Facebook-მა პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები წაშალა

სტატიის ორიგინალი გამოქვეყნდა ატლანტიკური საბჭოს „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის“ (Atlantic Council’s Digital Forensic Research Lab) მიერ, ლაბორატორიის ასოცირებული მკვლევრების – ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას ავტორობით.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე Facebook-მა ღიად პრორუსულ და მემარჯვენე ექსტრემისტულ პატრიოტთა ალიანსის პარტიასთან დაკავშირებული ქსელი წაშალა, რომელიც მიზნად ქართულ აუდიტორიაზე პოლიტიკური და საარჩევნო პოსტებით გასვლას ისახავდა. ამ ქსელის უკან მდგარი პირები Facebook-ის რამდენიმე გვერდს, ჯგუფსა და ყალბ ანგარიშს ფლობდნენ, რომელთა მეშვეობითაც ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ერთად, პროდასავლური ოპოზიციისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციას ეწეოდნენ.

მემარჯვენე-ექსტრემისტული, პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკური პარტიები ონლაინ თუ რეალურ სივრცეში განსაკუთრებით შესამჩნევი არჩევნებამდე გახდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგადაც პატრიოტთა ალიანსმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 6 ადგილი დაიკავა, პრორუსული პარტია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში არაერთხელ დაადანაშაულეს. ეს ბრძოლა, ძირითადად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და პროდასავლური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკაში გამოიხატებოდა. კრემლის ოპონენტ მიხაილ ხადარკოვსკის მიერ ლონდონში დაარსებული ორგანიზაციის, Dossier Center-ის ახლახანს ჩატარებული გამოძიების მიხედვით, პატრიოტთა ალიანსი პირდაპირ ფინანსდება კრემლისგან, რომელიც პარტიის საარჩევნო კამპანიასაც უძღვება. პატრიოტთა ალიანსი დიდი ხანია აჟღერებს მოწოდებებს საქართველოს და რუსეთს შორის „ურთიერთობის გაუმჯობესებაზე“, რის მისაღწევადაც მოსკოვსაც სტუმრობს ხოლმე. პატრიოტთა ალიანსი საქართველოში თავისი ანტი-დასავლური, ქსენოფობიური და თურქოფობიური განცხადებებითაცაა ცნობილი. ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოითხოვდნენ, პარტიას არ მისცემოდა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა; ისინი გენერალური პროკურატურისაგან მოითხოვდნენ გამოძიების დაწყებას პატრიოტთა ალიანსის კრემლთან კავშირებზე, რადგანაც კანონით ქართულ პარტიებსა და კანდიდატებს უცხოური და ანონიმური შემოწირულების მიღება ეკრძალებათ.

DRFLab-მა ახლახანს გამოაქვეყნა ანგარიში, თუ როგორ ცდილობდა პატრიოტთა ალიანსი ანტითურქული ბილბორდებითა და Facebook-ზე განთავსებული ანტითურქული რეკლამებით ეთნიკური და რელიგიური დაძაბულობის გამოწვევას.

წინასაარჩევნო პერიოდი საქარათველოში განსაკუთრებულად პოლარიზებული გახდა. ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ტალღამ, რომელთა მოთხოვნაც ქვეყნის საარჩევნო სისტემის შეცვლა გახლდათ, ასევე პარლამენტის გარეთ მომიტინგეების წყლის ჭავლით დაშლამ, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობამ და ფიზიკურმა შეტაკებებმა დაძაბული წინასაარჩევნო გარემოს შექმნას შეუწყო ხელი.

