ჟორჟ ბერნანოსი: გულგამგმირავი გამჭრიახობა

სამეფო ძალაუფლების მომხრე ერთმა მწერალმა გაბედა და არ დახუჭა თვალი ესპანეთის სამოქალაქო ომის შემზარავი სურათის წინაშე. მის ამბოხებულ მზერას მიაგებს პატივს ჩვენი ახალი სტატია ციკლიდან, რომელიც მეოცე საუკუნეში კრიტიკული აზროვნებისა და ზომიერების მქადაგებელ გამოჩენილ ადამიანებს ეძღვნება.

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ საყვარელი ფერწერული ტილო, რომელიც გინახავთ ათჯერ, ასჯერაც კი, რომელსაც თითქოს საკუთარი ხელისგულივით იცნობთ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღესაც საფოსტო ბარათს გიჩვენებენ და გეუბნებიან, რომ ის თქვენს საყვარელ ტილოზეა გამოსახული, როგორც ერთი დეტალი. ჯერ არ გჯერათ, რამდენჯერ გინახავთ ეს სურათი და საფოსტო ბარათი მასზე არასოდეს შეგიმჩნევიათ. არადა, რომ დააკვირდებით, გიწევთ იმის აღიარება, რომ მართლაც არსებობს მჭიდრო კავშირი თქვენთვის ასე ახლობელ ტილოსა და საფოსტო ბარათს შორის. სწორედ ამ წამში, თქვენს საყვარელ ფერწერულ სურათს სინათლის ახალი სხივი დაეცემა – ნიუანსის შემოტანით იცვლება თქვენი ვიზუალური წარმოდგენა, ერთი დეტალი მთელ სურათს აყენებს ეჭვქვეშ. მთავარია იცოდე, როგორ შეამჩნიო ეს დეტალი; როგორ დაარქვა მას სახელი. „ვალდებული ხართ ყოველთვის თქვათ ის, რასაც ხედავთ: უფრო მეტიც – და რაც ყველაზე უფრო რთულია – ვალდებული ხართ დაინახოთ ის, რასაც ხედავთ,“ ასე წერდა კათოლიკე მწერალი შარლ პეგი (Charles Péguy ) 1910 წელს, პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე დაღუპვამდე ოთხი წლით ადრე.

ჯერ ოცი წელიც არ გასულიყო, ევროპამ კი ახალი სასაკლაოსკენ აიღო გეზი. კიდევ ერთი ჯარისკაცი, ასევე მორწმუნე ქრისტიანი, დაიხსომებს შარლ პეგის გაკვეთილს და დაამტკიცებს, რომ მას არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ პოლიტიკური ძალაც გააჩნია. „უნდა დაინახო. უნდა გაიაზრო. სულ ესაა,“ ასე შეაჯამებს თავის მოვალეობას ჟორჟ ბერნანოსი 1938 წელს თავის ნაშრომში „მთვარის შუქში გახვეული სასაფლაოები“, რომელიც დღესაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას.

ეს პამფლეტი ესპანეთის სამოქალაქო ომის შესახებ მოგვითხრობს. მისი ავტორი თავადაა ამ მოვლენების მოწმე და მათ კვალდაკვალ ქმნის თავის ნაშრომს. ბერნანოსი სამეფო ძალაუფლების მომხრე მორწმუნე კათოლიკეა და ამისდა მიუხედავად, გენერალი ფრანკოსა და მისი ანაფორიანი მომხრეების მიერ ჩადენილ დანაშაულს  აღშფოთებით აღწერს. მისი წიგნი ორმაგადაა გამორჩეული: ერთი მხრივ ესპანეთის მაშინდელ პოლიტიკურ სცენას თავდაყირა აყენებს და მეორეც – იწინასწარმეტყველებს იმ ბარბაროსულ ძალადობას, რომელიც მისი გამოცემიდან სულ ორიოდ წლის შემდეგ დაატყდება მსოფლიოს. ბერნანოსი, ისევე როგორც მანამდე პეგი, სინდისის აზვირთებას უდრეკ მზერას უდებს საფუძვლად.

„მე ვნახე ეს, ჩემი თვალით ვიხილე, რასაც თქვენ ახლა მოგითხრობთ: ვნახე პატარა ქრისტიანი ერი, მშვიდობიანი ზნისა, გადაჭარბებული და ზოგჯერ ზღვარგადასული მეგობრობის მოყვარული, როგორ უცბად გაქვავდა და დაიკუშტა; მე ვნახე, თუ როგორ ჩაიკეტა სახეები, ბავშვების სახეებიც კი,“ წერდა რომანისტი.

