გზამკვლევი: 10 აპრილის „არჩევნები“ ცხინვალში
ხვალ, 10 აპრილს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში „საპრეზიდენტო არჩევნები“ იმართება.
საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი და ეუთო ამ არჩევნებს არ აღიარებენ. ამის მიუხედავად, ყურადღებას იმსახურებს ოკუპირებული რეგიონის პოლიტიკური ცხოვრების ეს ეპიზოდი, განსაკუთრებით იმიტომაც, რომ მოქმედი ლიდერი ანატოლი ბიბილოვი მეორე ვადით ხელისუფლებაში დარჩენისათვის რუსული ანექსიის კარტს ათამაშებს:
მაშ, რა უნდა ვიცოდეთ ცხინვალის 10 აპრილის არჩევნებზე?
საბაზისო ფაქტები
ცხინვალის საარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, რეგიონში 72 საარჩევნო უბანი იხსნება. დამატებით 4 უბანი გაიხსნება რეგიონის ფარგლებს გარეთ — ამათგან ორი ჩრდილო ოსეთში იქნება, ერთი — მოსკოვში, ერთიც — სოხუმში.
არ მოგვეპოვება სარწმუნო ცნობები, რამდენი ამომრჩეველია რეგიონში. თუმცა საარჩევნო კომისიის ვარაუდით, რეგიონში 34 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცხინვალის მიერ 2015 წელს ჩატარებული აღწერით, რომლისადმი ბოლომდე ნდობაც არ შეიძლება, რეგიონში 53 438 ადამიანი ცხოვრობს, რაც 1990-იანი წლების კონფლიქტამდელი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია.
არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობს თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება, გარდა რუსეთის, სირიის, ნიკარაგუის, ვენესუელისა და ნაურუსი, რომელთაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარეს.
პოლიტიკური სისტემა
ცხინვალის რეგიონის პოლიტიკური სისტემა, კრემლზე ძლიერი დამოკიდებულებისა თუ ძალაუფლების არაფორმალური სტრუქტურების გამო, რთულია რომელიმე ტრადიციულ პოლიტიკურ სისტემას მოვარგოთ.
თუმცა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „კონსტიტუციის“ თანახმად, რეგიონი ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, სადაც პრეზიდენტის ინსტიტუტი საკანონმდებლო ხელისუფლებასა და მთავრობაზე მეტ ძალაუფლებას ფლობს.
„პრეზიდენტი“ აქ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე „სახელმწიფოს“ მეთაურიცაა. იგი წარმართავს საგარეო და საშინაო პოლიტიკას და ნიშნავს და თანამდებობიდან „პრემიერმინისტრს“ (რასაც „საპარლამენტო“ თანხმობაც სჭირდება).
ამასთან, რეგიონის საკანონმდებლო ორგანო პასუხისმგებელია საოკუპაციო რეჟიმის კანონთა მიღებაზე, ხელშეკრულებათა დამტკიცებაზე, ბიუჯეტის განსაზღვრასა და სხვადასხვა თანამდებობის პირის არჩევაზე.
კანდიდატები
კვირას გასამართ არჩევნებში 5 კანდიდატი იყრის კენჭს:
- მოქმედი ლიდერი, 52 წლის ანატოლი ბიბილოვი, ამ არჩევნების ფავორიტად უნდა მოვიაზროთ. ბიბილოვმა 1992 წელს დაამთავრა რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი, რის შემდეგაც მსახურობდა ფსკოვის 76-ე სადესანტო დივიზიაში. 1992-1994 წლებში იგი მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების კონტინგენტში. 1994 წ. სამუშაოდ გადავიდა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში, სადაც 1996 წლამდე სპეციალური დანიშნულების ასეულს მეთაურობდა. 1996-1998 წლებში ბიბილოვი ცხოვრობდა კიევში, ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას. 1998-2008 წლებში მსახურობდა შერეული სამშვიდობო ძალების ჩრდილო-ოსურ ბატალიონში. 2008 წლის ომის დროს ამავე ბატალიონთან ერთად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. 2008 წლის 31 ოქტომბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ბიბილოვი საგანგებო სიტუაციების მინისტრად დანიშნა.