სწორედ ასეთი პოლიტიკური ვითარების პირობებში, Facebook-მა პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ანგარიშები წაშალა, რაც გამოქვეყნებულ განცხადებაში შემდეგი მიზეზებით ახსნა:

ეს ქსელი ჯერ კიდევ აუდიტორიის მოკრების ფაზაში იყო, როცა წავშალეთ. მის უკან მდგარი პირები ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ, (რომელთა ნაწილმაც სახელები არაერთხელ შეიცვალა), რათა ფიქტიური ადამიანები შეექმნათ, სხვა ხალხის განცხადებებზე დაეკომენტარებინათ, ჯგუფებში დაეპოსტათ და გვერდები ემართათ. ზოგიერთი ამ გვერდთაგანი თავს ახალი ამბების სააგენტოდ ასაღებდა. ქსელი ქართულ პოლიტიკასა და მიმდინარე ამბებზე ძირითადად ქართულ ენაზე პოსტავდა, მათ შორის, წერდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, აქვეყნებდა მიმებს და სხვა სახის მასალას რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, ავრცელებდა პატრიოტთა ალიანსისა და ქართული არჩევანის მხარდასაჭერ კომენტარებს, ეწეოდა პოლიტიკური ოპონენტებისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობის კრიტიკას. ქსელი ასევე ქმნიდა მასალებს, რომლებსაც ადგილობრივი fact-checker-ები სიყალბეში ამხელდნენ. არაავთენტურმა აქტივობები 2019 წლის დეკემბერში გამოჩნდა და მათი ფოკუსი პატრიოტთა ალიანსზე მუშაობა იყო, 2020 წლის მაისში კი მათ მიმართულება ქართულ არჩევანის სასარგებლო მუშაობაზე მიმართეს.

ეს წინასაარჩევნო პერიოდის საქართველოში ანგარიშების გაუქმების მესამე შემთხვევაა. DFRLab-ის მიერ გამოძიებული წინა ორი შემთხვევა მოიცავდა ქსელს, რომელიც ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებულ მთავრობასთან დაკავშირებულ კერძო მარკეტინგულ კომპანიას ეკუთვნოდა. მეორე შემთხვევაში კი ეხებოდა მედია ორგანიზაციას, რომელიც ასევე მმართველ პარტიასთან გახლდათ აფილირებული.

Facebook-ის გვერდები

Facebook-მა გააუქმა Tinp.ge – „დღეს პოლიტიკაში“ – გვერდი, რომელიც მალავდა რა კავშირებს პატრიოტთა ალიანსთან, თავს მედიასაშუალებად ასაღებდა. გვერდი 2019 წლის ნოემბერში შეიქმნა და სტატიებს ვებგვერდ Tinp.ge-დან აზიარებდა. საკუთრივ ეს საიტი კი მემარჯვენე-ექსტრემისტული პარტიისა და მისი ლიდერების აქტივობას თითქოსდა ობიექტური მაუწყებლობის საფარქვეშ აქეზებდა.

Tinp.ge პატრიოტთა ალიანსისა და მისი ლიდერების ანტი-დასავლური განცხადებების Facebook-ზე რეკლამირებას ეწეოდა. მითების დეტექტორის ცნობების მიხედვით, გვერდი ასევე უშვებდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გაწეული სამუშაოს მადისკრედიტირებელ რეკლამებს.

Facebook გვერდი Tinp.ge პატრიოტთა ალიანსის რეკლამირებას ეწეოდა (წყარო: Facebook).

Tinp.ge-ს გვერდის ადმინი გახლდათ ომარ მძევაშვილი, რომელიც Facebook-ის სხვა ჯგუფებსაც მართავდა. წმენდის ფარგლებში მისი პირადი ანგარიშიც გაუქმდა.

ადამიანი, რომელიც Tinp.ge-ს Facebook გვერდს მართავდა, სხვა მასთან ასოცირებულ გვერდებსაც ედგა სათავეში (წყარო: Facebook).

მასალის გასაფართოებლად, ქსელი ასევე მედიასააგენტოდ, საბროკერო კომპანიად და სხვა შინაარსის მატარებლად შენიღბულ Facebook გვერდებს იყენებდა. ეს გვერდები აზიარებდნენ სტატიებს როგორც Tinp.ge-დან, ასევე სპორტული თემატიკის სხვა ვებგვერდებიდან, მათ შორის sportvideo.ge, footballs.ge, sportery.ge და blogsport.ge.

