საბჭოთა პროპაგანდა დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ – ნაწილი პირველი

ინტერვენცია, დაყვავება, რეპრესიები 1921-1922

აქტი მეორე: „თავისუფლად სუნთქვის“ ხანაში

წითელი არმიის აღლუმი, თბილისი, 1921 წლის 25 თებერვალი

„სამი წლის ბორკილების ტარების შემდეგ, საქართველოს მუშები და გლეხები განთავისუფლდა მოღალატე მენშევიკების ტირანიიდან. 25 თებერვალს საქართველოს დედა ქალაქში აფრიალდა წითელი დროშა. 25 თებერვალს დიდიხნის დატანჯულმა და ყოველ მხრივ შევიწროებულმა მუშებმა პირველად თავისუფლად ამოისუნთქეს.“

„კომუნისტი“ 1921 წლის 4 მარტი

25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის შემოსვლის კვადაკვალ, რუსეთის სამოქალაქო ომის გამოცდილების გათვალისწინებით მოსახლეობა საშინელ შურისძიებას ელოდა, თუმცა ყველას გასაკვირად, ასე არ მომხდარა. საქართველოს რევკომმა თბილისში შემოსვლისთანავე აქტიურად დაიწყო მოსახლეობასთან და ინტელიგენციასთან მუშაობა.

დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე

თბილისში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ რამდენიმე დღე მოსახლეობის დიდი ნაწილი შიშით ელოდა დარბევას, მაგრამ რადგან ეს არ მოხდა, მალე „ცხოვრება ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდა.“

დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე, “მოქალაქე მღვდლის დღიურიდან”

ამ ხანმოკლე, რბილ პოლიტიკას თავისი მიზეზები ჰქონდა:

1921 წლის მარტში, როდესაც მოსკოვიდან ვლადიმერ ლენინის რჩევა-დარიგებებით დატვირთული, საქართველოს რევკომის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე თბილისში ჩამოვიდა, საქართველოს „გასაბჭოება“ უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. ლენინის ინსტრუქციები საქართველოს პირველი ბოლშევიკისადმი ფრთხილი და მოზომილი კურსის გატარებას მოიაზრებდა – ქართველი ბოლშევიკები „წვრილბურჟუაზიულ“ სამშობლოს სადაც „მენშევიკური ნაციონალიზმი“ ძლიერი იყო, საწყის ეტაპზე ფრთხილად უნდა მოჰკიდებოდნენ, კომპრომისების უნარი უნდა ეჩვენებინათ და 1917-1920 წლებში რუსეთში გამოცდილ „სამხედრო კომუნიზმის“ გამოყენების ცდუნებას არ აჰყოლოდნენ.

აპრილის დასაწყისიდან, მახარაძემ დიდ ქალაქებში და საწარმოო ცენტრებში „ლენინის დანაბარების“ შესასრულებლად, პროპაგანდისტული მოგზაურობა წამოიწყო, რისი მიზანიც მოსახლეობისთვის „ხელისუფლების ცვლილებით“ და „მოძმე საბჭოთა რუსეთთან“ ურთიერთობების დალაგებით საყოველთაო მშვიდობის და ბედნიერი მომავლის უზრუნველყოფის დაპირება იყო. პარალელურად კი სხვა „საჩვენებელი აქციებიც“ ხორციელდებოდა, რომელთა მიზანიც გავლენიანი ადამიანების შემორიგება იყო.

1921 წლის 1 მარტს, იმ დროისთვის ირანში მყოფი ცნობილი ქართველი მეწარმის – აკაკი ხოშტარიას სახლში (მაჩაბლის #13, დავით სარაჯიშვილს ყოფილი სახლი) შედგა ქართველ ხელოვანთა კრება.

პოეტმა პაოლო იაშვილმა კრებას განუცხადა: „საქართველოს რევკომს გადაწყვეტილი აქვს ხოშტარიას სახლი მთელი ინვენტარით გადასცეს საქართველოს მწერალთა კავშირს“.

კრებამ ამ საკითხზე სამუშაოდ აირჩია 5 კაცისგან შემდგარი კომისია რომელშიც, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე – კოტე მაყაშვილი, პოეტი პაოლო იაშვილი, კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, მხატვარი მოსე თოიძე და რეჟისორი კონსტანტინე ანდრონიკაშვილი შევიდნენ. დელეგაცია რევკომს შეხვდა და მალევე, მწერალთა კავშირმა მდიდრული საჩუქარი მიიღო.

4 მარტს, როდესაც სოხუმთან და ოსიაურთან ქართულ შეიარაღებულ ძალებს და წითელ არმიას შორის მორიგი მასშტაბური ბრძოლა დაიწყო, საოკუპაციო ხელისუფლების ბრძანებით თბილისისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლების და წითელარმიელების 42 ცხედარი ერთად დაკრძალეს ალექსანდრეს ბაღში და მიხეილის საავადმყოფოდან მათი გამოსვენება საჩვენებელ დემონსტრაციად აქციეს, სადაც სიტყვით გამომსვლელი ქართველი ბოლშევიკები, წითელი არმიის მეთაურები და გამოფენილი ტრანსფარანტები მოსახლეობას ამცნობდნენ, რომ ორივე მხრიდან დაღუპულები – „მენშევიზმის უკანასკნელი მსხვერპლი“ იყვნენ და ამიერიდან „უკეთესი და ბედნიერი მომავლის“ შენება იწყებოდა.