ევროპის ცეცხლმოდებული სინდისი

1934 წელს ბერნანოსი თავის ოჯახთან ერთად კუნძულ მალიორკაზე დასახლდა. აქ ცხოვრება უფრო იაფია, ვიდრე საფრანგეთში. სწორედ მის თვალწინ მოხდა ფრანკისტული პუტჩი და გადატრიალება, რომელსაც მწერალი თავიდან ცხოველი სიმპათიით შეეგება. იმ დროს, ბერნანოსი რესპუბლიკანიზმის მოწინააღმდეგე და ძალის გამოყენების მომხრეა. „როგორც იქნა, გამოჩნდნენ სამხედროები, ვისაც რევოლუციის მოწყობის თავი აღმოაჩნდათ, სისულელე იქნება, მათ მხარი არ დავუჭიროთ. დიდება ესპანეთს!“, წერს აღფრთოვანებული ბერნანოსი. ეს სულაც არაა სეირის მაყურებლის ლიტონი სიტყვები – ბოლოსდაბოლოს, სულ ახალგაზრდამ, თავის მეგობრებთან ერთად, განა ჯერ კიდევ 1912 წელს არ მოაწყო წინასწარვე განწირული ექსპედიცია პორტუგალიაში მონარქიის აღსადგენად?! ბუნებრივია, ასეთი წარსულისა და მრწამსის ადამიანი ტაშით შეეგება ესპანეთში მიმდინარე გადატრიალებას: ჯარმა დაამხო „წითელი“ რესპუბლიკა და ქრისტიანობის დროშით წესრიგის აღდგენას ჰპირდებოდა ხალხს.

ბერნანოსის მზერის ქვეშ ეს დაპირება სულ უფრო დაემსგავსა სიცრუეს. ძალიან მალე მწერალი ამჩნევს ერთ-ორ აბეზარა დეტალს, შემდეგ ბოროტების რამდენიმე აჩრდილიც გამოდის სცენაზე და ბოლოს სისხლის ლაქებიც აშკარად ჩნდება. რასაც ის ხედავს, სულ უფრო ნაკლებად წააგავს სულიერების სახელით გამართულ ჯვაროსნულ ლაშქრობას და სულ უფრო მეტად იღებს „ამაზრზენი სპექტაკლის“ სახეს, რომელის რეჟისორებსაც ფრანკო, მუსოლინი და ჰიტლერი ჰქვიათ. რესპუბლიკელების თავს დატეხილი ტერორით ბერნანოსი შეძრულია, ის თვალის დახუჭვაზე უარს ამბობს. მეტიც, თავის მოვალეობად თვლის, აღწეროს „შიდა წმენდის ჯგუფების“ საქმიანობა, რომლებიც სოფლიდან სოფელში დადიან და სიკვდილს სთესავენ, საღამოს კი სასაფლაოებისკენ მიათრევენ „არასწორად მოაზროვნეთა“ ყოველდღიურ ტვირთს.

„ბუნებრივია, თქვენ გაგიჭირდებათ ამის წაკითხვა,“ წერს ბერნანოსი „მეც მიმძიმს ამის წერა. ოღონდ კიდევ უფრო მიმძიმს ამის დანახვა (…) მძიმეა იმის ხილვა, თუ როგორ იქცევა ბოროტებად ჩვენს თვალწინ ის, რისი სიყვარულისთვისაც ვართ შობილნი.“

ეს ღრმად მორწმუნე კათოლიკე, უკვე განთქმული, 1936 წელს გამოცემული „სოფლის მღვდლის დღიურების“ ავტორი, იძულებულია აღწეროს იმ მღვდლების საქციელი, რომლებიც ზიარებას ავტომატის ორ ჯერს შორის გასცემენ ნისიად „ფეხებით კი სისხლში დგანან“. „იძულებულიო“, ვთქვით, და აქ კი შევცდით. ბერნანოსი სულაც არ იყო ვალდებული ეთქვა ის, რასაც ხედავდა. პირიქით, მისი საქციელი იმდენად გამონაკლისი იყო, რომ ნამდვილ გმირობას წარმოადგენდა.

ეს სწორედ ის დროა, როცა ესპანეთის სამოქალაქო ომი მთელს ევროპაში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში საზოგადოების განსჯისა და ღელვის საგანია. მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც, ფრანკოს მომხრეები და რესპუბლიკელთა დამცველები საპირისპირო სანგრებში გადანაწილდნენ. ამ პირობებში, ნიუანსის დანახვა ღალატის ტოლფასია. „ერთ მხარესაა სიკეთე, მეორე მხარეს ბოროტება. უნდა აირჩიოთ,“ მოჭრის შარლ მორრასი (Charles Maurras), მემარჯვენე „აქსიონ ფრანსეზის“ (ფრანგული ქმედების) წარმომადგენელი, რომელსაც მალე მისი მტრები „აქსიონ ფრანკისტს“ (ფრანკისტულ ქმედებას) შეარქმევენ.

