თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას, კომპანიისთვის ზიანის მიყენების საქმეზე გაამტყუნა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ნიკა გვარამიას, რომელსაც პროკურატურამ ბრალი „რუსთავი 2-დან“ გათავისუფლებიდან მალევე, 2019 წელს წარუდგინა, სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლი (მე-2-ს „ა“ და „დ“; მე-3-ს „ბ“ ) 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დამნაშავედ ორ ეპიზოდში ცნო.
ერთი ეპიზოდი 2019 წლის თებერვალში, კომპანია „პორშეს ცენტრთან“ გაფორმებულ სარეკლამო ხელშეკრულებას ეხება, რომლის თანახმადაც, პროკურატურის მტკიცებით, ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა საკუთრებაში ძვირადღირებული (76 700 ევრო) ავტომობილი მიიღო, „რუსთავი 2“-ს კი, „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“ მიადგა. გვარამიას პატიმრობა სწორედ ამ ეპიზოდისთვის მიუსაჯეს.
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ის 2015 წელს ნიკა გვარამიას მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება, რა დროსაც, ასევე პროკურატურის ცნობით, კომპანია „ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებით ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ 6 763 510 ლარის ზარალი მიიღო. მოსამართლემ გვარამიას ამ ეპიზოდისთვის 50 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა უფრო მძიმე სასჯელმა ნაკლებად მძიმე შთანთქა.
სასამართლომ ნიკა გვარამია გაამართლა სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე (მე-3), 194-ე (მე-3; „გ“) და 362 (მე-2; „ბ“) მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში, რაც კომერციულ მოსყიდვას, ფულის გათეთრებასა და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს.
ნიკა გვარამია მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. „მე ვარ უდანაშაულო კაცი, დამნაშავე რეჟიმი რას იზამს, ეს, ახლა, როგორ უნდა ვთქვა?“, – უთხრა დღეს მან ჟურნალისტებს მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანამდე.
„[ჩემი] დაკავება იქნება, რაღაც თვალსაზრისით, გადადგმული ნაბიჯი რუსეთისკენ. თუ რამე არგუმენტი მეტყველებს დაკავების სასარგებლოდ, ეს არის სწორედაც რომ რუსეთისკენ სავალი გზის დამოკლება კიდევ უფრო მეტად“, – თქვა მან გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, რომ დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
„ჩვენ ვნახეთ დღეს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული საკმაოდ აშკარა არჩევანი, რუსეთი სასარგებლოდ“, – უთხრა მან დღეს ჟურნალისტებს. „დემოკრატიულ, დასავლურ სახელმწიფოებში კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორებს არ იჭერენ და არ დევნიან განსხვავებული აზრის გამო“, – დასძინა მან.
საგულისხმოა, რომ გადაწვეტილებებს, რომელთა გამოც, სასამართლომ გვარამია გაამტყუნა, წინ უძღვოდა 2015 წლის აგვისტოში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაში მიერ ტელევიზიის დაბრუნებისთვის სასამართლო დავის დაწყება და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ქონების დაყადაღება.
- პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წაყენების შესახებ დადგენილება გამოიტანა
- ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირდა
დღესვე, მოსამართლემ ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირის – კომპანია „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის – ზურაბ იაშვილისა და „რუსთავი 2-ის“ მაშინდელი ფინანსური დირექტორის, კახაბერ დამენიას განაჩენებიც გამოაცხადა.
მათგან პირველი სასამართლომ წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ ცნო. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას (362-ს, მე-2 მუხლის, „ბ“) და კომერციულ მოსყიდვას (221-ს, I მუხლი) ედავებოდა.
რაც შეეხება კახაბერ დამენიას, მას სასამართლომ ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. დამენიას გამოძიება თანხის მითვისებას ან გაფლანგვას ედავებოდა (182-ს, მე-2-ს „ა“ და მე-3-ს „დ“), თუმცა სასამართლომ მას ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით (220-ე) გადაუკვალიფიცირა.
სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის გამოხმაურება
„კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა“, – განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“.
„საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა, რომელმაც საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება 2019 წლის ნოემბერში წარადგინა, განაცხადა, რომ „საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება“.
„დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შესაძლებელია ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და უზრუნველყოფდეს მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.
ომბუდსმენმა მაშინ თქვა, რომ, „სასამართლომ სიღრმისეულად უნდა იმსჯელოს და შეაფასოს რამდენად წარმოადგენს სადავო ქმედება სისხლისსამართლებრივ დანაშაულს თუ ის განხილული უნდა იყოს საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში“.
გვარამია ქვეყანაში პრესის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სავარაუდო პოლიტიკური დევნის შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე დააპატიმრეს.
პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières – RSF) ბოლო კვლევის თანახმად, გასულ წელს, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდა. საქართველომ 180 ქვეყანას/ტერიტორიას შორის მე-60-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.
პარალელურად ევროკავშირმა საქართველოს მხრიდან საქართველოს მიერ სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ხუთი უკან „გადადგმული ნაბიჯი“ დათვალა. ესენია: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის დანიშვნა; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები; მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად 2021 წლის სექტემბერში; გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა; 5 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)