- ავტორი: დავით ხვადაგიანი, ისტორიკოსი, სოვლაბის მკვლევარი.
- სარედაქციო ტექსტი: ჯაბა დევდარიანი, რესპუბლიკა-100
საქართველოში, 80-ანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში ეროვნული მოძრაობა ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხს აყენებს. შავ-თეთრ-შინდისფერ დროშასთან ერთად ნელ-ნელა იღვიძებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეხსიერებაც. მისდამი დამოკიდებულება არაა ერთმნიშვნელოვანი – ვინ იყვნენ პირველი რესპუბლიკის მესვეურები? ბოლშევიკების თანაზიარი მენშევიკები? უხერხემლო სოციალისტები, ვისაც არ სურდათ საქართველოს დამოუკიდებლობა? მოღალატეები, რომლებიც პირველი შემოტევისთანავე გაიქცნენ? გულუბრყვილო იდეოლოგიით დაბრმავებული პატრიოტები?
საბჭოთა პროპაგანდამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ მეხსიერება დაამახინჯა. ისტორიკოსების ანალიზიდან ჩანს, რომ მაშინდელი ამბების მიჩქმალვა და დავიწყება არ ყოფილა ის ერთადერთი სტრატეგია, რომელსაც პროპაგანდა მიმართავდა. ის, რაც დაშვებული იყო 1920-იან წლებში, აკრძალული იყო 30-იანებში. ის რაც ახსოვდათ 40-იანებში, დავიწყებული და საბჭოთა 20-იან წლებში დამახინჯებული სახით გვახსოვდა 60-იანებში.
ქართული ისტორიოგრაფია მხოლოდ ახლა იწყებს საქართველოს დემოკრატიული რესპულიკის დროინდელი არქივების კომპლექსურ შესწავლას. ამდენად საბჭოთა პროპაგანდის კიდევ მრავალი შრე იქნება გადასარეცხი, სანამ მოვახერხებთ, ამ მასალების შედარებაზე დაყრდნობით, შეძლებისდაგვარად ობიექტურად და მრავალმხრივად გავიაზროთ დამოუკიდებლობის სამწლიანი ექსპერიმენტის რეალური შედეგები.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული საბჭოთა პროპაგანდა შესწავლისათვის ფრიად საინტერესო და რთული მაგალითია. მას რამდენიმე მნიშვნელოვანი თემატური შრე აქვს, რასაც ემატება ის ტრანსფორმაცია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოსთან საბჭოთა ოფიციოზის დამოკიდებულებამ დროის განმავლობაში განიცადა.
თემატურად, ერთი მხრივ, სახეზეა იდეოლოგიური ქიშპობა სოციალ-დემოკრატიის ორ, ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ ფლანგს შორის. მეორე მხრივ, არსებობს პოლიტიკური განზომილება – თუ 1921 წელს ბოლშევიკები ცდილობენ მოსახლეობა არ აიმხედრონ, 1924 წლის აჯანყენის ჩახშობის შემდეგ, უკვე ფეხმოკიდებული საბჭოთა მთავრობა რეპრესიებს აღარ ერიდება.
რაც ახლოს მივდივართ ჩვენს დროსთან, მით უფრო ექვემდებარება პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა საბჭოთა პოლიტიკურ დღის წესრიგს – ისინი, ვინც 20-იან წლებში „საბჭოთა საქართველოს განთავისუფლებისთვის მებრძოლი“ გმირები იყვნენ, 40-იანი წლებისთვის უკვე რეპრესირებული ნაციონალ-უკლონისტები არიან. ტოტალიტარული საბჭოეთის ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა ისაა, რომ როცა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე ვსაუბრობთ ხშირად ვაწყდებით „გაყალბებული მეხსიერების“ პრობლემას. რაც უფრო ნაკლებია იმდროინდელი ამბების მოწმე ჩვენს გვერდით, მით უფრო ემყარება ჩვენი განსჯა იმ დოკუმენტებსა და, ხშირად, ლიტერატურასა და ფილმებს, რომელსაც თავად აჩნდათ ცენზურისა და პროპაგანდის დაღი. 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებისას, ქართველი აქტივისტები, პოლიტიკოსები, მწერლები ზოგჯერ იმ მასალებს ეყრდნობოდნენ, რომლებიც გვიანდელ სსრკ-ში კი ითვლებოდა აკრძალულ მასალებად, ოღონდ 20-იან და 30-იან წლებში საბჭოთა ცენზურა ჰქონდათ გავლილი და მაშინდელი პროპაგანდის დაღს ატარებდნენ.
