ავტორი: დავით ხვადაგიანი, ანალიტიკოსი, სოვლაბის მკვლევარი.
სარედაქციო ტექსტი: ჯაბა დევდარიანი, რესპუბლიკა-100
„ დანის პირებში გამოყვანილნი გადიქცეოდით ომში დევებად, რა დრო გინახავს! ეხლა ყვავილიც საქართველოში არ ითელება..“ კონსტანტინე ლორთქიფანიძე, "საბარგო ავტომობილი", 1926
გაძლიერებულმა საბჭოთა რეჟიმმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხსენება აკრძალა და ისტორიიდან განდევნა. ყველაფერი „მენშევიკების სამ წლიანი ბატონობის“ სქოლიოს ქვეშ გაერთიანდა. მენშევიკებს საბჭოთა პროპაგანდა მრავალი სალანძღავი ეპითეტით მოიხსენიებდა – „სოციალ-გამყიდვლები“, „სოციალ-ფაშისტები“. მათ ბრალდებოდათ:
- საქართველოს რუსეთისგან ჩამოშორება,
- ქვეყნის დასავლელი კაპიტალისტებისთვის მიყიდვა,
- აჭარის თურქებისთვის გადაცემის განზრახვა,
- საბჭოთა რუსეთთან ომის გაჩაღება,
- უცხო ქვეყნების ჯარების შემოყვანაში,
- საქართველოს ეროვნული განძის გატაცება
და რაც მთავარია, მათ – „ქართველი მუშების და გლეხების ჯალათებად“ აცხადებდნენ, რადგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სამი წლის განმავლობაში საბჭოთა რუსეთის მიერ დაფინანსებული და ორგანიზებული არაერთი ბოლშევიკური აჯანყება სასტიკად ჩაახშო, მოსკოვის ოქროთი მოსყიდული ბევრი აგენტი დააპატიმრა ან ქვეყნიდან გააძევა.
ოკუპაციის შემდგომ, 1921 წლიდან 1924 წლის ჩათვლით მომხდარი ანტისაბჭოთა აჯანყებები საზღვარგარეთიდან ორგანიზებულ – „მენშევიკურ ავანტიურად“ და „თავად-აზნაურების და ვაჭრების რევანშად“ იქნა გამოცხადებული. ყველა სხვა პარტია, რომელიც ანტისაბჭოთა მოძრაობაში იყო ჩართული, „მენშევიკური ცენტრის“ მიერ მართულად იყო ჩათვლილი და კრებსით „მენშევიკებად“ მოიხსენიებოდა, მიუხედავად მათი თვითდასახელების თუ იდეოლოგიისა.
1920-იანი წლების პირველ ნახევარში, აქტიური წინააღმდეგობის მოძრაობის, აჯანყებების და მათ წინააღმდეგ მასობრივი ტერორის მიუხედავად, საბჭოთა პროპაგანდა მაინც ჯიუტად არწმუნებდა ყველას შინ და გარეთ, რომ ის მხოლოდ – „გაკოტრებულ მენშევიკურ ბანდიტიზმს“ ებრძვის, ქართველი ხალხი კი ბედნიერი და თავისუფალია.
1920-იან წლებში, როდესაც საზოგადოებას რამდენიმე წლით ადრე ნანახი და თავს გადამხდარი ფაქტები ცხადად ახსოვდათ, ხელისუფლებისთვის ამ მოცემულობის იგნორირება და ხელოვნური ვაკუუმის შექმნა იოლი არ იყო. წარმატებული პროპაგანდისთვის მხოლოდ კომუნისტური პრესა ვერ იკმარებდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და მისი ხელისუფლების გაშავების კამპანია მთელი დატვირთვით და მრავალფეროვანი ხერხების გამოყენებით ვითარდებოდა.
