შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ „ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალურმა სამსახურმა“ ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ცენტრზე კიბერშეტევა განახორციელა. სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის სამსახურები დგანან თავდასხმის უკან, თუმცა თქვა, რომ საკითხზე გამოძიება დაწყებულია.
ქართველი პოლიტიკოსები, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე – ოპოზიციიდან, რუსულ კვალს ხედავენ. გთავაზობთ მათ გამოხმაურებებს:
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“
გიორგი ვოლსკი – „ქართული ოცნება“: „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები, ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს, გარკვეულწილად არის ეს კიბერშეტევა, გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების; მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს. რაც გამოქვეყნებულია რაღაც საიტზე ..[…].. მონაცემები, მნიშვნელოვანწილად, ძირითადად არის უზუსტობა… რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, კიბერშეტევებისგან დაცულია. ყოველ შემთხვევაში, ეს შემოტევა მოგერიებულია. საფრთხე ყოველთვის არის. ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება. ნებისმიერ ქვეყანაზე შეიძლება კიბერშეტევის მიტანა. რეალურად ძნელია, მაგრამ დასადგენია წყარო, საიდანაც მომდინარეობს ეს შეტევა“.
ირაკლი სესიაშვილი – მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“: „ნოვიჩოკის შემქმნელი და მწარმოებელი რუსეთია და ამ ნივთიერებით თანამედროვე რუსეთში რამდენიმე ადამიანი იქნა მოკლული, ეს არის ფაქტი… პირველ რიგში ამას ვუკავშირებ ლუგართან მიმართებაში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დისკრედიტაციას რუსეთის მხრიდან. მეორე, ვუკავშირებ COVID-19-თან ბრძოლას, იმიტომ, რომ საქართველო იყო ძალიან წარმატებული… და რუსეთს არ აწყობდა, რომ საქართველო წარმატებული იყო, ამ მიმართულებითაც შეიძლება დისკრედიტაციას ველოდოთ. პლუს, ყველაფერთან ერთად, წინასაარჩევნო პერიოდია და როგორც ჩანს, ჩვენს მტრებს არ სურთ, რომ ძლიერი საქართველო გამოჩნდეს“.
ოპოზიცია
რომან გოცირიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ეს არის რუსეთის მეკობრული, ყაჩაღური თავდასხმა საქართველოსადმი, უნდათ რა პუტინის მიერ მისი მთავარი ოპონენტის, ნავალნის მკვლელობის მცდელობის საკითხი გადაიტანონ სხვა მიმართულებით, გადააბრალონ ამერიკას და ამერიკის მეშვეობით, საქართველოს და თითქოს აქ მზადდებოდეს სამხედრო მომწამვლელი ნივთიერება, რომელსაც „ნოვიჩოკს“ ეძახიან, რომელიც რუსეთის სამხედრო და სპეცსამსახურებს აქვთ. ერთმანეთს ემთხვევა რუსი პოლიტიკოსების განცხადებები და საქართველოში განხორციელებული კიბერშეტევა და ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქვეყნის სუვერენიტეტზე“.
ელენე ხოშტარია – „ევროპული საქართველო“: „ცხადია, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან კიბერშეტევა, ეს არის რუსეთის ფორმა ზოგადად ქვეყნებთან დაპირისპირების და ამაზე ჩვენს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო პოზიცია… დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩუმად კი არ ჩურჩულებდეს ამ საკითხებზე, ან კი არ ეშინოდეს ამაზე ლაპარაკი, არამედ ღიად ისაუბროს, რომ რუსეთი კვლავ გააქტიურებულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)