- 2011 წლის ნოემბრის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში სახელისუფლებო პარტია „ერთობამ“ ანატოლი ბიბილოვი პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა. ბიბილოვს ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმაც. ბიბილოვმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 40% აიღო და ოპოზიციის კანდიდატთან ალა ჯიოევასთან დამარცხდა. თუმცა, დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, ხოლო ჯიოევას განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ აუკრძალა, რასაც ცხინვალში ჯიოევას მხარდამჭერდა საპროტესტო აქციები მოყვა. 2012 წ. 6 თებერვალს, განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაზე ბიბილოვმა თავადაც უარი განაცხადა. ახლადარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა იგი მთავრობის შემადგენლობაში დატოვა და კვლავ საგანგებო მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.
- „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ბიბილოვმა 2017 წელს ხმათა 54.8%-ით (17 736 ხმა) იმარჯვა და მაშინდელი მოქმედი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის არჩევნების დროს რუსულენოვან პრესაში გაჩნდა ცნობები ბიბილოვის კრიმინალური წარსულისა და რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ. კერძოდ, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს მას იარაღით ვაჭრობაში დასდეს ბრალი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში ცხოვრების დროს ბიბილოვი აქტიურად იყო ჩართული კონტრაბანდასა და რეკეტში, ხოლო რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოაწყო უკრაინაში ჩეჩნური დიასპორის ლიდერების მკვლელობა. ბიბილოვის საარჩევნო შტაბმა აღნიშნული ბრალდებები უარყო და კონკურენტების მიერ გავრცელებული „შავ პიარი“ უწოდა.
- კიდევ ერთი კანდიდატია ალექსანდრე ფლიევი, 49 წლის, რომელიც „პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე“ და სახალხო პარტიის ლიდერია. ფლიევი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დეპუტატი და რეგიონში კარგად ცნობილი ექიმია. 2002-2018 წლებში იგი ადგილობრივ საავადმყოფოში ანესთეზიის განყოფილების გამგედ მუშაობდა.
- მესამე კანდიდატია 41 წლის ალან ედუარდის ძე გაგლოევი. იგი უშიშროების კომიტეტის ყოფილი ოფიცერია და 2020 წლიდან ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარეცაა. 2017 წლის არჩევნებში იგი 3 291 ხმით (10.1%) მესამე ადგილზე გავიდა. ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, იგი 2008 წლის ომის მონაწილეცაა.
- გარი მულდაროვი, 34 წლის, ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია. იგი დეპუტატად 2019 წელს აირჩიეს. მულდაროვი 2003-2013 წლებში ცხინვალის „თავდაცვის სამინისტროში“ მუშაობდა. 2013-2018 წლებში მსახურობდა რეგიონის საგარეო დაზვერვაში. მულდაროვი ახლახან საქართველოსთან „საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის“ თავმჯდომარეც იყო და ბიბილოვის იმპიჩმენტსაც ითხოვდა, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის ტერიტორიების გადაცემის მცდელობის ბრალდებით.
- დიმიტრი ტასოევი (დაბ. 1974 წ.), მეხუთე კანდიდატი, ერთ დროს ვიცე-სპიკერიც იყო და ანატოლი ბიბილოვის მეგობარიც. კარიერის გარიჟრაჟზე, 1992-2000 წლებში, ტასოევი ცხინვალის საბაჟოში მუშაობდა, პარალელურად, 1995-1998 წლებში წლებში კი თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების „სამინისტროშიც“ მსახურობდა. 2004 და 2009 წლებში აირჩიეს დეპუტატად. 2009-2010 წლებში ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი იყო. 2011 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ტასოევმა 9.5%-ით მეხუთე ადგილი აიღო . 2010 წელს მან სოციალ-დემოკრატიული პარტია დააარსა, რომელიც 2014 წელს ბიბილოვის „ერთიანი ოსეთის“ პარტიას შეერწყა. 2017 წელს ბიბილოვისა და ტასოევის გზები გაიყარა, რა დროსაც ეს უკანასკნელი „პარლამენტის“ ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გაისტუმრეს.
