Site icon Civil.ge

ვენეციის კომისია და ოდირი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე 

საარჩევნო უბანი, 31 ოქტომბერი, 2020, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტია მოქალაქეების მიერ საარჩევნო კოდექსში მარტში წარდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ერთობლივი სასწრაფო დასკვნა გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც მიუხედავად ზოგიერთი დადებითი ცვლილებისა, „ბევრი ფუნდამენტური საკითხი“ მოუგვარებელი რჩება.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად უნდა გადაიხედოს, რომელიც დამატებით დებულებებსა და რეფორმებს ითვალისწინებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ერთობლივ დასკვნაში ნათქვამია, რომ ცხრა პოლიტიკურ პარტიას ექნება უფლებამოსილება, რომ თითოეულმა ერთი წევრი დანიშნოს, რაც პროპორციული დანიშვნის არსებულ პროცედურაში „მნიშვნელოვანი ცვლილებაა“. თუმცა, დოკუმენტი იძლევა რეკომენდაციას, რომ ამოღებულ იქნას ის დებულებები, რომელთა თანახმადაც კომისიის წევრთა დანიშვნის უფლებამოსილება მხოლოდ იმ პარტიებს ექნებათ, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ და რომელთა სულ ცოტა ერთი წევრი ასრულებს დეპუტატის მოვალეობას.

რაც შეეხება ცესკოს რვა დამოუკიდებელ წევრს, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა ნიშნავს, ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციით,  საჭიროა  კვალიფიციური უმრავლესობის ან ორმაგი უმრავლესობის შემოღების განხილვა, ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის მექანიზმთან ერთად, რაც „უმაღლესი საარჩევნო ორგანოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას უზრუნველყოფს“.

ანალოგიური რეკომენდაცია გასცეს ვენეციის კომისიამ და ოდირმა პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებითაც, რაც იმ შემთხვევაში ხდება, თუ ცესკოს წევრები მოცემულ ვადებში კომისიის თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ.

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, ვენეციის კომისია და ოდირი მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ კანონპროექტი აფართოებს იმ პირთა სიას, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალებათ, მათ შორის არიან საჯარო სექტორის თანამშრომლები. დასკვნის თანახმად, უფრო ყოვლისმომცველი და სისტემური რეგულაციაა საჭირო, ვინაიდან ცვლილებების პროექტი არ ასახავს, მაგალითად, სოციალური მედიის სააგიტაციო საქმიანობებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნაწილობრივი ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო უბნიდან 100 მეტრში ადამიანების შეკრებასა და ამომრჩეველთა გამოკითხვას კრძალავს, არ ასახავს ვენეციის კომისიისა და ოდირის დიდი ხნის რეკომენდაციებს, რომ არჩევნებამდე 24 საათით ადრე აიკრძალოს ნებისმიერი ტიპის სააგიტაციო საქმიანობა.

რაც შეეხება ცვლილებების შეტანას შემაჯამებელ ოქმებში და ხმების ხელახლა გადათვლას, ერთობლივ დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტით მნიშვნელოვანი პოზიტიური ზომები ინერგება. თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩოა საჭირო, რათა პროცესმა „ხმების დათვლისა და არჩევნების შემდგომი დავების განხილვის გამჭვირვალე, სამართლიანი და ერთიანი პრაქტიკა უზრუნველყოს“.

ამას გარდა, ვენეციის კომისია და ოდირი აცხადებენ, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს „საარჩევნო დავების მოგვარების პროცესის მნიშვნელოვანი რეფორმირების საჭიროებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას დავების დროული, გამჭვირვალე და ეფექტიანი გადაწყვეტა“. დასკვნაში ასევე აღინიშნა, რომ საქართველომ უნდა განიხილოს საჩივრების ელექტრონული წარდგენისა და დისტანციური სასამართლო სხდომების დაშვების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ საჩივრების შეტანის ვადების ზრდას მიესალმება, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა შემდგომი ცვლილებების განხორციელება, რათა ყველა დონეზე საჩივრების წარდგენისა და განხილვის მინიმუმ სამდღიანი ვადები იქნას დაცული.

დოკუმენტის თანახმად, შემოთავაზებული რეფორმა არ ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ „მთავარ რეკომენდაციას“, რომლის თანახმადაც ერთმანდატიანი ოლქები ამომრჩეველთა თანაბარ ან ერთნაირ რაოდენობას უნდა შეიცავდეს.

ვენეციის კომისია და ოდირი ასევე იძლევიან რეკომენდაციას, რომ ჩამოყალიბდეს მარეგულირებელი ჩარჩო ხმის მიცემის ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოსაყენებლად. „ვინაიდან 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, კონკრეტული ელექტრონული ტექნოლოგიების თაობაზე საპილოტე პროექტი ერთადერთი ეფექტიანი ვარიანტი იქნებოდა მომდევნო არჩევნებისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)