„ემიგრაციის გახრწნის“ კამპანია
ერთერთი პირველი მსგავსი აქცია უკავშირდება 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ საბჭოთა რეჟიმის მიერ განახლებულ მიდგომას, რომლის ფარგლებშიც მან წამოიწყო „ქართული ემიგრაციის გახრწნის“ კამპანია. საბჭოთა აგენტები ცდილობდნენ ესარგებლათ საზღვარგარეთ მყოფ ქართულ პარტიათა შორის დაპირისპირებით, გადმოებირებინათ ოპოზიციური პარტიები და მათი წევრები ემიგრანტულ მთავრობაზე იერიშის მისატანად. ემიგრაციაში მცხოვრები მოქალაქეები კი დაერწმუნებინათ, შერიგებოდნენ საბჭოთა რეჟიმს და სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.
ამ რამდენიმეწლიანი, კომპლექსური და დიდბიუჯეტიანი კამპანიის საწყის ფაზაში, საბჭოთა რეჟიმმა საბჭოთა საქართველოში გამოსცა ქართველი ემიგრანტების ის წიგნები და ბროშურები, რაც პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოსადეგად ჩათვალა. ავტორების ნაწილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის განდგომილი წევრები იყვნენ და ემიგრანტულ მთავრობას აკრიტიკებდნენ. სხვები კი ნაციონალისტური პარტიების და ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც დაუნდობლად სდებდნენ ბრალს სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას საქართველოს დაღუპვაში.
ამ კამპანიის ფარგლებში, 1925 წელს, საქართველოში პირველად გამოიცა ზურაბ ავალიშვილის წიგნი – საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 -1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, შალვა ელიავას წინასიტყვაობით და ავტორისვე შესავლით, სადაც იგი მძაფრად აკრიტიკებდა „მენშევიკურ მთავრობას“ და სასტიკ „დიაგნოზს“ უსვამდა დამოუკიდებლობის წლების საშინაო პოლიტიკას. ავალიშვილი წერდა:
„…1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატია, რომელიც სოციალ-დემოკრატების დიქტატურის, ე.ი მემარჯვენე ფრთის მარქსიზმის ფორმა იყო, წარმოადგენდა საქართველოში საბჭოთა დიქტატურის გამარჯვების მასამზადებელ პერიოდს. სოციალური პოლიტიკის მთელი შინაარსითა და თავისი სულისკვეთებით ეს დემოკრატია […] სინამდვილეში მოსკოვისკენ იყო მიმართული და არა ევროპისკენ […]. როდესაც 1921 წ. თებერვალ-მარტის მძიმე დღეებში საქართველო მაგიდაზე დააწვინეს და ნაცადმა დასტაქარმა, საბჭოთა ხელისუფლებამ, სასტიკი ოპერაცია ჩაუტარა, ამ ქირურგმა იცოდა, რომ პაციენტი ქლოროფორმით დაბანგა და საოპერაციოდ მოამზადა საქართველოს სოციალ-დემოკრატების ასევე გამოცდილმა, თუმც ნაკლებ კადნიერმა ხელმა.“
თანამედროვეებისათვის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი დიპლომატის ეს ფრაზები ღია პოლიტიკურ შეტევად და მანიპულაციად აღიქმებოდა, თუმცა ამ გამოცემამ და ავტორის თეზისებმა ხსენებული კამპანიის ფარგლებში თავისი ფუნქცია შეასრულა. მეტიც, ათწლეულების შემდეგ პოსტ-საბჭოთა პროპაგანდისტული ნარატივი სწორედ ამ თეზისებს დაეყრდნობა.
„მთავლიტის“ ცენზორის ხელი ატყვია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მოგონებების ტექსტსაც, რომელიც ცნობილმა გენერალმა ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა და 1927 წელს დაუბეჭდეს. მაზნიაშვილის მოგონებებში არსებული არაერთი ფაქტობრივი შეუსაბამობაა. მის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისადმი წაყენებული ბრალდებები, მკითხველის აღქმაზე დღემდე უარყოფითად მოქმედებს და ხელს გვიშლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ისტორიის ობიექტურად აღქმაში.