DFRLab-მა გამოიკვლია პატრიოტთა ალიანსის მიერ გამოყენებული რამდენიმე დომეინი და მათთან აფილირებული გვერდები, რომლებიც იდეურად სპორტისთვის უნდა ყოფილიყო მიძღვნილი. სპორტულ სიახლეებთან ერთად, ეს დომეინები COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ზომებზე აკეთებდნენ აქცენტს მყვირალა სათაურებით, რათა გაეზარდათ მათ გვერდებზე შემომსვლელთა რაოდენობა და აქტიურობა (reach და engagement). ისინი ასევე ქართული ოცნების ლიდერების დადებით კონტექსტში წინ წამოწევას და მათი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ცდილობდნენ. გვხვდებოდა ისეთი სტატიებიც, რომლებიც ირანელების მიმართ უარყოფით განწყობებს აღვივებდა. საქართველოში განხილვის საგანია, არის თუ არა პატრიოტთა ალიანსი ქართული ოცნების სატელიტი პარტია. რამდენიმე ინდიკატორმა, მათ შორის პატრიოტთა ალიანსის მიერ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერამ, იდენტური პოლიტიკური მესიჯების გაჟღერებამ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიმართ და პატრიოტთა ალიანსის საპარლამენტო ფრაქციის ქართული ოცნების დეპუტატებით შევსებამ, ადგილობრივ აქტორებს ეჭვი გაუჩინა ორი პარტიის შორის არსებულ შესაძლო ფარულ ალიანსზე.

ქსელის ანგარიშები COVID-19-ზე და სპორტზე clickbait სათაურებით. ისინი ასევე დადებით კონტექსტში წარმოაჩენდნენ მმართველი ქართული ოცნების ლიდერებს და პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში მთავრობის მიერ გატარებულ საპასუხო ზომებს (წყარო: Facebook).

Sportery.ge-ს და Blogsport.ge-ს ბმულები პატრიოტთა ალიანსის და Tinp.ge-ს მარეკლამებელ ყალბი ანგარიშის მიერ განსაკუთრებით ხშირად გამოიყენებოდა. მესამე, dailyinfo.ge, თავს მედია გამშუქებლად ასაღებდა. Whois-ის საძიებო სისტემის მიხედვით, სამივე დომეინი დარეგისტრირებულია ერთი და იმავე ადამიანის, ბექა წულაიას სახელზე.

არაავთენტური ქსელის მიერ ხშირად გაზიარებული სამივე დომეინი ბექა წულაიას სახელზე იყო დარეგისტრირებული (წყარო: http://whois.domaintools.com)

BeQa TsuLaia-ს პირადი ანგარიში მიუთითებდა, რომ იგი იყო სამივე ვებგვერდის დამფუძნებელი, ასევე dailyinfo.ge-სა და blogsport.ge-ს დირექტორი.

ამასთან, DFRLab-მა აღმოაჩინა, რომ საკვლევ ქსელს კავშირები გააჩნდა PosTV-სთან, პროსახელისუფლებო სატელივიზიო არხთან, რომელიც პროდასავლურ ოპოზიციას, მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ხშირად აკრიტიკებს. Sportery.ge-ს თანამფლობელი გიორგი ამაშუკელია, რომელიც PosTV-ზე სოციალური მედიის მარკეტინგის მენეჯერია. გიორგი ამაშუკელის და ბექა წულაიას პირადი ანგარიშები ასევე მოხვდა საჯარო ჯგუფ Dailyinfo.ge-ს ადმინისტრატორთა სიაში. თავდაპირველად, Daily Info-ს “Milan Georgian fans” ერქვა, თუმცა სახელი 2020 წლის 6 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიცვალა.