ამ სტატიების ციკლში მიმოვიხილავთ, თუ როგორ განვითარდა საბჭოთა პროპაგანდის მიდგომები და გზავნილები, როგორ მოახერხა პროპაგანდისტულმა მანქანამ დემოკრატიული რესპუბლიკის საქმიანობის ჯერ დემონიზება, შემდეგ ისტორიის დამახინჯება და ბოლოს, დავიწყებაც.
აქტი პირველი: „ჯალათი მენშევიკების ინკვიზიტორობა“
1921 წლის მარტის შუა რიცხვებში, გურიის მისადგომებთან საქართველოს და საბჭოთა რუსეთის ჯარებს შორის ბოლო საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამ დროს თბილისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, დამფუძნებელი კრების სასახლეში ახლადშესულმა რევკომმა, დედაქალაქში დარჩენილი დამფუძნებელი კრების რამდენიმე დეპუტატი დაიბარა და დასავლეთ საქართველოში გადასულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან მოლაპარაკებში შუამდგომლობა სთხოვა.
სასახლიდან გამოსული კრების დეპუტატი გერონტი ქიქოძე, თვითგამოცხადებული მთავრობის ახალი საინფორმაციო-პროპაგანდისტული პოლიტიკის პირველი ნაბიჯის მომსწრე გახდა:
საქართველოს რევკომის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე აქტიურად ავრცელებდა „ჯალათი მენშევიკების ინკვიზიტორობის“ გზავნილს, ხალხის დასათგუნად და წინა მთავრობის მხარდამჭერის სურვილის შესაფერხებლად. ამ საქმეში პარტიული ამხანაგები და პრესა აქტიურად ჩაერთვნენ.
1921 წლის 11 აპრილს „განთავისუფლებულ“ ქუთაისში ჩასულ მახარაძეს, ქუთაისის რევკომის თავმჯდომარემ დავით ლორთქიფანიძემ და ადგილობრივმა ბოლშევიკებმა „მენშევიკების მიერ ნაწამები და დახოცილი“ ცნობილი ბოლშევიკი ტერორისტის პავლე მარდალეიშვილის და საბჭოთა რუსეთის დაზვერვის აგენტის პოლკოვნიკ ნიკოლოზ ივანოვის დამწვარი გვამების ფოტოსურათები უჩვენეს:
„მეთორმეტე და მეთექვსმეტე საუკუნის ინკვიზიცია ამასთან ხომ აჩრდილია, სუსტი აჩრდილი! – სთქვა ბოღმით აღვსილმა ამხ. ფილიპემ ნელი ხმით“
გაზეთი “კომუნისტი”
მახარაძემ ამხანაგებს უთხრა, რომ ასეთი მასალის „დახურულ კარებში“ დატოვება შეუძლებელი იყო და განკარგულება გასცა ფოტოები გაედიდებინათ და ქუჩებში გამოეკიდათ. ასეც მოხდა.
„ივანოვ-მარდალეიშვილის საქმე“ საოკუპაციო ხელისუფლების პირველი და მძლავრი პროპაგანდისტული აქცია იყო, რომლის უკანაც რეალურად დამოუკიდებელი საქართველოს და საბჭოთა რუსეთის სპეცსამსახურების მძიმე და დაუნდობელი ბრძოლის ეპიზოდი იდგა, თუმცა ქართველი ბოლშევიკები უარყოფდნენ ამას და დაღუპულებს „უდანაშაულო მსხვერპლად“ წარმოაჩენდნენ, რომლებიც წინა ხელისუფლების სისასტიკეს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ემსხვერპლნენ.