შოტლანდიის მომავალი: ლომისა და ცალრქის 300-წლოვანი კავშირის სიმყიფე
ბრიტანული პრესის ცნობით, პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი აპირებენ მეტი დრო გაატარონ შოტლანდიაში. უილიამს შოტლანდიელების 69% აფასებს დადებითად. „თაიმის“ ცნობით სამეფო ოჯახში არსებობს განცდა, რომ “პოლიტიკოსები მათ შოტლანდიას უკარგავენ” და ვითარების გამოსწორებას გვირგვინოსნების ჩარევით ცდილობენ.
რა ხდება:
6 მაისს, შოტლანდიაში გამართულ ადგილობრივი პარლამენტის არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა „შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ”.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:
შოტლანდიის ეროვნული პარტიის საარჩევნო მანიფესტის ძირითადი დაპირება შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე ახალი რეფერენდუმის გამართვა იყო და არჩევნებში გამარჯვებას ისინი ამ რეფერენდუმის ჩატარებისათვის სახალხო მანდატის მიღებად აღიქვამენ.
ლონდონი თვლის, რომ ახლა ამ საკითხის წამოჭრა უდროო და „უპასუხისმგებლოა“. პოსტ-ბრექსიტული გაურკვევლობისა და კორონავირუსის მძვინვარე პანდემიის შედეგების აღმოფხვრის ურთულესი გამოწვევის ფონზე, შოტლანდიის შესაძლებელი სეცესია მისი უდიდებულესობის მთავრობისთვის მორიგი კრიზისი და ურთულესი თავსატეხია, რომელმაც დემოკრატიული დასავლეთის ერთ-ერთი ბურჯი – გაერთიანებული სამეფო შესაძლოა საფუძვლიანად შეარყიოს.
რას უნდა მოველოდეთ:
- შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ საკუთარ თავს მიზნად დაუსახა ახალი რეფერენდუმის ჩატარება, თუმცა პანდემიის შედეგები და დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერის ვარდნამ ეს ამოცანა უკვე გადაავადა 2023 წლამდე და შეიძლება კიდევ უფრო შორეულ მომავალში გადაწიოს.
- ლონდონი არ შეიცვლის პოზიციას, რომ 2014 წლის რეფერენდუმის შედეგები ძალაში კვლავ დიდხანს იქნება.
- თუკი შოტლანდიელების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად არ შეუმცირდათ, ეროვნული პარტია 2023 წლისათვის რეფერენდუმის ჩატარების უფლების მოპოვებას შეეცდებან, მათ შორის, შესაძლოა, სასამართლო დავის გზით.
ანალიზი:
მიმდინარე წლის 6 მაისს გაერთიანებულ სამეფოში შოტლანდიასა და უელსში ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები გაიმართა, ხოლო ინგლისში – ადგილობრივი თვითმმართველობების. დღის ცენტრალურ მოვლენად სამართლიანად იქცა შოტლანდიის პარლამენტის არჩევნები, რომელთა შედეგებზეც, 300-წლოვანი ინგლისურ-შოტლანდიური გვირგვინების კავშირის მომავალი, ანუ გაერთიანებული სამეფოს მთლიანობაა დამოკიდებული.
„ეშმაკი დეტალებშია“
შოტლანდიის პარლამენტში, რომელსაც ისტორიული ადგილმდებარეობის გამო აგრეთვე „ჰოლირუდად“ (Holyrood) მოიხსენიებენ, სულ 129 წევრია, რომელთაგან 73 წევრი საპარლამენტო ოლქებიდან აირჩევა, ხოლო 56 – პროპორციულად ქვეყნის 8 რეგიონის მიხედვით. როგორც მოსალოდნელი იყო, 6 მაისის არჩევნების შედეგად შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ გაიმარჯვა, ხოლო საპატიო მეორე ადგილზე – ასევე ტრადიციისამებრ – შოტლანდიელი კონსერვატორები გავიდნენ. პარლამენტში სულ 5 პოლიტიკური ძალა შევიდა, ხოლო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- შოტლანდიის ეროვნული პარტია – 64 (62 ოლქი);
- შოტლანდიის კონსერვატიული და უნიონისტური პარტია – 31 (5 ოლქი);
- შოტლანდიის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია – 4 (4 ოლქი);
- შოტლანდიის ლეიბორისტული პარტია – 22 (2 ოლქი);
- შოტლანდიის მწვანეთა პარტია – 7 (0 ოლქი);
- უპარტიო (პარლამენტის თავმჯდომარე) – 1 (0 ოლქი).
