რაფაელ გლუკსმანი ევროპარლამენტის დეპუტატია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესისტული ალიანსიდან (S&D)
2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული, ევროპელი ლიდერები განუწყვეტლივ იმეორებენ, რომ ისტორიამ კვლავაც შეიძინა ტრაგიზმი; რომ ომი დაბრუნდა ჩვენს ცხოვრებაში. წვდებიან კი ისინი ამ სიტყვების არსს?! ჩვენ – ვხვდებით კი? განა ვხვდებით, რომ ევროპის მომავალი დღეს მარიუპოლისა და ხარკოვის ნანგრევებში, კიევისა და ხერსონის ქუჩებში წყდება, ყოველ ჩვენგანში და არა ევროპული პარლამენტების კულუარებში თუ კანცელარიების კორიდორებში?
სიტყვების თქმა საკმარისი არაა. მათ შესაბამისად მოქმედებაა საჭირო, ანუ ყველაფრის გაკეთება იმისათვის — რუსული ატომური სახელმწიფოს წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის გარდა — რომ პუტინი უკრაინაშივე გავაჩეროთ. ეს ახლავეა გასაკეთებელი. ყოყმანისა და ხელების უაზრო ფათურის გარეშე.
ოღონდაც, მზადაა კი მშვიდობის ურყევობის მითით გამოკვებილი ჩვენი ელიტა, იმ ქარიშხალს შეეგებოს, რომლის არსებობასაც ისინი ჯიუტად უარყოფდნენ? იპოვის კი ევროპა ძალას, ხელახლა იშვას ქაოსიდან, რომელსაც ძველი ბერძნები ყოველი დასაბამის აკვნად რაცხავდნენ, თუ უღონობისა და აპათიის მორევში ჩაძირვას არჩევს?
თავგანწირვა, რომელიც ყველაფერს ცვლის
ამ კითხვაზე ჩვენს მმართველთ ჯერაც არ გაუციათ ნათელი პასუხი. უკრაინელებმა კი გასცეს. მოსკოვში, ისევე, როგორც ვაშინგტონში, არ მოელოდნენ მათ ასეთ თავგანწირვას. მათმა ბრძოლამ რეალობის ქარგა გააპო და ყოველი ჩვენთაგანი ჩვენი პასუხისმგებლობის გააზრების აუცილებლობის წინაშე დაგვაყენა. ეს თავგანწირვა რომ არა, ჩვენი მთავრობები კვლავაც კვერს დაუკრავდნენ სამართლის დამცრობას, ჩვენი პრინციპების და ჩვენი ინტერესების გათელვას. დიახ, ისინი დაგმობდნენ ძალადობას, მაგრამ არხეინად გააგრძელებდნენ ჩვეულ ცხოვრებას. როგორც ეს საქართველოში მოხდა. როგორც ეს სირიაში მოხდა. როგორც ეს ყირიმში მოხდა. [უკრაინელების] გმირულმა თავგანწირვამ კი ყველაფერი შეცვალა.
ჩვენ მათ მხარდამხარ საბრძოლველად ჯარისკაცებს არ გავაგზავნით, მაგრამ შეგვიძლია მათ იმაზე ბევრად უკეთესად დავეხმაროთ, ვიდრე დღეს ვაკეთებთ. თუკი ამერიკელები პოლონური „მიგების“ გადაცემაზე ჭოჭმანობენ, ევროპელებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და მივაწოდოთ თვითმფრინავები, „მიწა-ჰაერის“ რაკეტები, რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, ყველაფერი ის, რასაც უკრაინელები გვთხოვენ, რათა დახურონ ცა, რომლიდანაც სიკვდილის წვიმა მოდის და რომელსაც ჩვენ ღიად ვტოვებთ.
დემაგოგები „მშვიდობას“ უწოდებენ იმას, რასაც სინამდვილეში „კაპიტულაცია“ ჰქვია და გაჰყივიან, ასე თუ გავირჯებით, რუსეთის თვალში უკრაინის მხარეზე ომში ჩართული გამოვჩნდებითო. ეს ტყუილია. გაეროს ქარტია ნათლად ამბობს, რომ თუკი სუვერენულ სახელმწიფოს ვინმე თავს დაესხმება საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ამ სახელმწიფოსთვის იარაღის მიწოდება არანაირად არ ნიშნავს „ომში ჩართვას“. საპირისპიროს მტკიცება ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ პუტინის უფლებას, თავად განსაზღვროს, თუ რა წესებით ვპასუხობთ მის მიერვე წამოწყებულ კონფლიქტს. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებდით 1999 წლიდან, როცა პუტინის ხელისუფლებაში მოვიდა. სწორედ ასეთმა ქცევამ მოგვიყვანა იქ, სადაც დღეს ვართ — უფსკრულის პირას.