ბექა წულაიას და გიორგი ამაშუკელის ანგარიშები dailyinfo.ge-ს Facebook გვერდის ადმინისტრატორთა სიაშია მოხსენიებული. გიორგი ამაშუკელს საკუთარ Facebook გვერდზე ერთ-ერთ სამსახურად PosTV-ზე სოციალური მედიის და მარკეტინგის მენეჯერი აქვს მითითებული, ბექა წულაია კი თავს DailyInfo.ge, Blogsport.ge და Sportery.ge დამფუძნებლად გვაცნობს (წყარო: Facebook).

Dailyinfo.ge, Sportery.ge, და Blogsport.ge, ისევე როგორც პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული Tinp.ge, ერთი და იმავე დეველოპერული კომპანიის Studio GB-ის მიერ არის შექმნილი.

ქსელის სხვა გვერდები, შეცდომაში შემყვანი სახელებით, უმოქმედო გახლდათ და გვერდის მმართველების მიერ სპეციფიკური მასალის შესამჩნევი პოლიტიკური მიკერძოებულობის გარეშე წინ წამოწევას ემსახურებოდა.

Facebook-ის ჯგუფები

წაშლილი ქსელი ასევე მოიცავდა ჯამში 22 000-ზე მეტი მომხმარებლისაგან შემდგარ ორ Facebook ჯგუფს Tinp.ge-ს ინგლისური და ქართული სახელებით.

Facebook ჯგუფის „დღეს პოლიტიკაში” ისტორიის სექცია აჩვენებს, რომ იგი 2015 წლის 18 მაისს შეიქმნა და წაშლამდე რამდენჯერმე შეიცვალა სახელი. პირველი სახელის ცვლილება გახლდათ „პოზიტივი” 2016 წლის 5 ოქტომბერს, შემდეგ „ღამურები” 2018 წლის 29 აგვისტოს და Sportery – 2018 წლის 17 სექტემბერს. ჯგუფს თავისი საბოლოო სახელი 2019 წლის 13 დეკემბერს დაარქვეს. წინა სახელები სხვადასხვა ტიპის მასალით მეტი მომხმარებლის მოზიდვის მიზანზე მიუთითებს.

ჯგუფის „დღეს პოლიტიკაში”ისტორია აჩვენებს, რომ ჯგუფის სახელი რამდენჯერმე არსებობის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. წინა სახელები იყო „პოზიტივი”, „ღამურები” და Sportery (წყარო: Facebook).

იგივე ანგარიშები ასევე TINP-ის ჯგუფებსაც მართავდნენ. ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორი გახლდათ ზემოხსენებული ომარ მძევაშვილიც, რომელიც Tinp.ge-ს Facebook გვერდს ხელმძღვანელობდა.

ქსელი ერთი და იგივე ანგარიშებით მართულ ორ Facebook ჯგუფს მოიცავდა (წყარო: Facebook).

DFRLab-მა ასევე გამოიკვლია, რომ წაშლილი ჯგუფების კიდევ ერთი ადმინისტრატორი ნიკოლოზ ინაშვილი პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის ძმისშვილია. მისი პირადი ანგარიშიც გაუქმებულია. Tinp.ge-ს დეტალებში მითითებული ტელეფონის ნომერი ინაშვილის აღმოჩნდა, რაც Nomrebi.Com-ის ღია მონაცემებმა ცხადჰყო.

ქართული ნომრების მონაცემთა ბაზა Nomrebi.Com-ი აჩვენებს, რომ Tinp.ge ეკუთვნის ირმა ინაშვილის ძმისშვილს ნიკა ინაშვილს (წყარო: მარცხნივ – Tinp.ge/archive; მარჯვნივ – nomrebi.com/archive).