წელს შოტლანდიელმა ნაციონალისტებმა 2016 წლის შედეგი გაიუმჯობესეს და დამატებით 3 ოლქი მოიგეს, მათ შორის ტრადიციულად კონსერვატორების მომხრე ცენტრალური ედინბურგი. გარდა ამისა, ადგილობრივი ლეიბორისტების მცდელობის მიუხედავად, შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ საკვანძო ქალაქ გლაზგოს ყველა ოლქი დამაჯერებლად დაინარჩუნა. შოტლანდიელმა კონსერვატორებმაც შეძლეს „ჰოლირუდში“ პოზიციების შენარჩუნება. კვლავ მძიმედ დამარცხდნენ ერთ-დროს სულაც შოტლანდიაში შექმნილი ლეიბორისტები, რომლებიც სულ უფრო ნაკლებ მომხრეს კრებენ. არჩევნების შედეგები ურიგო არ გამოდგა ლიბერალ-დემოკრატებისათვის, რომლებმაც თავისი ოთხივე ოლქი შეინარჩუნეს.
თუმცა, შოტლანდიის ეროვნული პარტიის გამარჯვების სიტკბოში სიმწარე იმან შეურია, რომ პარლამენტში 65-მანდატიანი უმრავლესობის მოსაპოვებლად ერთი ერთი მანდატი დააკლდათ. ეს ერთიანობის შენარჩუნების მომხრე პარტიებმა იმედისმომცემ ნიშნად აღიქვეს, რადგან იმის თქმის საშუალება მიეცათ, ქვეყნის დამოუკიდებლობას საკმარისი მომხრე არ ჰყავსო. ნაციონალისტები ახლა გათვლას „მწვანეებზე“ აკეთებენ, რომელთა წყალობითაც პარლამენტში დამოუკიდებლობის მომხრეებს მოწინააღმდეგეებზე 14 ადგილით მეტი გამოსდით.
‘თუ‘, კიარა – ‘როდის‘
„ჩვენს ძვირფას ძარღვებს დავაშრობთ, მაგრამ ისინი თავისუფლები იქნებიან.“ – რობერტ ბერნსი (შოტლანდიელი პოეტი)
დამოუკიდებლობის გზაზე ეროვნული პარტიის ლიდერი და ქვეყნის პირველი მინისტრი ნიკოლა სთარჯენი მყარად დგას. მის სამთავრობო გეგმაში აღნიშნული იყო, რომ პანდემიის შედეგებისა და „ბრექსიტის“ „კომბინაციამ“ შოტლანდიის „დაცვისა და განახლებისთვის“ ადგილობრივი პარლამენტის შესაძლებლობების შეზღუდულობა ნათლად წარმოაჩინა და ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. 6 მაისის შემდეგ სთარჯენმა განაცხადა, რომ ახლა შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი დემოკრატიის საკითხია და თუ ლონდონი პროცესისთვის ხელის შეშლას გადაწყვეტს, დავა სასამართლოში გადაინაცვლებს.
შოტლანდიის პირველი მინისტრის განმარტებით, რეფერენდუმთან დაკავშირებით კითხვა ის კიარაა, გაიმართება თუ არა რეფერენდუმი, არამედ ის – თუ როდის. ის მიიჩნევს, რომ თუ შოტლანდიელებს რეფერენდუმის ჩატარების უფლება არ მიეცათ, გაერთიანებული სამეფო „ხალხთა ნებაზე დაფუძნებული კავშირი“ ვეღარ იქნება.
ლონდონის რეაქციამ არ დააყოვნა. ამ გამოსვლებს პირველი ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერი (კაბინეტის ოფისის მინისტრი), შოტლანდიური წარმოშობის მაიკლ გოუვი გამოეხმაურა, რომლის თქმით, შოტლანდიის მთავრობის მიერ რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადებას „ვესტმინსტერი“ გულცივად შეხვდება და ისიც დაუმატა, რომ არც მის განსახილველად წარდგენას „აუნთებს მწვანე შუქს“.