დაურეგისტრირებელი კანდიდატები
ოკუპირებული რეგიონის საარჩევნო კომისიამ არ დაარეგისტრირა „პრეზიდენტობის“ მსურველი 12 კანდიდატი, მათ შორის, დეპუტატი დავით სანაკოევი (რომლის დაკავების ორდერიც ახლახან გამოსცა ჰააგის სასამართლოს პროკურორმა) და ბიბილოვის მიერ ცოტა ხნის წინ გადაყენებული თავდაცვის „მინისტრი“ იბრაგიმ გასეევი. ამ ორს ბიბილოვის მთავარ კონკურენტებებად მოისაზრებდნენ.
მარტში სანაკოევმა და გასეევმა, ისევე როგორც კანდიდატობის სხვა მოსურნეებმა, გენო ქაჯაევმა, თეიმურაზ ტადთაევმა, ასლან კურატოვმა და რუსტამ ძაგოევმა საარჩევნო ადმინისტრაციის უარი სასამართლოშიც გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ.
მანამდე, თებერვალში, საარჩევნო კომისიამ დარეგისტრირებაზე უარი უთხრა ედუარდ კოკოითის, ყოფილ სეპარატისტ ლიდერს.
კოკოითიმ და გასეევმა უარი ქუჩაშიც გააპროტესტეს, კომისია გასეევის ხელმოწერილი სიების გაყალბებაში დაადანაშაულეს და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა დაპატიმრებაც მოითხოვეს. ამასთან, მათ ბრალი დასდეს ბიბილოვს, რომ იგი ოსური ენის გამოცდაში ჩაიჭრა, რომლიც ჩაბარებაც „პრეზიდენტობის“ მსურველთ კანონით მოეთხოვებათ.
მოგვიანებით, ბედს შეგუებულმა გასეევმა ფლიევის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
კონკურენტების კანდიდატებად დარეგისტრირებაზე უარის გამო, ზოგიერთმა ოპოზიციურმა არხმა ტელეგრამის ქსელში ბიბილოვს ძალაუფლების უზურპაციასა და „საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ სიტუაციის დესტაბილიზაციაშიც“ დასდო ბრალი.
კანდიდატების პროგრამები და დებატები
ადგილობრივმა ტელეკომპანია „ირ-მა“ კანდიდატებს შორის რამდენიმე დებატიც მოაწყო, მათ შორის, ცალ-ცალკე დებატრაუნდები შეეხებოდა კანდიდატების პროგრამების მთავარ თეზისებს, უსაფრთხოებას, ეკონომიკას, ჯანდაცვასა და სოციალური დაცვის პოლიტიკას, „რესპუბლიკის ცხოვრებაში პოლიტიკური კულტურის მნიშვნელობას“, განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის, ასევე კულტურის საკითხებს.
დებატები რუსულ-ოსურ ენაზე მიმდინარეობდა. ბიბილოვი, ფლიევი და გაგლოევი უფრო ხშირად რუსულად ლაპარაკობდნენ, ხოლო მულდაროვი და ტასოევი ოსურად ლაპარაკს უფრო ამჯობინებდნენ.
დიმიტრი ტასოევმა პრიორიტეტებად საზოგადოების ერთიანობა და საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მოწყობაზე გადასვლა დაასახელა. ამასთან, ერთ-ერთი რაუნდისას ტასოევი სამხრეთ ოსური არმიის რუსულ ჯარში ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოვიდა. ამასწინ დონბასიდან ცხინვალელი კონტრაქტორების მოულოდნელ დაბრუნებაზე საუბრისას კი მან ბიბილოვი დაადანაშაულა და თქვა, რომ ცხინვალელი ჯარისკაცები ომში მოუმზადებლები გაუშვეს. „ჩვენ რომ [ჩვენი] არმია გვყოლოდა, ის რაც ახლა ხდება, არ მოხდებოდა“, — აღნიშნა მან.
