22 პოლიტიკური პარტია და გაერთიანება დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში განმარტავს, რომ პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილი წევრის, გოგი წულაიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება „უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე“.
ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, აღნიშნულს ის გარემოება ადასტურებს, რომ ანალოგიური ბრალდებების დროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა „პრაქტიკულად არასდროს გამოიყენება“.
„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები“, – აცხადაბენ პარტიები, თუმცა იქვე დასძენენ, რომ წულაია მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, ბერა ივანიშვილს მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერების შემდეგ პირდაპირ ეთერში ჟესტებით, უსიტყვოდ აგინა.
- ფარული ჩანაწერები: ბერა ივანიშვილი პირად შურისძიებას სახელმწიფო დაცვის ამჟამინდელ უფროსს ავალებს?
- ბერა ივანიშვილი: ოჯახის შეურაცხმყოფელთ „პასუხს დღესაც მოვთხოვ“
ფარული ჩანაწერები, რომელსაც გოგი წულაიას გინება მოჰყვა, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში 6 მარტს გავიდა, რომელშიც ჩანს, რომ ბერა ივანიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც სოციალურ ქსელში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ცალკე გავრცელებულ ჩანაწერში ასევე ჩანს, რომ აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. მეტიც, იგი ბერა ივანიშვილის ამ საქციელს იწონებს და ახალისებს.
გოგი წულაია 17 მარტს ძალადობის მუხლით (126-ე) დააკავეს, თუმცა მოგვიანებით მას პროკურატურამ ბრალი „ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებით“ (138-ე) გადაუკვალიფიცირა და განმარტა, რომ წულაიამ ნაცნობი ქალის მიმართ, მისი ნების საწინააღმდეგოდ „სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა“, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევის შედეგად დაზიანებები მიიღო. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ოპოზიციური პარტიების განცხადებით, წულაიასთვის პატიმრობის შეფარდება „ადასტურებს“, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება „ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში“.
ხელმომწერთა თავდაპირველ ჩამონათვალში, სხვა პარტიებთან ერთად, აგრეთვე იყვნენ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი – მეტი თავისუფლება, ლეიბორისტული პარტია და ლელო საქართველოსთვის. მოგვიანებით, ლელომ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ პარტიაში წულაიას საკითხი არ განუხილავთ და განცხადებაზე მათი ხელმოწერის შესახებ ინფორმაცია მცდარია. განცხადებას ინდივიდუალურად გაემიჯნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე და სტრატეგია აღმაშენებლის წევრი თეონა ჭალიძე.
ოპოზიციური პარტიების განცხადება დაგმო ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ და მას „საშინელება“ უწოდა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ „წულაიას ბრალზე უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის, აღიარების დამადასტურებელი ჩანაწერი“.
„ეს განცხადება არის მიზოგინური და დისკრიმინაციული ქალი მსხვერპლების მიმართ… ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – დაწერა მან Facebook-ზე.
საქალაქო სასამართლოს პასუხი
მოგვიანებით, ოპოზიციური პარტიების განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლომ უპასუხა და განმარტა, რომ მცდარია პარტიების მოსაზრება, თითქოს ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის (სსსკ-ის 138-ე) წინასწარი პატიმრობა არასდროს გამოყენებულა.
„2019-2021 წლებში აღნიშნული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა 7 შუამდგომლობა, საიდანაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე 6 შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა“, – განაცხადა სასამართლომ და მოუწოდა პარტიებს „დეზინფორმაციის გავრცელებისგან“ თავი შეიკავონ.
ასევე წაიკითხეთ:
- შსს-მ გოგი წულაია ქალის ცემის ბრალდებით დააკავა
- პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება უკანონო მიყურადებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო
- სასამართლომ პროკურატურას „ტელეკომპანია პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)