უტყვად არც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დარჩენილა. მან პანდემიისა და მისი შედეგების აღმოფხვრის ამოცანის ფონზე მორიგი რეფერენდუმის გამართვა „უპასუხისმგებლობად“ შერაცხა. ის ასევე გამოვიდა გაერთიანებული სამეფოს ოთხივე ქვეყნის „ლიდერთა სამიტის“ ინიციატივით, რომლის მიზანი პანდემიის შემდგომ მთელი ბრიტანეთის ერთობლივი „აღდგენის“ განხილვა უნდა ყოფილიყო და ამ თავყრილობას ბორის ჯონსონმა 3 ივნისს „დაუნინგ სთრითზე“ უმასპინძლა.
ჩანს, „ჟამიანობისთვის“ ანგარიშის გაწევა ნაციონალისტებს მაინც მოუწიათ, მით უფრო, რომ მათი ერთ-ერთი ციტადელი, გლაზგო ფრიადაა დაზარალებული. უკვე ახალი მთავრობის პირველ მინისტრად დანიშნულმა ნიკოლა სთარჯენმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავრობა პანდემიასთან ბრძოლასა და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაზე იქნება ორიენტირებული, ხოლო რეფერენდუმის საკითხი მიმდინარე კრიზისის დასრულების შემდგომ დადგება, თუმცა არაუგვიანეს 2023 წლისა.
ლომისა და ცალრქის ძმობა და ჭიდილი
როგორც ცნობილია, 2014 წელს შოტლანდიაში ქვეყნის დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდა, რომელიც ლონდონმა მზარდი ადგილობრივი მხარდაჭერის მქონე შოტლანდიური ეროვნული პარტიის მოთხოვნით დანიშნა, თუმცა ნაციონალისტების მოლოდინი არ გამართლდა და ქვეყნის მოსახლეობამ გაერთიანებული სამეფოდან გასვლას მხარი არ დაუჭირა.
ვითარება არსებითად 2016 წლის „ბრექსიტის“ რეფერენდუმის შემდგომ შეიცვალა, როცა შოტლანდიის მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში დარჩენას მიემხრო, თუმცა მთლიანად ბრიტანეთის მაცხოვრებელთა უმრავლესობამ „ბრიუსელისგან თავის დახსნა“ ისურვა. უნიონისტების თავსატეხი კიდევ უფრო გაართულა პანდემიამ, რომლით გამოწვეულ სირთულეებსა და წარუმატებლობებში „ჰოლირუდი“ ჩვეულებრივ „ვესტმინსტერს“ ადანაშაულებს.
„ბრექსიტის“ რეფერენდუმის შემდეგ შოტლანდიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა მუდმივად იზრდებოდა, ხოლო 2019 წლის მიწურულს ბრიტანეთიდან გამოყოფის მომხრეთა რაოდენობამ მოწინააღმდეგეებისას გადააჭარბა და პიკს მიმდინარე წლის მარტში მიაღწია, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობას მოსახლეობის 53% უჭერდა მხარს, ხოლო წინააღმდეგი 47% იყო. სწორედ მსგავს შედეგებს უფრიალებენ ნაციონალისტები ცხვირწინ ბორის ჯონსონსა და მის თანამებრძოლებს.
