ადამიანებიდან ერთ-ერთი ხართ“.
კამიუს იმედგაცრუების მიზეზი საფრანგეთში შურისძიების ომისშემდგომი ტალღის აგორება იყო, რომლის უკიდურესობებსაც ის სილაჩრის გამოვლინებად მიიჩნევდა. კამიუ – თავადაც ომისდროინდელი წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური წევრი – თანამოქალაქეებს პირდაპირობისაკენ კი მოუწოდებდა, ოღონდაც მოწინააღმდეგის ადამიანობის პატივისცემით: „რაც არ უნდა მოხდეს, ჩემს მოწინააღმდეგეს ვერ შეურაცხვყოფ. ეს ჩემი ერთადერთი უცნაურობაა“, წერდა ის თვითირონიით.
ზომიერების ურყევი ეთიკის ქადაგებისას კამიუ სწორედ ანტიკური ათენის გამოცდილებას დაესესხა. ელინური კულტურისა და ფილოსოფიის მოყვარულმა კამიუმ იქედან ყოველგვარი გადამლაშებისა და ზედმეტობისადმი ეჭვით მოპყრობა ისწავლა და შეისისხლხორცა. ზღვარის პატივისცემა, იმის შეგნება, რომ ყველაფრის ცოდნით მოკვეხართა ამაოებას, აკვიატებული იდეით შეპყრობილთა ძალმომრეობას, რომელთაც ყველაფერი დასაშვებად მიაჩნიათ თავიანთი იდეის განხორციელებისათვის, ზღვარი უნდა დაუწესდეს.
ამ ყველაფერს კამიუ ანტიკურ ფილოსოფიას კი უკავშირებს, მაგრამ მისთვის ეს შეგრძნება აბსტრაქცია სულაც არ ყოფილა, პირიქით – ცხოვრებისეულ გამოცდილებას ემყარებოდა. თუნდაც ბავშვობაში გამოცდილ სიღარიბეს: „მე თავისუფლება მარქსისგან არ მისწავლია. ის ჭეშმარიტია: სიღარიბეში ნასწავლი. თქვენს შორის მრავალმა არც კი იცის ეს სიტყვა რას ნიშნავს“, ასე ასილაქებდა კამიუ ბურჟუაზიული წრეებიდან წამოსულ ინტელექტუალებს, რომელნიც – მისი აზრით – „ხალხზე“ განუწყვეტელი საუბრის მიღმა ჩვეულებრივი ადამიანებისადმი ქედმაღლურ ზიზღს ფარავდნენ.
„ყოყმანის ვალდებულება“
ალბერ კამიუ ალჟირში დაიბადა, ხელმოკლე ოჯახში. მალევე დაობლდა – მამა გარდაეცვალა. ჩვიდმეტი წლის ასაკში კი ტუბერკულოზით დაავადდა. სწავლისგან მოწყვეტით გულდაწყვეტილი, ღონეგამოცლილი, სიკვდილის სიახლოვეს გრძნობდა. ყოფიერების აბსურდულობაზე, ღმერთის დუმილზე, განსჯის ამაოებაზე ფიქრებიც აქედან მოდის. რაც მთავარია, სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ „ყოყმანის ვალდებულება“ მისთვის უმთავრესია.
ცხოვრებაში მთავარი თითქოს გამოცდილებაა. ოღონდაც, ახალგაზრდა კამიუ „გამოცდილებასაც“ ეჭვის თვალით უცქერს: „სიტყვა „გამოცდილება“ ამაოებაშია დაფერილი. ჩვენი გამოცდილება ხომ ნებით ჩატარებულ ექსპერიმენტს არ ემყარება. მას ჩვენ კი არ ვიწვევთ, არამედ მისი გადატანა გვიწევს. რასაც ჩვენ „გამოცდილებას“ ვუწოდებთ, უფრო თმენაა. ჩვენც ვითმენთ“, წერს 22 წლის კამიუ თავის დღიურებში. კამიუ მოთმინებით იღებს გამოცდილებას, ოღონდაც ამ მოთმინებას აქტიური ხასიათი აქვს, რეალურ ცხოვრებაში მისი მონაწილეობა ფრიად შესამჩნევია.
