პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიმართვა თანამემამულეებისადმი

გუშინ საღამოს, 2 მარტს, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელევიზიით მიმართა თანამემამულეებს. გთავაზობთ გამოსვლის სრულ თარგმანს:


ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო,

24 თებერვალს, უკრაინაზე პრეზიდენტ პუტინის სასტიკი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ძალები ბომბავენ კიევს და ალყაში აქცევენ ქვეყნის უდიდეს ქალაქებს. მოკლეს ასობით უკრაინელი სამოქალაქო პირი. დღესაც, მოკლეს ქალები და ბავშვები. მომდევნო დღეები, ჩანს, სულ უფრო მძიმე იქნება.

ასობით ათასი ლტოლვილი გარბის მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის მიმართულებით და თანდათანობით ევროპის დანარჩენ ქვეყნებსაც აღწევს.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ამ უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით.

ამ საღამოს, ნება მომეცით პატივი მივაგო უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, რომელიც მტრის შეიარაღებულ თავდასხმას ეწინააღმდეგება. თქვენი სახელით, მინდა მივმართო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საფრანგეთის ძმური მხარდაჭერა აღვუთქვა. დღეს, თავისი მამაცი ხალხის სათავეში ის ღირსების, თავისუფლების და სიმამაცის განსახიერებაა.

არც საფრანგეთს, არც ევროპას, არც უკრაინას, არც ატლანტიკურ ალიანსს არ სურდათ ეს ომი. პირიქით, ჩვენ ყოველი ღონე ვიხმარეთ მისი თავიდან ასაცილებლად.

მოგეხსენებათ, 2017 წლიდან მოყოლებული პრეზიდენტ პუტინთან მომთხოვნ, მუდმივ დიალოგში ვარ ჩართული. დაძაბულობის ზრდასთან ერთად ჯერ მოსკოვს, მერე კი კიევს ვეწვიე 7 და 8 თებერვალს, რათა შეიარაღებული კონფლიქტის არიდების გზები მეძებნა. მსგავსივე იყო სხვა ევროპელი ლიდერების ძალისხმევაც. აშშ პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ კვლავაც მზად იყო ახალი პირადი შეხვედრისათვის, მას შემდეგ რაც 2021 წლის ივნისში უკვე შეხვდა პრეზიდენტ პუტინს.

მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა ერთპიროვნულად და განზრახ, ერთა თანამეგობრობის წინაშე აღებული თითოეული ვალდებულების უარყოფით, აირჩია ომის გზა.

ეს ომი არაა კონფლიქტი ერთის მხრივ ნატოს ანდა დასავლეთს და მეორეს მხრივ რუსეთს შორის, როგორც ზოგიერთს სურს ეს წარმოაჩინოს: უკრაინაში არც ნატოს ჯარებია და არც ნატოს ბაზები. ეს ყველაფერი ტყუილია. რუსეთს თავს არავინ დასხმია. სწორედ ისაა აგრესორი.

ეს ომი კიდევ უფრო ნაკლებადაა “ბრძოლა ნაციზმის წინააღმდეგ”, როგორც აუტანელი პროპაგანდის ავტორებს სურთ, რომ დაგვაჯერონ. ესეც ტყუილია. ამის თქმა რუსეთისა და უკრაინის ისტორიის შეურაცხყოფაა, ჩენი წინაპრების შეურაცხყოფა, ვინც მხარდამხარ იბრძოდნენ ნაციზმის წინააღმდეგ. რუსეთის მმართველები თავს ესხმიან უკრაინაში ჰოლოკოსტის ხსოვნას, სწორედ ისევე, როგორც თავად რუსეთში უარყოფენ ისინი სტალინიზმის დანაშაულებს.

ეს ომი რევანშისტული სულისკვეთების ნაყოფია, რომელიც ევროპის ისტორიის რევიზიონისტული წაკითხვითაა ნაკვები, ხედვით, რომელსაც სურს იმპერიების, დამპყრობლური ომების, ადამიანების განადგურების ბნელ წლებში დაგვაბრუნოს.

საფრანგეთმა და მთელმა ევროპამ ევროპული ქვეყნის ერთიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას დაუყოვნებლივ, ერთსულოვნად, მტკიცედ ვუპასუხეთ. ჩვენ ეს ბრიტანელებთან, კანადელებთან, ამერიკელებთან და იაპონელებთან, სხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით გავაკეთეთ.