1926-1930 წლებში პოლიტიკური ცენზურის პრიორიტეტები იცვლება. პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა უწყვეტ რეპრესიებს უკვე კომპარტიის „შიდა წმენდა“ მოჰყვა – „ნაციონალ-უკლონისტებისა“ და „ტროცკისტების“ განადგურება. ამის შემდეგ, ძალდატანებითი კოლექტივიზაციის ტალღებმა და 1937-1938 წლების დიდმა ტერორმა, თითქმის მთლიანად გაანადგურა ქართული პოლიტიკური კლასი – დაწყებული კომუნისტური პარტიის ძველი თაობით, დამთავრებული 1920-იან წლებს გადარჩენილი სოციალ-დემოკრატიული და სხვა პარტიების ყოფილი წევრებით. 1939 წლიდან, ამ ყველაფერს კი ახალი გლობალური კატასტროფა – მეორე მსოფლიო ომი დაემატა. უზარმაზარმა მსხვერპლმა, გამარჯვებულ ზესახელმწიფოთა მსოფლოს გადანაწილებამ და ახალმა „ცივმა ომმა“ საბჭოთა პროპაგანდის ისრები სხვა მხარეს მიმართა. დროის მსვლელობამ და თაობათა შორის მეხსიერების გადაცემის წყვეტამ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცხადი მეხსიერება გააქრო და პროპაგანდით უკვე გვარიანად შელანძღული დავიწყების ფარდა ჩამოაფარა.
ხელოვნების ფრონტზე
1920-იანი წლების მეორე ნახევრიდან დამატებითი მობილიზება დაიწყო „ხელოვნების ფრონტზე“. უაღრესად საინტერესოა ის ტრანსფორმაცია, რომელიც თავდაპირველად პროპაგანდისტური მიზნით დაწერილმა ნაწარმოებებმა განიცადეს. თუკი თავდაპირველად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კრიტიკა და დემონიზება ხდებოდა, რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო „აქრობდნენ“ საბჭოთა ცენზორები დამოუკიდებლობის ხსენებასაც კი. მეხსიერების „გადაწერის“ ამ მცდელობის შედეგებს დღესაც ვიმკით.
კინო
საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების არსენალში მძლავრ პროპაგანდისტულ იარაღად იქცა კინემატოგრაფი, რომელიც უკვე ფართოდ გავრცელებული და პოპულარული საშუალება იყო. კინოშიც, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხატებამ პროპაგანდისტული ტრანსფორმაციის ისეთივე ეტაპები გაიარა, როგორც ლიტერატურის მაგალითზე ვნახეთ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, ცეკავშირის კინემატოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელის, გერმანე გოგიტიძის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ კინოქრონიკებზე დაყრდნობით, 1928 წელს მიხეილ კალატოზიშვილმა და ნუცა ღოღობერიძემ შექმენს ფილმი – „მათი სამეფო“, რომელიც მონტაჟის და მანიპულაციების გზით საქართველოს „მენშევიკურ მთავრობას“ სასტიკ, დასავლელი კაპიტალისტების მონა-მორჩილ და ომების გამჩაღებელ ხელისუფლებად წარმოადგენდა.
მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ ათწლეულზე მეტი იყო გასული და ძირითადი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და შიდაპარტიული ოპოზიცია განადგურებული და განეიტრალებული იყვნენ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაშუქებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. დევნილი მთავრობის „პირსისხლიანი ჯალათის“ დამღას უკვე სატირული და კომიკური ხაზი ემატება, რაც კარგად ჩანს სტალინის ფავორიტი კინორეჟისორის, მიხეილ ჭიაურელის მიერ 1934 წელს გადაღებულ მხატვრულ ფილმში „უკანასკნელი მასკარადი“. აქ, საქართველოს „მენშევიკური ხელისუფლება“ დასავლეთის სახელმწიფოების უსუსურ ლაქიად არის წარმოდგენილი.
ლიტერატურა
ისევე, როგორც კინო, ლიტერატურა ბოლშევიკებისთვის მძლავრი პროპაგანდისტური იარაღი იყო. ოღონდაც თავად სსრკ-ში წმენდების რამდენიმე ეტაპის განხორციელების გამო გარკვეული პროპაგანდისტული გზავნილები ათი ან ოცი წლის შემდეგ უკვე სახიფათო ხდებოდა.