ოფიციალური პროპაგანდა საქართველოს საზოგადოებას და გარესამყაროს დაჟინებით უმტკიცებდა, რომ საქართველოში მხოლოდ პოლიტიკური ხელისუფლება შეიცვალა, „გადატრიალება მოხდა“ და ქვეყანა კვლავ დამოუკიდებელი იყო.

ინტელიგენციის ნაწილი შეეცადა ფეხი აეწყო ამ ტენდენციისათვის და კომპრომისისთვის მზადყოფნის დემონსტრირება მოეხდინა. ამგვარ ტრიბუნად, გაზეთი „სოციალისტ-ფედერალისტი“ იქცა,  რომელიც 1921 წლის 27 თებერვლიდან, ზაფხულამდე გამოდიოდა საბჭოთა ხელისუფლების ნებართვით. მისი გამომცემლები, საქართველოს დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრები – შალვა ნუცუბიძე და თედო ღლონტი – წითელი არმიის თბილისში შემოსვლის პირველსავე დღეებში საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზას დაადგნენ.

ამ გაზეთის ფურცლებზე, 5 მაისის ნომერში, სათაურით – „კომუნისტების ფიცი“, ცნობილი ლიტერატორი და ფოლკლორისტი ვახტანგ კოტეტიშვილი წერდა:

,,საქართველოს დედა-ქალაქმა ტფილისმა პირველი მაისობა გადაიხადა. ქართული საზოგადოებრივი აზრი ამ დღეს განსაკუთრებული გულისყურით ელოდა, თუ რას იტყოდნენ. […] ეს მაისობა არ ჰგავდა წარსულ მაისის დღეებს და ბუნებრივი იყო ის დაჭიმული ყურადღება რომელსაც იჩენდა ქართველი საზოგადოება. მას სურდა გაეგო, რა ფიცს დასდებდნენ ახალი მედროშეები ტფილისის წინაშე. […] ორჯონიკიძემ კარგად იგრძნო საქართველოს სულისკვეთება, მან ღრმად ჩახედა ჩვენ ერს თვალებში და იმ კითხვაზე უპასუხა რაც არ ასვენებს ყოველ კეთილშობილ ქართველს – ,,დიახ, ჩვენ პირველ მაისობას ვდღესასწაულობთ, მაგრამ ჩვენს შორის იმყოფება უცხო ჯარი, რუსეთის წითელი ლაშქარი. ეს საქართველოს აღსასრულს ხომ არ ნიშნავს? არა! მილიონჯერ არა! ამ წითელ დროშების წინაშე ფიცსა ვსდებთ, რომ საბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, არც რუსეთის და არც მისი წითელი ლაშქრის მხრივ არ ელის მცირე რამ დაბრკოლებაც კი. პირიქით , წითელი ლაშქრის მკერდით დაცულ იქნება საქართველოს მიერ ბრძოლით მოპოვებული თავისუფლება“-ო… ეს გარემოება საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვებაა…“

ამავე კამპანიის ფარგლებში, 1921 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 3  წლის თავი – 26 მაისი, საბჭოთა ხელისუფლებამ, თბილისში ოფიციალურად აღნიშნა, აღლუმი და დემონსტრაცია მოაწყო და „საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის“ პირობაც დადო. ამ აქციას, თბილისში მოსახლეობის უმრავლესობამ ბოიკოტით უპასუხა და ქუჩაში არ გავიდა, რეგიონებში კი საპროტესტო დემონსტრაციებიც გაიმართა, რომელიც ჩეკისტებმა და წითელი არმიის რაზმებმა იარაღის გამოყენებით დაშალეს და დემონსტრანტები დაჭრეს, რამდენიმე მოკლეს და მასობრივი დაპატიმრებები მოაწყვეს.

1921 წლის 26 მაისის აღნიშვნის შემორჩენილი ნიშანი

26 მაისის მოვლენებმა რეგიონებში ფაქტობრივად დაასრულა საოკუპაციო რეჟიმის რბილი პოლიტიკის მთავარი ეტაპი. მიდგომა უფრო მკაცრი და ხისტი გახდა.

თუკი თებერვალიდან აპრილამდე ბოლშევიკური ხელისუფლება, ამნისტიის ერთგულად აჩვენებდა თავს და მხოლოდ დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის, გვარდიის და უშიშროების ჩინოსნების სდევნიდა, მაისის დამდეგისათვის საოკუპაციო რეჟიმმა უკვე პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა პირველი მასობრივი დაპატიმრებები წამოიწყო. 1921 წლის ზაფხულში, უკანასკნელი ოპოზიციური გაზეთები: „სოციალისტ-ფედერალისტი“ და „ახალი სხივი“ – მიუხედავად „საბჭოთა პლატფორმაზე“ გადასვლისა – საბოლოოდ დახურა.

მომდევნო, 1922 წელის დასაწყისში 26 მაისის აღნიშნვნა აიკრძალა და „საქართველოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის“ დღედ 25 თებერვალი გამოცხადდა. 1922 წელსვე დასრულდა საუბარი „საბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობაზე“. „საბჭოთა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა“ ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციის ნაწილი გახდა. 1922 წლის 30 დეკემბერს კი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში (სსრკ) სწორედ ამიერკავკასიის ფედერაცია შევიდა დამფუძნებელ წევრად. საქართველოს – თუნდაც საბჭოთა რესპუბლიკის სახით – ხსენებაც კი მოიშალა.


ამ საკითზე მოკლე ვიდეოც შევქმენით და აქვე გთავაზობთ:


ამ სტატიისა და ფილმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. ფილმის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.  

წინა გვერდი 1 2