ბერნანოსი ადრე სწორედ ამ გავლენიანი მონარქისტული მოძრაობის წევრი იყო, ოღონდაც ახლა გადაჭრით იტყვის უარს, თავისი ხმა შეუერთოს ფრანკოს ფრანგ მოყვარულებს შორის გაბატონებულ აზრს. ულტრამემარჯვენე გაზეთები ამას არასოდეს აპატიებენ: „განაწყენებული“, „გზასაცდენილი“, „ტვინაბნეული“… გაზეთები მის წინააღმდეგ ყოველ დღე ისვრიან ლაფს. „არა აქვს აზრი ამ საცოდავ ყეყეჩთან საუბარს,“ აცხადებს „აქსიონ ფრანსეზი“.

ამ კუშტ სახეებს ბერნანოსი ზიზღისაგან დაცლილი მზერას უპირისპირებს. შარლ მორრასის შესახებ, ვისაც ადრე ერთგულად ემსახურა, ბერნანოსი დაწერს: „ეჭვი მისთვის აბსოლუტურად შეუთავსებელია შინაგან, ზებუნებრივ სულიერ ცხოვრებასთან. მას იგი უკიდურეს სიმდაბლედ, სულის მანკად მიიჩნევს. მას არასოდეს შეუხედავს სასოწარკვეთით საკუთარი წიგნების, საკუთარ თავისთვის. რადგანაც სასოწარკვეთის შეგრძნობა რომ შეძლო, ჯერ ხომ უნდა გიყვარდეს რამე.“

ჩვენი არსების მოშხამული ნაწილი

ამ სიტყვებში კარგად ჩანს ბერნანოსის გამჭრიახობის საყრდენი. მისთვის შემეცნება შეუძლებელია სიყვარულის გარეშე, პატივი ტანჯვის გარეშე და ეს იმიტომ, რომ გზას რწმენის ჩირაღდანი უნათებს და არა იდეოლოგიისა. „ჩემი ცხოვრების ჩვიდმეტი წელი მივუძღვენი მორასს და ჩემი რწმენით, მივუძღვენი სრულიად. ოღონდაც მალევე მივხვდი, რომ ინტელექტით მოხიბლვა რწმენაში არ უნდა აგვერიოს. მე კი მხოლოდ რწმენის მიმდევარი კაცი ვარ,“ იგონებდა ის.

ქრისტიანი თავისი მოწოდებით შეიგრძნობს ადამიანის ბუნებაში არსებულ ხინჯს და სწორედ ამ ხინჯის გულდასმით შესწავლას დაუთმო ბერნანოსმა თავისი კალამი. მისი რომანები ჩვენი შინაგანი მრუმე ღამის შესანიშნავი კვლევაა, ჩვენი არსების ჭაობიანი, შხამიანი, სირცხვილით სავსე კუნჭულებისა, რომელსაც თავის 1927 წელს გამოცემულ რომანში „სულის მიძინებულ და გახრწნილ ტბას“ უწოდებდა.

სწორედ ამ ტბებში ბუდობენ არსებები, ვისაც ბერნანოსი „იმბეცილებს“ უძახდა. „სამყარო გავსებულია იმბეცილების რისხვით,“ წერდა ის.  ბერნანოსის რწმენით ადამიანის „სინაცრისფრე“ არც სისუსტეა და არც უმეცრება. პირიქით, ეს სულიერი დემონია, მეტაფიზიკური ძალა, სინდისის გაუკუღმართება, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს მორღვეულ მორალს, ზიზღით მართულ გონსა და ბრმა მოთმინებას.

იმბეცილი მეფობს ჩვენს დროში. მას ლოზუნგი ურჩევნია ჭეშმარიტებას, დანაშაული კი – თავისუფლებას.  სწორედ ამიტომ, იმბეცილი სპონტანურად „ირჩევს არ დაინახოს ის, რაც აშკარად თვალშისაცემია.“

რამის დასანახად კი ჯერ თვალები უნდა გქონდეს. სოციალური მედიის დაბადებამდე ჯერ ათწლეულები იყო დარჩენილი, როცა ბერნანოსი უკვე წერდა: „ვაი, რომ მე სხვაზე უკეთ ვიცი, თუ რა შეუძლია გაიღოს ოციოდე წლის ჭაბუკმა, როგორ შეუძლია გაწიროს საკუთარი სული პარტიული პროპაგანდის იმ უგვანო პროდუქტისათვის, რომლებიც ნამდვილი მოსაზრებისაგან ისე განსხვავდება, როგორც ზოგიერთი პრიმიტიული ორგანიზმი ძუძუმწოვარა ცხოველისაგან – ერთი ხვრელი საწოვრად, მეორე ექსკრემენტებისთვის – პირი და ანუსი. ისე, ზოგიერთი არსებისათვის ორივე ერთი ხვრელია.“