ოღონდაც მაშინ, როცა [რუსეთის] არმია უკრაინის ყოველ ქალაქს გროზნოდ ან ალეპოდ გადაქცევით ემუქრება, მაშინ, როცა არსებობს ბელარუსის არმიის ომში ჩართვის საფრთხე, მაშინ, როცა ევროპის მიწაზე ბაშარ ალ ასადის მონა-სპა და რამზან კადიროვის მკვლელები გამოჩდნენ, უკრაინელებისთვის მხოლოდ მატერიალური დახმარება აღარაა საკმარისი. დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. საჭიროა ფინანსური ნაკადი დავუშროთ კრემლის სიკვდილის მანქანას.
ევროკავშირმა მართლაც სერიოზული სანქციები შემოიღო. თუმცა მათ ეფექტურობას ერთი მარტივი რამ ასუსტებს: ყოველ დღე, ჩვენი ქვეყნები პუტინის სამხედრო მანქანას 800 მილიონი ევროთი ეხმარება. ყოველ დღე, გაზისა და ნავთობის იმპორტით წვეთოვანზე გვყავს შეერთებული ის რეჟიმი, რომლის დასრულებისკენაც ვისწრაფვით.
გერმანიის კატასტროფული პოლიტიკა
ამგვარად წინააღმდეგობრივი პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში ოცი წლის წინათ მიღებული თვითმკვლელური გადაწყვეტილებების შედეგია. უნდა ითქვას, რომ ეს არჩევანი თავს სწორედ რუსებმა შთაგვაგონეს: [გერმანიის] ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროედერი და ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაზე პასუხისმგებელი ეკონომიკის მინისტრი, მარიონ შელერი დღეს გაზპრომის მოსამსახურეები ტყუილად არ გახლავან. ევროპალამენტში ჩვენს საქმეებში საგარეო ჩარევის შემსწავლელი სპეციალური კომისიის თავმჯდომარედ ყოფნისას, თვრამეტი თვის განმავლობაში ვიძიებდი ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელშიც კორუფცია სიბრმავესთან, „რუსეთის გაგების სურვილი“ კი ღალატთანაა გადაზელილი.
10-11 მარტს ვერსალში, ევროკავშირის სამიტზე [რუსეთისაგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის] მხრივ მიღებული გადაწყვეტილებები სასიცოცხლო მნიშვნელობის ცვლილებას წარმოადგენს. ოღონდაც, რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების დასრულების დათქმული ვადა — 2027 წლამდე — საშინელი გზავნილია. ხუთი წელი უკრაინელებისთვის, რომლებიც ბომბებს უშვერენ თავს, მარადისობის ტოლფასია. პუტინისთვის ის შუქნიშნის ოდენ ყვითელი სიგნალია, ხოლო ბაზრის აქტორებისთვის — საქმის ძველებურად წარმოების მოლოდინს ქმნის. დღეს ჩვენ დალოდების ფუფუნება არა გვაქვს. ვერსალის მოვარაყებულ დარბაზებში, სულელური ბუკეტების მიღმა თითქოს გაქარწყლდა სასწრაფოდ მოქმედების აუცილებლობის ის განცდა, რომელიც ესოდენ ხელშესახები იყო ომის პირველ დღეებში.
არადა, ამ განცდამ არასოდეს უნდა მიგვატოვოს. ყველაფერი ახლა წყდება და არა — ხუთ წელიწადში. დასავლეთის თითოეული შეყოყმანება აგრესორს წაახალისებს. რუსეთის ტელევიზიაში რეჟიმის ექსპერტები უკვე ამბობენ: „რატომ უნდა შევჩერდეთ უკრაინის საზღვართან?“ და ბალტიის ქვეყნების რუკამომარჯვებულნი იხილავენ მომავალი აგრესიის სცენარებს, სვამენ კითხვებს, თუ რას მოიმოქმედებდნენ ნატოს ქვეყნები, თუკი ალიანსის ერთ-ერთი პატარა ქვეყანა რუსული აგრესიის სამიზნედ იქცევა.