უპირველესად, ჩვენი დახმარება უკრაინელი ხალხისათვის ჰუმანიტარულ დახმარებას და თავდაცვისათვის აუცილებელი აღჭურვილობას მოიცავდა.

ამასთან ერთად, ჩვენ ვიმოქმედეთ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, რათა რუსეთის მმართველებს შევაგნებინოთ, რომ ომის გზის არჩევით მათ საკუთარ ქვეყანას კაცობრიობისა და ისტორიის წყევლა მოუვლინეს.

გაეროს უშიშროების საბჭომ კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც მოსკოვის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებს შეეხებოდა, ხოლო დღეს, ნაშუადღევს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უდიდესი უმრავლესობით დაგმო ეს აგრესია.

ამგვარად, საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი ერთიანობა გამოხატა. რუსეთის სპორტული გუნდები გარიცხულნი არიან დიდი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან, გაუქმდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები მათი მონაწილეობით.

ჩვენ ვაგრძელებთ და კვლავაც გავაგრძელებთ გულდასმით მუშაობას, რათა ყველა კონტინენტზე, ყოველმა ერმა დაგმოს ეს აგრესია, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას უკრაინის მიწაზე.

ჩვენ ასევე მყისვე ავამოქმედეთ რუსეთისა და მისი მმართველების წინააღმდეგ მიმართული პროპორციული სანქციები. ასობით რუსი ჩინოსანი და ძალაუფლებასთან დაახლოებული პირის ქონება გაყინულია საფრანგეთშიც და სხვა ქვეყნებშიც. რუსეთის რამდენიმე უდიდესი ბანკი გარიცხულია გადახდების საერთაშორისო სისტემებიდან, რაც მათთვის შეუძლებელს ხდის გადარიცხვების განხორციელებას და რამაც რუსული რუბლის კურსის სწრაფი დაცემა გამოიწვია. ევროპაში დადუმდა რუსული პროპაგანდის ორგანოები.

თავად უკრაინაში, ჩვენი ძალისხმევა ასევე იყო მიმართული ჩვენი თანამემამულეების დასაცავად, ჩვენი საელჩო უკრაინის სხვა ქალაქში გადავიდა და კოორდინირებას უწევს საქმიანობას იმისათვის, რომ საფრანგეთის მოქალაქეებმა ან ორმაგი მოქალაქეების პირებმა ვისაც სურთ ამის გაკეთება, დატოვონ ქვეყანა იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

თქვენი სახელით, აქ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიპლომატებს, პოლიციელებს, სამხედროებს და სახელმწიფო მოხელეებს ვინც ამაზე მუშაობს და ვინც ჩვენს თანამოქალაქეებს ეგებება მოლდოვაში, ისევე, როგორც უკრაინიდან გამავალ სხვა სასაზღვრო პუნქტებში.

მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომლებიც ამ კონფლიქტს მამაცად აშუქებენ და ამით ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების მიზანს ემსახურებიან ჩვენშიც და სხვა ქვეყნებშიც.

და ბოლოს, ჩვენ ვმონაწილეობთ ნატოს ფარგლებში წარმართულ ღონისძიებებში, რომლებიც ჩვენი ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვისკენაა მიმართული. ჩვენ გავზარდეთ სამხედრო კონტინგენტი, რომელიც უკვე გვყავდა ბალტიის ქვეყნებსა და მთლიანად რეგიონში. ასობით ფრანგი სამხედრო გუშინ რუმინეთის მიწაზე ჩავიდა.

დიპლომატიური ინიციატივები, რუსეთს პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების მმართველების წინააღმდეგ მიმართული სანქციები, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება და უფრო გაძლიერდება. მათი მიზანი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაა.

თუმცა ყველაფერი ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთთან საომარ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ ვიცით, რომ ამ დიდ, ევროპულ ერთან ბევრი რამ გვაკავშირებს, რომ ამ ერმა დიდი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის უფსკრულში გადაჩეხვისგან გადასარჩენად. დღეს ჩვენ იმ რუსების გვერდით ვდგევართ, ვინც ხმამაღლა უარყოფს, რომ ეს ბინძური ომი მათი სახელით ხორციელდება, ვისაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და სიმამაცე მშვიდობის მოსათხოვად და ვინც ამის შესახებ რუსეთსა და მთელს მსოფლიოს აუწყებენ.