ამ აზრებით შთაგონებული, ალჟირის ომის დროს კამიუ შეუძლებელ იდეას – ფედერალიზაციას იცავს, რომელიც კოლონიურ სისტემას დაამსხვრევდა ისე, რომ ფრანგებსა და ალჟირელებს შორის ახალი სახის თანაცხოვრებას დაუდებდა სათავეს. ამ პოზიციის გაგება ზომიერების კუთხიდანაც შეიძლება, ოღონდაც არ უნდა დაგვავიწყდეს ის სისხლხორცეული კავშირი, რომელიც მას – ფრანგი კოლონისტების შვილს – თავისი მშობლიური მხარის ხალხთან და ბუნებასთან აკავშირებდა.
„ინტელექტუალს მიწოდებთ? კი ბატონო! ამას არასოდეს უარვყოფ. ინტელექტუალი = მას ვინც საკუთარ თავს გვერდიდან უყურებს. ეს ძალიანაც მომწონს“,
ალბერ კამიუ
წლებით ადრე, 1935 წელს, ხალხის წიაღიდან გამოსული კამიუ კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, რაც ალბათ მაშინ ხელისუფლებაში მოსული „სახალხო ფრონტის“ მიერ შთაგონებული იმედების გამოხატულება იყო. თუმცაღა, ალჟირელი ნაციონალისტებისადმი დამოკიდებულების გამო თავის პარტიულ კოლეგებს მკაცრად აკრიტიკებდა და მალევე გარიცხეს, როგორც „ტროცკისტი პროვოკატორი“, როგორც ეს მაშინ მოდაში იყო. ამ გამოცდილებამ ახალგაზრდა კამიუს, რომელიც პარტიისთვის მსახურებისადმი სულითა და ხორცით მზად იყო, კარგი გაკვეთილი ასწავლა, რომელიც ორი მიმართულებით განავითარა და უკვე შემდეგში დაუპირისპირა ყოფილ პარტიულ კოლეგებს, „პროგრესისტ“ ინტელექტუალებს.
ერთი მხრივ, კამიუ მათ ცხოვრებისეული რეალობის თეორიულ გალიაში მოქცევის სურვილს აყვედრიდა: „ადამიანსა და მის ცხოვრებას შორის „კაპიტალის“ ტომის ჩაჩურთვას“ თავი ანებეთო, ამბობდა.
მეორე მხრივ, მემარცხენე ინტელექტუალებს ფუნდამენტურ ნაკლზე მიუთითებდა, თქვენ არასოდეს აღიარებთ, რომ თქვენი მოწინააღმდეგე შეიძლება სწორ გზაზე იდგესო. კამიუს თვალში, ამ ორ მანკიერებას ერთი მიზეზი ჰქონდა: შავ-თეთრი იდეოლოგია და ეგზისტენციალური ტყუილი ერთმანეთისაგან განუყოფელია – ყალბი გული ცრუ სიტყვებსა შობს.
როგორ შევუხამოთ ერთმანეთს აღშფოთება და გამჭრიახობა? შესაძლებელია კი ამბოხმა მისთვის დამახასიათებელ „სამართლიანობისაკენ სწრაფვას“ ძალი მისცეს ისე, რომ რეალობას საღი თვალი არ მოწყვიტოს? კამიუ ამ კითხვებს მუდმივად უსვამდა საკუთარ თავსაც და, განსაკუთრებით, იმ ინტელექტუალებს რომლებიც პოლიტიკურ პოზიციებს იცავდნენ: ჰიროშიმას დაბომბვის შემდეგ, ბუდაპეშტში საბჭოთა ტანკების შეჭრისას, ანდა როცა ალჟირის „ეროვნული განთავისუფლების ფრონტი“ (FLN) იქაური ეროვნული მოძრაობის ხელში ჩაგდებას ცდილობდა… კომუნისტური დოქტრინის მოქადაგეებს, ისევე, როგორც ანტიკოლონისტური მოძრაობის აქტივისტებს კამიუ სხვათა დამორჩილებისადმი სწრაფვას სდებდა ბრალად, ამბობდა, მოწინააღმდეგეებისთვის „ენების ამოჭრა“ სურთ, რათა თავიანთ ბელადებს დაუგდონ წინო.
პოლიტიკისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა და ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების დაფასების მიუხედავად, კამიუ არასოდეს უჭერდა მხარს რეაქციონერებსა და თვითგამოცხადებულ „ხალხოსნებს“. ინტელექტუალიზმის უარყოფის ტალღას ის ფანატიკოსებისათვის გზის გახსნად მიიჩნევდა. „ინტელექტუალს მიწოდებთ? კი ბატონო! ამას არასოდეს უარვყოფ. ინტელექტუალი = მას ვინც საკუთარ თავს გვერდიდან უყურებს. ეს ძალიანაც მომწონს. როცა ამბობენ „მეზიზღებიან მოაზროვნეები“ სინამდვილეში გულისხმობენ: „აღარ შემიძლია საკუთარ ეჭვებთან ცხოვრება“.