თავში ნათქვამი „ვაი, რომ“ მნიშვნელოვანია – ბერნანოსი ასე მწარედ იმიტომ იქნევს მათრახს, რომ იცის რაზეც საუბრობს. თავადაც დიდხანს შეიწოვდა და ანთხევდა „პროპაგანდის ბალანდას“. როიალისტების ოჯახში დაბადებულსა და გაზრდილს, დემოკრატიის, სიახლის, ებრაელების გაგონებაზე გული ერეოდა… მის ბევრ ნაშრომში, გვიანდელშიც კი, გაიჟღერებს ხოლმე მაშინდელი ზიზღის კვალი. გამოფხიზლებული ბერნანოსის კალამი იარაღია და ის ჰაეროვანი მაქმანების ქარგვით თავს არ იწუხებს.

„მთვარის შუქში გახვეული სასაფლაოები“ ჯერ გამოსული არ იყო, როცა მეგობრები საყვედურობდნენ, ხშირად ეწვევი ხოლმეო „პოლემიკის იმ მხარეს, გარკვეული თვალსაზრისით არაჰუმანურს, სადაც მთავარი ჭეშმარიტების დადგენა კი არაა, არამედ გადამწყვეტი და საბოლოო ბრძოლა ისეთი მიზნისთვის, რომლის გასამარჯვებლად ყველაფრის გაწირვა შეიძლება, მეგობრებისა და სამართლიანობის ჩათვლითო,“ წერდა ფილოსოფოსი რაისსა მარიტანი (Raïssa Maritain) გულდაწყვეტით.

„ორგზის უარყოფილი“

სწორედ ამ გამოცდილების გადმოსახედიდან კიდევ უფრო საოცარია ბერნანოსის საქციელი და თავისი რჩეული წრისა და რწმენის საწინააღმდეგოდ წასვლა. მან, ერთგულმა საჭურველმტვირთველმა, უარყო და ნიღაბი ჩამოხსნა თავის მეფეს, მაურასს. მან, ეკლესიის სახელით მებრძოლმა, საჯარო გახადა ეკლესიის დანაშაულში თანამონაწილეობა. მან, დემოკრატიის მოძულემ, გენერალ დე გოლის მხარდაჭერა არჩია ვიშის რეჟიმის მსახურებას. მან, ანტისემიტმა, პატივი მიაგო ვარშავის გეტოს მებრძოლებს.

იყო კი, ბერნანოსი, როგორც ალბერტ კამიუ წერდა „ორგზის უარყოფილი მწერალი“? ერთხელ – მის მიერ მხილებული მემარჯვენეების მიერ და მეორედ – მემარცხენეების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ თავისიანებში ჩაეწერათ მაშინ, როცა მათთან საერთო არაფერი ჰქონდა? „სრულ უფლება მაქვს დავცინო იმ სულელებს, ვინც მაბრალებს, შეიცვალეო. მე კი არა, ისინი შეიცვალნენ, მე მათ ვეღარა ვცნობ,“ წერდა მწერალი ირონიით.

მაშ, რის ერთგულია ბერნანოსი? ამას მწერალმა თვითონვე უპასუხა:

„არ ვიცი ვისთვის ვწერ, მაგრამ ვიცი რისთვის ვწერ – ვწერ იმისათვის, რომ თავი ვიმართლო. ვის თვალშიო, იკითხავთ?! გეტყვით, და რომც დამცინოთ, გავიმეორებ კიდეც. იმ ბავშვის თვალში, რომელიც მე ვიყავი,“ წერდა ის ნაშრომში „დამცირებული ბავშვები“.

ბერნანოსი ბავშვობას მხოლოდ ასაკად კი არ თვლიდა, არამედ სულის იმ მდგომარეობად, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ, სულის მისწრაფებად, რომელიც ერთნაირად ეწინააღმდეგება მოჩვენებითსა და ფანატიურს, სულისკვეთებად, რომელიც ერთნაირად აუტანელია ნაცრისფერი იმბეცილებისთვისაც და ტოტალიტარიზმის შემოქმედი ზეკაცებისთვისაც – ესაა უნარი და სიმამაცე, ნანახს მისი ნამდვილი სახელი დაუძახო. აქ გულუბრყვილობას ხელი არა აქვს: მხოლოდ ბავშვის დაჟინებული მზერაა, გულგამგმირავი გამჭრიახობა. ბერნანოსისთვის, ნიუანსი – ეს დაძლეული სიბრმავეა.

ფრანგულიდან თარგმნა ჯაბა დევდარიანმა

Source
Georges Bernanos, une foudroyante lucidité