სწორედ ამიტომ, მაშინ, როცა მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებ პრეზიდენტ ზელენსკისთან, მე ასევე ვარჩიე, შემენარჩუნებინა სატელეფონო კავშირი – რამდენადაც ეს შესაძლებელია – პრეზიდენტ პუტინთან. მე ვცდილობ, განუწყვეტელი ძალისხმევით დავარწმუნო ის, შეწყვიტოს ომი და საფრანგეთის ყველა საშუალება გამოვიყენო, მიმდინარე მოლაპარაკებების დასახმარებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს კონფლიქტი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს.

ჩვენს კონტინენტზე ჩვეული წონასწორობა და ჩვენი ყოველდღიურობისათვის ჩვეული ბევრი რამ უკვე შეიცვალა და კვლავაც შეიცვლება ამ ომის გამო. მომავალ თვეებში ღრმა ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

ჩვენი ევროპა უკვე იცვლება. ამ საკითხს ქვემოთაც დავუბრუნდები.

ასობით ათას უკრაინელ ლტოლვილს შევიფარებთ ჩვენს კონტინენტზე. საფრანგეთი თავის წილ საქმეს გააკეთებს. უკვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ხალხმა უკვე დაიწყო ამ მიზნისთვის მობილიზება. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს არასამთავრობო ასოციაციებს, რომლებიც ემზადებიან ლტოლვილების მიღებისათვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად.

ჩვენც ვემზადებით და მოვუვლით მათ, ვინც ჩვენს მიწაზე მოვა და მხარდაჭერა დასჭირდება. საფრანგეთი მიიღებს ბავშვებს, ვინც იძულებულნი იყვნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და ვინც მოწყვეტილნი არიან თავიანთ მშობლებს, რომლებიც ქვეყანას იცავენ. ამას არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით გავაკეთებთ, რომლებიც უკვე ემზადებიან.

ჩვენი სოფლის მეურნეობა, ჩვენი ინდუსტრია, ჩვენი ეკონომიკის ბევრი სექტორი უკვე განიცდის გარკვეულ სირთულეებს და ეს სირთულეები გაგრძელდება – ან იმიტომ, რომ ისინი დამოკიდებული არიან რუსეთიდან ან უკრაინიდან მომავალ ნედლეულზე, ან იმიტომ, რომ ისინი ამ ქვეყნებში ექსპორტს ახორციელებენ. ეკონომიკის ზრდა, რომელიც დღეს ფრიად მაღალ დონეზეა, დაუყოვნებლივ მოექცევა დარტყმის ქვეშ.

ბენზინის, გაზის და ნედლეულის ფასების ზრდას პირდაპირი გავლენა ექნება მსყიდველობითუნარიანობაზე: მომდევნო დღეებში, ავზის ავსება, გარკვეული საქონლის ფასი, გათბობის გადასახადი კიდევ უფრო გაძვირდება.

ამ ეკონომიკურ და სოციალურ სირთულეებთან გასამკლავებლად ჩემი ამოცანა ცხადია: თქვენი დაცვა. ჩვენ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ეკონომიკურ სექტორებს, რათა მოვიძიოთ ნედლეულის ახალი წყაროები და გასაღების ახალი ბაზრები. ამ მიზნით, უკვე ვესაუბრე ამერიკელ, ევროპელ, ახლო აღმოსავლელ ლიდერებს.

ჩვენ მოქნილად ვიმოქმედებთ საწარმოო ჯაჭვის მოქმედებაში შეფერხებების აღმოსაფხვრელად და ფასების ზრდის შესამსუბუქებლად. მე უკვე დავავალე პრემიერ-მინისტრს, უახლოეს დღეებში წარმოადგინოს ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის გეგმა, რომელიც ამ გამოწვევებზე პასუხის მიმართულებებს დასახავს.

თავს ნუ მოვიტყუებთ, ამ მოვლენებს მხოლოდ მეყსეული, რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მოჰყვება შედეგები. ეს მოვლენები ეპოქალური ცვლილების ნიშანია.

ომი ევროპაში უკვე არა მხოლოდ ჩვენს ისტორიისა და სასკოლო წიგნებშია, არამედ აქაა, ჩვენს თვალწინ. დემოკრატია უკვე აღარაა ერთადერთი სასურველი რეჟიმი, მისი უპირატესობები ეჭვქვეშაა, ასევე ჩვენს თვალწინ.

ჩვენს თავისუფლებას, ჩვენი შვილების თავისუფლებას უკვე ვეღარ ჩავთვლით ერთხელ და სამუდამოდ მოპოვებულად. მის დაცვას, ისე როგორც არასდროს, ყოველდღიური სიმამაცე, ყოველწუთიერი ბრძოლა სჭირდება.

