Site icon Civil.ge

საქართველომ სამხედრო სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მიიღო მონაწილეობა 

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობისას, 2022, ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის (SOCEUR) ორგანიზებით ევროპის კონტინენტზე გამართული მასშტაბური ყოველწლიური სწავლება „ტროას ნაკვალები 2022“ დასრულდა. საქართველომ სწავლებაში უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა.

SOCEUR-ის ინფორმაციით, სწავლება 3-14 მაისს გაიმართა და ფოკუსირებული იყო სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე, რაც გულისხმობს „უამრავ საფრთხესთან გამკლავებას“, ჩვეულებრივ ძალებთან ინტეგრაციის ზრდას და ნატოს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაძლიერებას.

საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, რუმინეთისა და ესპანეთის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებში გადიოდნენ ერთობლივ მომზადებას.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ „აშშ-ის სპეცოპერაციის ძალები აქტიურ წვრთნებს გადიან ნატოს მოკავშირეებსა და ევროპელ პარტნიორებთან ერთად“.

„ევროპაში ეს ერთობლივი, კომბინირებული სწავლება გააგრძელებს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის გამტკიცებას“, – აღნიშნა საელჩომ.

სწავლებაში სულ 30 ქვეყანა, მათ შორის, 15 მასპინძელი ქვეყანა და 3 300 სამხედრო მონაწილეობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)