Tinp.ge-ის მასალა გაორკეცებულია მეორე დუბლიკატი ვებსაიტით todayinpolitics.ge. წყაროების გასამრავალფეროვნებად, ორივე ვებგვერდი იდენტურ სტატიებს აქვეყნებს. Whois-ის ისტორია აჩვენებს, რომ todayinpolitics.ge იმავე ნიკოლოზ ინაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. ამ მომენტისთვის, რეგისტრაციის ინფორმაციას ორივე ვებსაიტი მალავს.

ორივე ჯგუფი პატრიოტთა ალიანსის ოფიციალური Facebook გვერდის მასალების გავრცელებას უწყობდა ხელს. ჯგუფის პოსტებს მეტწილად ადმინისტრატორები აზიარებდნენ. პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო კამპანიის პროპაგანდირების, პარტიის პოლიტიკური ოპონენტებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციის გარდა, ჯგუფები COVID-19-თან დაკავშირებულ თემებს, რელიგიას, შიდა უსაფრთხოებას, საქართველოს სოციალურ პოლიტიკას და მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტსაც ეხებოდნენ.

მედიად შენიღბული Facebook ჯგუფები ეწეოდნენ პატრიოტთა ალიანსის პროპაგანდას (მარცხნივ), ასევე წერდნენ კორონავირუსის პანდემიაზე (მარჯვნივ), მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსა (ცენტრში) და საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე (წყარო: Facebook).

მომხმარებლების ანგარიშები

DFRLab-ს Facebook-ის მიერ წაშლილ 54 ანგარიშზე ჰქონდა წვდომა. 54 ანგარიშიდან 33 საკუთარი არაავთენტურობის დასამალად, საჯაროდ ხელმისაწვდომ სურათებს, ზოგ შემთხვევაში კი სხვათა პირად ფოტოებს იყენებდა.

წაშლილი ყალბი ანგარიშების ნაწილი, საკუთარი იდენტობის დასამალად, სხვა ადამიანების პირად ფოტოებს იყენებდა. მაგალითად, Google-ის საძიებო სისტემამ აჩვენა, რომ მარცხენა ფოტოზე ნაჩვენები ნუგზარ ჩოლოყაშვილის ანგარიშის პროფილის სურათზე სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლექტორია გამოსახული (წყარო: Facebook (მარცხნივ); UTS.edu.au (მარჯვნივ).

გარკვეული ნაწილი წაშლილი ყალბი ანგარიშებისა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო კამპანიის პროპაგანდას ეწეოდა, ზოგიერთი კი ნაკლებ აქტიურობას იჩენდა. ეს ანგარიშები Tinp.ge-ს Facebook გვერდის და საიტის მასალის, ასევე პატრიოტთა ალიანსის და მისი ლიდერების პოსტების გავრცელებით იყვნენ დაკავებულნი. ზოგიერთი წაშლილი ანგარიში ავრცელებდა ჰომოფობიურ, ანტი-დასავლურ, პრო-კრემლისტურ სენტიმენტებს – მათი ნაწილი მითების დეტექტორმაც გამოიძია.

წაშლილი ყალბი ანგარიშები პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო კამპანიას ეხმარებოდნენ (წყარო: Facebook).

გარდა ყალბი ანგარიშებისა, Facebook-მა ასევე პატრიოტთა ალიანსთან პირდაპირ დაკავშირებული პირების პირადი Facebook-ის და Instagram-ის ანგარიშებიც წაშალა. მათ შორის მოხვდნენ ომარ მძევაშვილი და ნიკა ინაშვილი. სოციალურმა ქსელმა ასევე გვანცა გიორგობიანის, TV ობიექტივის წამყვანის, Facebook და Instagram ანგარიშები გააუქმა. სიძულვილის ენასთან ერთად, ობიექტივი თავისი ღიად ანტიდასავლური და პრორუსული მაუწყებლობითაც გამოირჩევა. არხი, რომელიც საარჩევნოდ პატრიოტთა ალიანსს მხარს ღიად უჭერდა, პარტიის ლიდერის და ნიკა ინაშვილის მამიდის, ირმა ინაშვილის მიერ არის დაფუძნებული.