გარი მულდაროვმა „ეროვნული იდეოლოგიის“ განვითარებაზე ისაუბრა, რაზე ზრუნვაც მისი აზრით, ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან უნდა იწყებოდეს. თავის პროგრამაში მულდაროვმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო პროფესიული არმიის შექმნას. არცთუ დეტალურ პროგრამაში მულდაროვმა ეკონომიკის აღდგენაზე, ტურიზმზე, სპორტსა და ახალგაზრდობის პოლიტიკაზეც ისაუბრა.
ფლიევმა დებატებზე მთავრობის გარდაქმნის საჭიროებასა და ერთი კაცის ხელში მთელი ძალაუფლების თავმოყრის საფრთხეებზე ისაუბრა. თავის პროგრამაში კი მან ყურადღება დაუთმო რეგიონში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც ეკონომიკის საფუძველს.
გაგლოევის პროგრამაში დიდი ყურადღება დაეთმო ხელისუფლების დანაწილებას რეგიონში, სასამართლოსა და სუსტი თვითმმართველობის საკითხებს. პროგრამაში მან სოციალურ უთანასწორობაზეც ისაუბრა და გაიხსენა, რომ რუსეთიდან წამოსული დახმარება ძალაუფლების მქონეთა ჯიბეებში მიდის, მაშინ როდესაც მოსახლეობის ნაწილი სიდუხჭირეში ცხოვრობს.
ბიბილოვს კონკურენტებთან შედარებით დეტალური პროგრამა ჰქონდა, რომელშიც მან ოკუპირებული რეგიონის კანონმდებლობის რუსულთან შესაბამისობაში მოყვანაზე, 1 000 სამუშაო ადგილის შექმნაზე, გაზიფიკაციაზე, საბინაო პოლიტიკასა და სოფლის მეურნეობაზე ისაუბრა. თუმცაღა, ბიბილოვმა თავისი კამპანია ამჯერადაც უმთავრესად რუსეთის მიერ რეგიონის ანექსიის დაპირებაზე ააწყო.
ანექსია, როგორც კამპანიის მთავარი თემა
ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ მისი რეჟიმი „უახლოეს მომავალში სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს“ გადადგამს რუსეთთან მიერთების მიზნით.
მსგავსი დაპირებები მას ადრეც არაერთხეულ გაუცია. თუმცა ამჯერად, უკრაინაში ომისას რუსეთის არცთუ მნიშვნელოვანი წარმატებების ფონზე, ეს პერსპექტივა შედარებით უფრო რეალურად და საქართველოსთვის სახიფათოდ გამოიყურება.
ამასთან, ამჯერად რუსი პოლიტიკოსები მსწრაფლ მიესალმნენ ბიბილოვის განცხადებას. რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელმა, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ თუ ცხინვალი რეფერენდუმს ჩაატარებს, რუსეთთან მიერთებას რაიმე „სამართლებრივი დაბრკოლებები“ არ შეექმნება.
ოფიციალურმა თბილისმა, საპასუხოდ, განაცხადა, რომ „მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული“.
ამასობაში, რეფერენდუმის ჩამტარებელი საინიციატივო ჯგუფი უკვე დარეგისტრირდა და გუშინ, 8 აპრილს უკვე დაიწყო ანექსიის რეფერენდუმის კამპანიაც. კამპანიის გახსნას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან და მოსკოვიდან.
- კრემლი ცხინვალის რეგიონის შესაძლო მიერთების შესახებ
- ცხინვალის „პრეზიდენტობის“ ოპოზიციონერი კანდიდატი რუსულ ანექსიაზე სიფრთხილეს იჩენს
- რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ცხინვალში მიერთების კამპანია დაიწყეს
31 მარტს კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე, ცხინვალის სახელისუფლო მედიის ცნობით, ტასოევი, გაგლოევი და ფლიევი მიესალმნენ შესაძლო ანექსიას (მულდაროვი ამ რაუნდს არ ესწრებოდა). თუმცა კანდიდატებმა ბიბილოვს ბრალი დასდეს თემის საარჩევნო ქულების დასაწერად გამოყენებაში.
