საქართველოს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებმა 7 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნეს და მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების ფონზე, მოქალაქეებს, მთავრობასა და მედიას ქვეყანაში მშვიდობისა და შემწყნარებლობის ინტერესების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდეს.
მათვე „ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში ტოლერანტული გარემოს შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის“ სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, სათემო და რელიგიურ ლიდერებთან და ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდეს. განცხადება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ეთნო-რელიგიური ან სხვა ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენებისგან, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით.
„თხოვნით მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ იმ ტიპის ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შეიძლება ოდნავ მაინც შეუწყოს ხელი ეთნოსებს შორის ურთიერთობაში დაძაბულობის შემოტანასა და გაღრმავებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადებით, „საქართველოს მოქალაქეების სამშობლო საქართველოა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ მშვიდობა, შემწყნარებლობა და თანადგომა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, და იგივე მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან“.
„კონფლიქტის მხარეებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა იღონონ საომარი მოქმედებების შეჩერებისა და მშვიდობის მყარი გარანტიების შესაქმნელად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- თბილისის მკვიდრმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა „მთავარ არხთან“ აქცია გამართეს
- ენზელ მკოიანი აზერბაიჯანსა და თურქეთს ყარაბაღის კონფლიქტის გამო აკრიტიკებს
- დარსალია: საქართველოდან აზერბაიჯანში იარაღის შეტანაზე გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა
- თბილისი დეზინფორმაციას უწოდებს ცნობებს სირიის მებრძოლთა აზერბაიჯანისკენ გატარების შესახებ
- პროკურატურა დემარკაციის ექსპერტების მიერ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის გადაცემის საკითხს იძიებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)