ანგარიშებს შორის, Tinp.ge-ს მასალა ყველაზე მეტად ავრცელებდნენ საშინაო, რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე პოსტვისას. მიუხედავად მათი კავშირისა პატრიოტთა ალიანსთან, არცერთი მათგანი იყო ამ მხრივ გამჭვირვალე. Tinp.ge-ს მასალის გასავრცელებლად, თითოეული გამოკვლეული ანგარიში, ნამდვილიც და ყალბიც, კოორდინირებულად მოქმედებდა.

ყალბი და ნამდვილი პირადი ანგარიშები აზიარებდნენ Tinp.ge-ს პოსტებს ათასობით მომხმარებლიან Facebook ჯგუფებში (წყარო: Facebook).

ქართული არჩევანი

Facebook-მა ასევე პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრის ბეჟან გუნავას მიერ ახლად დაარსებული პოლიტიკური პარტიის ქართული არჩევანის ანგარიშებიც წაშალა. გუნავამ პატრიოტთა ალიანსი 2020 წლის ივნისში დატოვა, მიზეზად კი პარტიის საზოგადოებისგან დისტანცირება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ერთპიროვნულობა დაასახელა. ქართული არჩევანი 2020 წლის ივლისში დაარსდა, პარტიის წევრთა უმრავლესობა კი ახალგაზრდები არიან. პარტიას არ აქვს თავისი ვებგვერდი და მისი საარჩევნო პროგრამა საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. პარტიის მიერ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ქართული არჩევანი, ძირითადად, სოციალურ საკითხებსა და რეგიონებზე ამახვილებს ყურადღებას. ქართული არჩევანი მედიაში ხშირად არ ხვდება და მას Facebook-ის გვერდზეც მხოლოდ 6 ათასი მოწონება აქვს. პარტიის გვერდი 2013 წლის სექტემბერში შეიქმნა, თავდაპირველი სახელით „პოეზია“. „ქართული არჩევანი“ გვერდს 2020 წლის აპრილში ეწოდა.

Facebook-ის წმენდაში საპარლამენტო კანდიდატების ბეჟან გუნავას და ქეთევან ბუთურიშვილის პერსონალურ ანგარიშებთან ერთად, ასევე პარტიის ლიდერების – მარიამ მარგველანის და დავით დარსაძის პირადი გვერდებიც მოყვა.

წაშლილი ყალბი ანგარიშები, რომლებიც ქართული არჩევანის პროპაგანდას ეწეოდნენ (წყარო: Facebook).

Instagram-ის ანგარიშები

ქსელი მოიცავდა ასევე Instagram-ის 18 ანგარიშსაც, მათ შორის, ქართული არჩევანის წევრების, TV ობიექტივის ჟურნალისტებისა და Tinp.ge-ს ადმინისტრატორების პირად გვერდებს. ზოგიერთს ამ პირთაგან, როგორც ჩანს, ორი ან სამი ანგარიში გააჩნდათ. წმენდაში მოყოლილი Instagram-ის სხვა ანგარიშები ძირითადად გასართობი შინაარსის გახლდათ და ბევრი მიმდევრით არ გამოირჩეოდნენ.

გვანცა გიორგობიანის (მარცხნივ) და ბეჟან გუნავას (მარჯვნივ) წაშლილი პერსონალური ანგარიშები (წყარო: Instagram).
პირები, რომელთაც რამდენიმე ანგარიში ჰქონდათ (წყარო: Instagram).
Facebook-მა პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი გვერდების გარდა ინტერნეტგამოცემა „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ქსელიც წაშალა. – სამოქალაქო საქართველოს (Civil.ge-ს) რედაქციის შენიშვნა. 

Via
DFRLab
Source
Facebook removes inauthentic network connected to Georgian pro-Kremlin party