მიუხედავად იმისა, რომ სამღვდელოებას პირადად თავს არასოდეს ესხმოდა, კამიუ მკაცრად აკრიტიკებდა მათ ქცევას, რომელიც ღალატობს ადამიანს, უარს ამბობს ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობის აღებაზე, საკუთარი მორალური უპირატესობის შეგრძნებას, რომლითაც ისინი დისკუსიაში დასაბუთებასა და ნიუანსს უარყოფენ და საპასუხოდ მყის გადადიან დაშინებაზე. „გადამლაშებით ყველა ვიმშვიდებთ თავს, ზოგი კი კარიერასაც იკეთებსო“, ამბობდა კამიუ მწარე ირონიით.
სიმამაცეა, როცა გრძნობ საზღვრებს
კამიუს ბევრი თანამედროვე აკრიტიკებდა. ჟან პოლ სარტრი „გულუბრყვილო ბურჟუას“ უძახდა, ფრანსის ჯენსონი „წითელი ჯვრის მორალის“ მქადაგებელს. მათ წინააღმდეგ კამიუ თავს მედგრად იცავდა. ის, ვინც საკუთარ შეცდომებს აღიარებს უხერხემლო კი არა, პატიოსანი ადამიანიაო, ასაბუთებდა კამიუ. ვინც საკუთარ სისუსტეს აღიარებს, ლაჩრის სახელს არ იმსახურებსო.
სიმამაცეა, აღიარო საკუთარი შესაძლებლობების ფარგლები, ზომიერების დაცვაც გარკვეული რადიკალიზმია: „მე არასოდეს მწამდა, რომ ჭეშმარიტება იზეიმებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჭეშმარიტებაა“, წერდა კამიუ 1943 წელს, თავის „წერილში გერმანელ მეგობარს“, „გულს დამიმშვიდებს, თუკი მეცოდინება, რომ ამ ორ ძალას თანაბარი ენერგიაც რომ გააჩნდეს, ჭეშმარიტება სძლევს სიცრუეს. დღეს ამ რთულ წონასწორობას მივაღწიეთ. სწორედ ამ ნიუანსს ვეყრდნობით, როცა ვიბრძვით. მაცდუნებს სურვილი გითხრათ, რომ სწორედ ნიუანსებისათვის ვიბრძვით, ოღონდ ისეთი ნიუანსისათვის, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებისათვის“.
ნაცისტებისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე, კამიუ ამბობს რომ ძალის გამოყენება ლეგიტიმურია, ოღონდაც ტერორი – დაუშვებელი: „ჩვენს სამყაროს ნელთბილი სულისკვეთების ხალხი არა სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ანთებული გულები, რომლებმაც იციან, თუ როგორ მიანიჭონ ღირსეული ადგილი ზომიერებას“.
ეს ნიშნავს, რომ სათქმელი სიტყვა უნდა აიწონოს, ხოლო ზოგჯერ იმასაც, რომ ლაპარაკს სიჩუმე ჯობია. თუკი მსჯელობას სისულელე შეერევა, როცა თვითდაჯერებული უმეცრება თავისუფალ სიტყვას ახრჩობს, ჩუმად ყოფნა საუკეთესო ბარიერია. „საჯაროდ აზრის გამოთქმისადმი ზიზღი დამეუფლა. მინდოდა ენა ჩამეგდო“, წერდა პარტიზანი ჟურნალისტი, როცა ოკუპაციიდან გათავისუფლების შემდეგ საფრანგეთს კოლაბორაციონისტების „წმენდების“ ტალღამ გადაუარა.
შვიდი ათწლეული გავიდა მას შემდეგ და ჩვენი საჯარო დისკუსია ხელახლა, მრავალი მხრიდან დაიპყრო „განწმენდის“ მსურველთა შემოტევამ. კამიუ თუ შეგვახსენებს, რომ მოსაზრებების კაკაფონიაში, არაფერია ნიუანსის აღქმაზე უფრო რადიკალური.
სტატია გაზეთ ლე მონდში გამოქვეყნდა. ფრანგულიდან თარგმნა ჯაბა დევდარიანმა