Site icon Civil.ge

პატრიოტთა ალიანსმა პარტიული სიის ნაწილი და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა

პატრიოტთა ალიანსმა პარტიული სიის ნაწილი და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა. ფოტო: FB/Irma Inashvili

კრემლთან დაახლოებულმა პარტიამ „პატრიოტთა ალიანსმა“ 13 სექტემბერს ქუთაისის ცენტრალური მოედანზე გამართულ შეკრებაზე პარტიული სიის პირველი 25 წევრი და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.

ქვემოთ მოცემულია პარტიულ სიაში შესული დეპუტატობის პირველი 25 კანდიდატი, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყრის კენჭს:

1. ირმა ინაშვილი, ვიცე-სპიკერი
2. გიორგი ლომია, დეპუტატი
3. გოჩა თევდორაძე, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს იმერეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორის მოადგილე
4. ავთანდილ ენუქიძე
5. ზაზა (გელა) მიქაძე, დეპუტატი, საქართველოს გოლფის ფედერაციის პრეზიდენტი
6. ნანა დევდარიანი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე
7. ფრიდონ ინჯია, ტელეკომუნიკაციების ყოფილი მინისტრი, 2000-2004 წლებში დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან
8. დავით ზილფიმიანი, „სტერეო+“-ის დამფუძნებელი
9. ცისანა სეფიაშვილი, მომღერალი
10. მერაბ ჭიქაშვილი, მსახიობი
11. გურამ ნიკოლაიშვილი, გენშტაბის ყოფილი უფროსი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე
12. მარინა მოლოდინი
13. ვახტანგ ყოლბაია, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე
14. სამველ პეტროსიანი
15. ეკა მირიანაშვილი
16. არჩილ ლეკიშვილი
17. ბესიკ ცქიფურიშვილი
18. ანი კიკნაძე
19. დავით გიორგობიანი
20. მარიამ ბათირიშვილი, პანკისის ხეობის მკვიდრი
21. მაია კუტუბიძე
22. გოდერძი ამაშუკელი
23. თომა ხაბეიშვილი
24. მახირ უსუბოვი
25. ტატიანა მარტინენკო

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა ექიმი ნონა ასათიანი ქუთაისის ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს. ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ „პარტია სტიმულს აძლევს მანდილოსნებს, რომ შემოვიდნენ პოლიტიკაში და იყვნენ აქტიურები“.  

ქუთაისის შეკრებაზე გამოსვლისას, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსი ქვეყანაში „ყველაზე ძლიერი ძალაა“. მისივე თქმით, ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა ამ პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის კოალიციური მთავრობისთვის ხმის მიცემის ტოლფასი იქნება.
დავით თარხან-მოურავმა განმარტა, რომ თავად იმიტომ არ არის პარტიულ სიაში, რომ გეგმავს საკუთარი დრო სოხუმს და ცხინვალს დაუთმოს და მათთან ყველა კავშირი აღადგინოს.

შემდეგ თარხან-მოურავმა ცესკო-ს გადაწყვეტილება დაგმო, რომლითაც პატრიოტთა ალიანსი ანტი-თურქული გზავნილების შემცველი საარჩევნო კლიპების გავრცელების გამო დააჯარიმა.

„ჩვენ არავინ არ გვძულს, არ გვძულს თურქები, ეს ტყუილია“, – განაცხადა თარხან-მოურავმა. „ჩვენ არ მოვითმენთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი საუბრობდეს იმის თაობაზე, რომ თურმე თურქი ისტორიკოსების აზრით, ბათუმი არის [თურქეთი]. მე რამდენადაც ვიცი, თვითონ ერდოღანი დაბადებულია რიზეში, რიზე არის საქართველო… რომელიც დღეს არის რატომღაც თურქეთში. აჭარა არის საქართველო, არასოდეს არ იქნება თურქეთი“.

ღია ცის ქვეშ გამართული შეხვედრის პარალელურად, ადგილობრივი აქტივისტების მცირე ჯგუფმა პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ კონტრაქცია გამართა. მათ პატრიოტთა ალიანსის „პრორუსული პოლიტიკა“ გააპროტესტეს და პარტიის მხარდამჭერებისთვის ქვაბით „რუსული ბორში“ მიიტანეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)