Site icon Civil.ge

ევროპის საბჭო რუსეთს დეპორტირებულებისთვის კომპენსაციის გადახდისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭო, 4 სექტემბერი, 2020. ფოტო: mfa.gov.ge

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 29 სექტემბერი – 1 ოქტომბერს გამართულ 1 383-ე შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, მინისტრთა მოადგილეებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთს ჯერაც არ გადაუხდია კომპენსაცია რუსეთიდან 2006 წელს დეპორტირებული საქართველოს სულ მცირე 1 500 მოქალაქისთვის. მათ რუსეთს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის უპირობო გადახდისკენ მოუწოდეს.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის იანვარში დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება, 10 მლნ ევროს კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. გადახდის ბოლო ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა.

მინისტრთა მოადგილეებმა გადაწყვიტეს, რომ საკითხის განხილცა 1 390-ე შეხვედრაზე განაახლონ (2020 წლის დეკემბერში) და იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის 12 ნოემბრისთვის რეალური პროგრესი მიღწეული არ იქნება, სამდივნოს დაევალა, რომ შუალედური რეზოლუციის პროექტი მოამზადოს, რომელსაც ამ შეხვედრაზე განიხილავენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2 ოქტომბრის განცხადებით, შუალედური რეზოლუცია ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ პროცედურების დასაწყებად პირველი პროცედურული ნაბიჯია.

მანამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საკითხზე 1-3 სექტემბერის 1377bis სხდომაზე იმსჯელა, სადაც შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ დეპორტირებულთათვის თანხის გადაუხდელობის გამო და დასძინა, რომ რუსეთს დამატებითი პირგასამტეხლო დაეკისრებოდა კომპენსაციის ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო. ამას გარდა, კომიტეტმა „სინანულით“ აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო სამდივნოსთან დეტალური კონსულტაციების გავლა გადახდის შესაძლო ფორმებთან დაკავშირებით.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)