ევროპის უსაფრთხოების სამსახურები უკვე რუსი „მწვანე კაცუნების“ ბოსნიის სერბულ ნაწილში გამოჩენის შესაძლებლობას განიხილავენ — ეს პარიზიდან ორი საათის საფრენზეა — ან არა და, რუსულენოვანი უმცირესობების ინტერვენციის საბაბად გამოყენებაზე მსჯელობენ ლიეტუვაში, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია…
„ის რასაც ამდენი ხანი თვალს ვარიდებდით, ეს ოცი დღეა ჩვენს თვალწინაა – ჩვენ, ევროპელები ვართ პუტინის ნამდვილი სამიზნე“
სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ: თუ ჩვენ უკრაინას პრინციპების გამო არ დავიცავთ, ჩვენი საკუთარი ინტერესებიდან მაინც უნდა გავაკეთოთ ეს. აქ სასიცოცხლო ინტერესებზეა საუბარი: ის, რასაც ამდენი ხანი თვალს ვარიდებდით, ეს ოცი დღეა ჩვენს თვალწინაა — ჩვენ, ევროპელები ვართ პუტინის ნამდვილი სამიზნე. ასე იყო საქართველოში, სირიაში, და ასეა უკრაინაშიც — ყველგან, პუტინის სამიზნე ჩვენც ვიყავით. საკმარისი იქნებოდა, ყურადღებით წაგვეკითხა რუსი პროპაგანდისტების სტატიები, ყური დაგვეგდო მათი სამთავრობო ტელევიზიისთვის ანდა თავად პუტინის გამოსვლებისთვის, რომ ამაში დავრწმუნებულიყავით. ისტორიული რევიზიონიზმი და შურისძიების წყურვილი თანაბრად მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფოსთვის, რომელიც დასაბამიდანვე დასავლეთთან ბრძოლაში ხედავს თავის თავს. პუტინის თვალით თუ შევხედავთ, ნებისმიერი სამხედრო ან პოლიტიკური წარმატება ახალ კონფლიქტს აძლევს დასაბამს. კონფლიქტს ჩვენს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ჩვენმა მმართველებმა საკმარისად არ იკითხეს, არ შეისმინეს, ვერ დაიჯერეს. მათ ფსევდორეალიზმს საერთო არაფერი ჰქონდა რეალიზმთან, ის კომფორტისა და სტატუს-კვოსადმი ერთგულების რელიგიად იქცა. აი დღეს კი, მათ მართლაც მოუწევთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც რეალიზმი — და არა იდეალიზმი — გვიკარნახებს. ამის გაკეთება დაუყოვნებლივაა საჭირო.
რუსულ გაზსა და ნავთობზე უარის თქმა ძვირი სიამოვნება იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის, მაგრამ ჩვენი მარაგები საკმარისია იმისათვის, რომ მეყსეული გათიშვები თავიდან ავიცილოთ, ხოლო თუ ევროკომისიის ანალიზს დავუჯერებთ, ამ კრიზისის გადალახვა შესაძლებელია. ევროპული სოლიდარობის დიდი გეგმა იქნება საჭირო იმისათვის, რომ შედარებით უსახსრო ოჯახებს არ მოუწიოთ ენერგიის გაზრდილი ფასების მხოლოდ საკუთარი ჯიბიდან გადახდა.