ალექსანდრე ქუთათელის რომანი „პირისპირ“, ახალგაზრდა გიმნაზისტის – კორნელი მხეიძის პიროვნულ ევოლუციას აღწერდა 1917 თებერვლის რევოლუციიდან 1921 წლის ომამდე. რომანის პირველი ნაწილი 1933 წელს გამოიცა და 1920-იანი წლების ოფიციალური საბჭოთა ისტორიული ნარატივის ჩარჩოებს ფორმალურად იცავდა. მომდევნო ნაწილები, რომლებიც 1930-1940-იანი წლების განმავლობაში იწერებოდა, ცენზურის და სტალინ-ბერიას კულტის გაღრმავებისა და დამკვიდრების კვალდაკვალ, ფაქტობრივად პარტისტორიის სახელმძღვანელოს დაემსგავსა. ოღონდაც ავტორი იძულებული გახდა ხელახლა გადაემუშავებინა პირველი და მეორე ტომი, რადგან აქ წარმოდგენილი ხედვა 1940-იანი წლების უკვე სახიფათოდ ახლოს იყო 1917-1921 წლების ისტორიის უკვე აკრძალულ ვერსიასთან.
უფრო პოპულარული და სანიმუშო ნაწარმოებად იქცა კონსტანტინე ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“ (წიგნის pdf ვერსიას აქ იხილავთ), რომელიც 1926-1934 წლებში დაიწერა. პროლეტარი მწერლის საბჭოთა სისტემისადმი დიდი ერთგულების მიუხედავად, მისი ტექსტიც ცენზურის ჩარევის ხშირი მსხვერპლი გახდა და დროთა განმავლობაში საფუძვლიანად იცვლებოდა. თავდაპირველად ნაწარმოებს – „ძირს სიმინდის რესპუბლიკა“ ერქვა. ეს სათაურიც კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და დამოუკიდებლობის სატირულ წარმოდგენას ემსახურებოდა, რომელსაც ბოლშევიკური პროპაგანდა დამოუკიებლობის დროს „სიმინდის რესპუბლიკად“ მოიხსენიებდა.
რომანის საინტერესო პერსონაჟს, რომელსაც ალექსანდრე ღოღობერიძე ჰქვია, მომდევნო წლებში ავტორმა სახელი გადაარქვა და დიმიტრი გელოვანი უწოდა. იგი ყოფილი მენშევიკია, რომელიც დამოუკიდებლობის დროს მიწადმოქმედების სამინისტროში მუშაობდა და საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მიწადმოქმედების სახალხო კომისარიატში გააგრძელა მუშაობა. ავტორს იგი შეურიგებელ, ანტისაბჭოთა მომუშავედ და „ადიდაში გამოსულ“ მეამბოხედ ყავს წარმოდგენილი, რომელიც საბჭოთა სისტემაში მხოლოდ იმიტომ შევიდა, რომ შიგნიდან მოეწყო საბოტაჟი. მეორე პერსონჟი, აგრონომი – ლადო გეგელიაც თავიდან შეურიგებელი „ანტისაბჭოთა ელემენტია“, რომელმაც შემდეგ დაინახა „საბჭოთა სისტემის უპირატესობა“ და საბჭოთა პლატფორმაზე დადგა. წიგნის ყოველ მომდევნო გამოცემაში გეგელიას ანტისაბჭოთა ტექსტები რბილდება, ან ქრება ის ეპიზოდები, სადაც კი „საქართველოს დამოუკიდებლობაზე“ „დამპყრობელ რუსეთზე“ და ცნობილ ქართველ პოლიტიკოსებზეა საუბარი, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან იყვნენ დაკავშირებული. ხანგრძლივი გადაწერა-გასწორების შემდეგ კი, მომდევნო ათწლეულებში, როდესაც „კოლხეთის ცისკარი“ სასკოლო პროგრამის განუყოფელი ნაწილი გახდა, პირვანდელი ვარიანტიდან თითქმის აღარაფერი დარჩა.
ამ საკითზე მოკლე ვიდეოც შევქმენით და აქვე გთავაზობთ:
ამ სტატიისა და ფილმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. ფილმის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.