„ეს პოლიტიკური ნაბიჯია და გაუგებარია ჩვენთვის. რუსეთის ფედერაცია ურთიერთობებს ავითარებს ალანიის სახელმწიფოსთან [ასეც უწოდებენ სამხრეთის ოსები რეგიონს — Civil.ge-ის შენიშვნა], როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან“, — განაცხადა ტასოევმა.
„ნიხასის“ პარტიის ლიდერმა ალან გაგლოევმა კი ბიბილოვს დააბრალა, რომ ადამიანების სიცოცხლით თამაშს არ ერიდება.
ამასთან, დებატების ერთ-ერთი რაუნდისას ფლიევმა განაცხადა, რომ ბიბილოვმა თავისი ხალხი მიუგზავნა მოსახლეობას ოჯახებში: თქვენი ხალხი „კარებზე უკაკუნებს“ მოსახლეობას და ეუბნება, „თუ ბიბილოვს არ მისცემთ ხმას, რუსეთს ვერ შეუერთდებითო“, — დაადანაშაულა ფლიევმა ბიბილოვი.
„მე არ ვიცი ეგ ხალხი რაზე ლაპარაკობს, თუმცა თუკი მაგას ამბობენ, ვეთანხმებიო“, აღნიშნა ბიბილოვმა, ისე რომ არ ერთმნიშვნელოვნად უარყვია ხალხის მიგზავნისა და იმის მუქარანარევი მტკიცების ამბავი, რომ რუსეთის მიერ რეგიონის ანექსია მხოლოდ მისი მმართველობისას იქნება შესაძლებელი.
მოსკოვის ფსონი
კრემლის ფავორიტი ამ არჩევნებში ბიბილოვია.
8 თებერვალს, ბიბილოვის მხარდასაჭერად ცხინვალს რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს მდივანი, ანდრეი ტურჩაკი სტუმრობდა.
იმავე დღეს, რუსეთის მმართველმა პარტიამ და ბიბილოვის „ერთიანმა ოსეთმა“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 8 თებერვალს ასევე გაიმართა „ერთიანი ოსეთის“ ყრილობა, სადაც ცხინვალის ლიდერმა ხელახლა კენჭისყრის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
ყრილობაზე გამოსვლისას, ტურჩაკმა ხაზი გაუსვა, რომ ბიბილოვს აქვს „სახელმწიფოს მშენებლობის საჭირო გამოცდილება და ცოდნა, კარგი პოტენციალი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების აქტიური განვითარებისთვის, ასევე რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებისთვის“.
ტურჩაკმა მაშინ აღნიშნა, რომ ისეთი ადამიანის არჩევა, რომელსაც ბიბილოვის მსგავსი გამოცდილება არ ექნება, საზოგადოებაში გახლეჩას, საეჭვო რეფორმების განხორციელებასა და საკადრო წმენდას გამოიწვევს.
ბიბილოვის მხარდასაჭერად ცხინვალს სტუმრობდნენ ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელი სერგეი მენიაილო, ასევე კრემლის მარჯვენა ხელი დონეცკში დენის პუშილინი და ლუჰანსკში რუსეთის კაცი დენის კოლესნიკოვიც.
„საერთაშორისო“ დამკვირვებლები
ცხინვალის საგარეო „მინისტრის“, დიმიტრი მედოევის თამახმად, არჩევნებს ოკუპირებული აფხაზეთიდან, დონეცკიდან და ლუჰანსკიდან, ასევე მთიანი ყარაბაღიდან დააკვირდებიან. დამკვირვებლებს ელოდებიან ავსტრიიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან, ნიკარაგუიდან, თურქეთიდან და ვენესუელიდანაც.
საარჩევნო კომისიის ცნობით, 10 აპრილისთვის ცხინვალში ჩასვლას 40-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი გეგმავს.
სტატიის წერის დროსუცნობი იყო გვარ-სახელები იმ უცხოელებისა, რომლებიც ცხინვალის არჩევნებზე დაკვირვებას აპირებენ. თუმცა, წინა წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში გამართულ არჩევნების იმიტაციას დასავლეთის ქვეყნებიდან რუსეთთან დაახლოებული, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები აკვირდებიან.
This post is also available in: English (ინგლისური)