ისტორიის დინებაში ამ სასტიკ და ტრაგიკულ დაბრუნებას ჩვენ ასევე ისტორიული გადაწყვეტილებებით უნდა შევეგებოთ.

ჩვენი ქვეყანა განაგრძობს თავდაცვის სფეროში ხარჯების ზრდას, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 2017 წელს შევთანხმდით და დაადგება დამოუკიდებლობის ძიებისა და დამატებითი ინვესტირების გზას ეკონომიკის, კვლევის, ინოვაციის სფეროებში, რაც ისედაც დაწყებული იყო პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად.

ჩვენი ევროპა ამ განსაცდელში ამტკიცებს – ისე, როგორც ეს უკანასკნელ დღეებში მოხდა – რომ ის ერთიანია. მას ამიერიდან მოუწევს მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიისათვის კიდევ უფრო მაღალი ფასი გადაიხადოს. მას მოუწევს ინვესტირება სხვა კონტინენტებისაგან დამოუკიდებლობის გაძლიერებაში, რათა თავად შეძლოს სათავისო გადაწყვეტილებების მიღება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროპა უნდა გახდეს ძალა, უფრო დამოუკიდებელი, უფრო სუვერენული, ვიდრე ახლაა.

პირველ რიგში, ეკონომიკური ძალა. ჩვენ ვეღარ ვიქნებით დამოკიდებული სხვებზე საკუთარი თავის გამოსაკვებად, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის, ჩვენი ინფორმირებისათვის, ჩვენი დაფინანსებისთვის. სწორედ ამიტომ, პანდემიაზე შედეგების გასამკლავებლად დაგეგმილი ზომების კიდევ უფრო გაფართოება მოგვიწევს, რათა წავახალისოთ დამოუკიდებლობასა და პროგრესზე დამყარებული ახალი ეკონომიკური მოდელი.

მეორე – ენერგეტიკული ძალა. ჩვენი დამოკიდებულება სხვებზე, პირველ რიგში რუსულ გაზზე უნდა შემცირდეს, მათ ვეღარ დავეყრდნობით ჩვენი გადაადგილების, გათბობის, თუ ჩვენი ფაბრიკა-ქარხნების მუშაობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება საფრანგეთში განახლებადი ენერგიისა და ახალი ატომური სადგურების მშენებლობის შესახებ და ევროპის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასაც დავიცავ.

და ბოლოს, მშვიდობის დამცველი ძალა. ჩვენ სხვაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული თავდაცვის სფეროში, იქნება ეს მიწაზე, ჰაერში, კოსმოსში თუ კიბერსივრცეში. ამ მხრივ, ჩვენი ევროპული თავდაცვა სრულიად ახალ ეტაპზე უნდა გავიდეს.

10-11 მარტს ვერსალში შევკრებ ევროპული ქვეყნების მთავრობის მეთაურებს, რათა ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ. უკვე დღეს, ევროპა მსოფლიოს უჩვენებს საკუთარ მტკიცე ნებასა და მზადყოფნას. ის ახალ ერაში შევიდა და ჩვენც უნდა მივყვეთ.

ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო,

ომი უკრაინაში გარდატეხაა ჩვენს კონტინენტზე და ჩვენი თაობისათვის.

მე ვიცი, რომ ეს ომი გაშფოთებთ, თქვენი შფოთვა გამართლებულია. კრიზისი გვაიძულებს უფრო მობილიზებული ვიყოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. მე თქვენ ანგარიშს ჩაგაბარებთ ამ გადაწვეტილებების შესახებ.

ეს ომი ასევე შეეხება ჩვენს დემოკრატიულ ცხოვრებას, რამდენადაც ის საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა, რომელიც ოფიციალურად ამ კვირის ბოლოს გაიხსნება.

ეს კამპანია საშუალებას მოგვცემს, დემოკრატიული სულისკვეთებით ვიდავოთ ერისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ ხელს არ შეგვიშლის, ერთად ვიდგეთ იმ საკითხებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მე ვიცი, რომ შეიძლება მქონდეს თქვენი იმედი. თავისუფლების, თანასწორობის, ძმობისადმი თქვენი ერთგულების იმედი, მსოფლიოში საფრანგეთის ადგილის თქვენეული შეგრძნების იმედი.

არასდროს შევწყვეტ ამ ღირებულებების დაცვას და ამაყად აღმართულს ვატარებ ამ დროშას, თქვენი სახელით.

დიდება რესპუბლიკას.

დიდება საფრანგეთს.