ენერგოგიგანტებმა, რომლებიც გაზრდილი ფასებით ხეირობენ, თავიანთი წილი უნდა გაიღონ. თუკი ვამბობდით, რომ პანდემიის საპასუხოდ გადავიხდიდით ნებისმიერ ფასს, ხელი ევროპაში მშვიდობისთვისაც უნდა გამოვიღოთ. საზოგადოებრივი აზრი ამისთვის მზადაა: საზოგადოებრივი მაუწყებლის, ZDF-ის ცნობით, გერმანელების 55% მოითხოვს რუსული გაზის იმპორტის სრულიად შეწყვეტას. გადაწყვეტილების მიმღებნი კი ყოყმანობენ. საკუთარ თავს დავეკითხოთ: როგორ ხდება, რომ ბალტიის ქვეყნების, ფინეთისა და პოლონეთის მთავრობები, რომელთა ქვეყნებიც 50-დან 100%-მდე არიან დამოკიდებული რუსულ გაზზე, უფრო ემხრობიან რუსული ენერგომატარებლების ბოიკოტს, ვიდრე გერმანიისა თუ იტალიის ხელისუფლები? პასუხი ნათელია: ბალტიაში, ფინეთსა თუ პოლონეთში იციან, რომ საკუთარი თავის გადარჩენისთვის აკეთებენ ამ არჩევანს და არა — საკუთარი კომფორტის შესანარჩუნებლად.
სისუსტისათვის განწირულნი არ ვართ
ჩვენს ყოველდღიურობაში ომის შემოჭრამ მხოლოდ გეოპოლიტიკური წონასწორობა როდი დაარღვია, ის ჩვენი საერთო სახლის სერიოზულ სახეცვლილებას მოიხოვს. საზოგადო ინტერესები პირად ინტერესებზე მაღლა უნდა დადგეს, საჯარო ძალაუფლებამ კერძოზე უპირატესობა უნდა მოიპოვოს. ამ თვალსაზრისით, კომპანია Total-ის ბედი ფრანგული მთავრობისათვის სერიოზული გამოცდაა. მათი კონკურენტების, BP-სა და Shell-ისაგან განსხვავებით, ფრანგული ენერგოგიგანტი უარს ამბობს რუსეთში სარფიანი ბიზნესის შეწყვეტაზე. მის აღმასრულებელ დირექტორს, პატრიკ პუიანს მჭიდრო კავშირები აქვს პუტინის ახლობელ ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოსთან და მათი კავშირების ქსელი ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეზეა გაშლილი. ოღონდაც, თუკი ჩვენი რესპუბლიკის პრეზიდენტი „ისტორიის მდინარებაში ტრაგედიის ბრუტალურ შემობრუნებაზე“ საუბრობს, ამ ქსელის გავლენა ქარს უნდა გავატანოთ. თუ არა და, პრეზიდენტის სიტყვებს აღარანაირი ფასი აღარ ექნება.
„ევროკავშირს მოუწევს რამდენიმე დღეში დაასრულოს ის გარდასახვა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ცდილობს: ბოლოსდაბოლოს, ზრდასრულად იქცეს“
დადგა წამი, როცა უნდა დავამტკიცოთ, რომ სისუსტისთვის არ ვართ განწირულნი, რომ მზად ვართ თავისუფლების ფასი გავიღოთ. თუკი ამაზე უარს ვიტყვით, ჩვენს კონტინენტზე მშვიდობას ვეღარ მოვესწრებით. ერთი რამ ცხადია: ჩვენს მაგივრად ამას არავინ გააკეთებს. შეერთებული შტატები არ გადაიხდის ამ საფასურს ჩვენს მაგივრად, აშშ ჩვენს ნაცვლად არ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენი კონტინენტების გამყოფი ოკეანე უეცრად ხელშესახები გახდა. ამ ვითარებაში, ევროკავშირს რამდენიმე დღეში მოუწევს იმ გარდასახვის ბოლომდე მიყვანა, რომელიც უკვე ათწლეულებია სტანჯავს — ის ზრდასრულად უნდა გადაიქცეს.
თავისუფლებისთვის წამებული ერის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის თემთა პალატის წინაშე წარმოთქვა ჰამლეტის კითხვა „ყოფნა? არ ყოფნა? საკითხავი აი, ეს არის“. დაღლილი სახით, მაგრამ მშვიდი და მტკიცე ხმით მან დაგვარწმუნა, რომ უკრაინელებმა გადამწყვეტი პასუხი გასცეს ამ კითხვას. ახლა ჩვენი პასუხის ჯერია. არჩევანი მარტივია, ის ვეღარ აიტანს გადადებას ანდა ფაციფუცს.
უკრაინის ევროპულ მომავალზე ჭოჭმანის დრო წავიდა და გაქარწყლდა. კიევი უკვე ევროპის დედაქალაქია. მისი აკვანი ან მისი სამარე.
ფრანგულიდან თარგმნა ჯაბა დევდარიანმა