სეპარატისტების წისქვილზე წყალს საკუთრივ ინგლისში არსებული განწყობაც ასხამს, რადგან ბრიტანეთისგან შოტლანდიის გამოყოფას „საზღვრის სამხრეთით“ მოსახლეობის მხოლოდ მეხუთედი ეწინააღმდეგება. ინგლისელებს, განსაკუთრებით ქვეყნის ცენტრსა და ჩრდილოეთში, გულზე არც ლონდონის მხრიდან ედინბურგისთვის მუდმივად სახსრების უხვად გაცემა ეხატებათ და არც – სეპარატიზმის შესუსტების მიზნით ინგლისური იდენტობის ხარჯზე საერთო ბრიტანული იდენტობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
შექმნილ ვითარებაში ნაციონალისტებისთვის ავს თითქოს არაფერი მოასწავებდა, თუმცა, მოულოდნელად, მოსახლეობაში სეპარატისტულმა განწყობამ წინაასარჩევნოდ კლება იწყო. საზოგადოებრივი კვლევის ბოლო შედეგების თანახმად, დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგენი უკვე 4%-ით უსწრებენ მომხრეებს და უმრავლესობაშიც არიან. ექსპერტების აზრით, ეს ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო წარმატებულ ვაქცინაციასა და ადგილობრივი მთავრობის წარუმატებლობებს უნდა მივაწეროთ – განსაკუთრებით განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებით. შესაძლოა სწორედ ეს გახდა ნიკოლა სთარჯენის მიერ რეფერენდუმის საკითხის „უკეთესი დროისათვის“ გადავადების მიზეზი.
გარდა ამისა, ლონდონის არსენალში მტკიცე არგუმენტებია. კერძოდ, ახალი რეფერენდუმის დანიშვნის უფლების მინიჭება მხოლოდ „ვესტმინსტერს“ შეუძლია, ხოლო მყარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე რეფერენდუმის ჩატარების მხრივ შოტლანდიელებს კატალონიის მაგალითი კარგად აქვთ გათავისუფლებული. შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე წინა რეფერენდუმი, რომელიც „თაობაში ერთი“ უნდა ყოფილიყო, სულ რაღაც 7 წლის წინ გაიმართა და ბორის ჯონსონის მყარი პოზიციით, მომდევნო რეფერენდუმამდე სულ მცირე კიდევ 30 წელი უნდა გავიდეს. ნაციონალისტების სასარგებლოდ ალბათ ვერც „ბრექსიტის“ საბაბი იქნება გამოყენებული, რადგან ლონდონსა და ბრიუსელს შორის დადებული სავაჭრო შეთანხმების წყალობით, შოტლანდიის მოსახლეობა ევროკავშირიდან გასვლის უშუალო უარყოფით ეფექტებს დიდწილად ვერც იგრძნობს, მითუმეტეს პანდემიის ფონზე, უახლოეს პერსპექტივაში მაინც.
დასკვნის სახით
ამრიგად, ლონდონის პოზიციების სიმყარისა და შოტლანდიელებში სეპარატისტული განწყობის მუდმივი ცვალებადობის პირობებში ნაციონალისტების მხრიდან ახალი რეფერენდუმის ჩატარებისთვის „ვესტმინსტერის“ კურთხევის მიღება რთულად წარმოსადგენია, ხოლო ასეთი რეფერენდუმის დანიშვნის შემთხვევაშიც მოვლენათა განვითარების სცენარის განჭვრეტა – შეუძლებელი.
თუმცა, შოტლანდიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით თუ ნაბიჯები მართლაც გადაიდგა, რთული საკითხები წამოიწევს წინ: ბრიტანული იდენტობის რაობიდან და ინგლისის საერთაშორისო პრესტიჟითა და როლით დაწყებული, იმით დამთავრებული, თუ რა უნდა მოუხერხოს ლონდონმა შოტლანდიაში განლაგებულ ბირთვულ არსენალს.
შოტლანდიის გამოყოფის საკითხის დახურვა მისი უდიდებულესობის მთავრობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელიაა, რადგან გაერთიანებული სამეფოს დაშლა კონსერვატორებისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება. არც ბორის ჯონსონის პირად მიზნებსა და ამბიციას მოედება მალამოდ ისტორიაში იმ პრემიერ-მინისტრად შესვლა, ვინც ინგლისელებისა და შოტლანდიელების სამსაუკუნოვანი კავშირი დაშალა.
სასწორის პინაზე ბევრი რამეა შეგდებული და დათმობის გუნებაზე არცერთი მხარე არაა, თუმცა მეტი სიცხადისათვის ალბათ მხრივაც პანდემიის დასრულებას უნდა დაველოდოთ. მანამდე კი შოტლანდიის დამოუკიდებლობის იდეა ჯერ კიდევ ისეთივე მქრქალია, როგორც ნისლიანი ედინბურგის ქუჩებში შორიდან მომავალი გუდასტვირის ჰანგები.