12 აგვისტოს საქართველო დიდგორის ბრძოლის გამარჯვებიდან 901 წლისთავს აღნიშნავს, რასაც შემდგომ ქართველების მიერ თბილისის აღება და დედაქალაქის არაბთა მრავალწლიანი მმართველობისგან გათავისუფლება მოჰყვა.
ბრძოლა 1121 წელს, თბილისიდან 40 კილომეტრში, დიდგორის ველზე გაიმართა, ქართულმა ჯარმა დავით IV აღმაშენებლის სარდლობით თურქ-სელჩუკების არმიას სძლია, რომელსაც ართუკიდების დინასტიის წარმომადგენელი და ქალაქ მარდინის მმართველი, თურქი მთავარსარდალი ილღაზი მეთაურობდა.
დიდგორის ბრძოლა ისტორიაში „ძლევაი საკვირველის“ სახელით არის ცნობილი.
პრემიერმინისტრის მიმართვა
„დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია, რომელმაც მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს დიდგორის ველზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, 9 საუკუნის წინ მოპოვებული „ბრწყინვალე გამარჯვება – ,,ძლევაი საკვირველი“, რომელიც მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს ეკუთვნის, ჩვენი ერის გაერთიანების, ჩვენი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისა და განმტკიცების მყარი საფუძველი გახდა“.
„დიდგორის ველზე არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო გაუტეხელი სული, ქართული სიმტკიცე, შეუპოვრობა, სიმამაცე და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მეფის, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სიბრძნე და სიმამაცე“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანმანათლებლო აღორძინებას. „ამ გამარჯვებით საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი“.
ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებს შეახსენა, რომ „ეს იყო ეროვნული, ქრისტიანული ღირებულებების გამარჯვების დღე, რომელსაც ეფუძნება ჩვენი კულტურა, ისტორია და ჩვენი ქვეყნის ტრადიციები. სწორედ ეს ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს დღესაც. ეს არის ჩვენი ერთადერთი მყარი საფუძველი“.
„სწორედ, დიდგორის ბრძოლა და დიდგორის გამარჯვება არის სახელმძღვანელო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის…, მომავალ თაობას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთიანობით, სამშობლოსათვის ყოველდღიური შრომით, ჩვენ შევძლებთ ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევას, ჩვენი ერის გაერთიანებას და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას“, – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ „დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია!“.
თავდაცვის მინისტრის მიმართვა
დიდგორის ველზე შეკრებილებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემაც მიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ „როგორც დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, ძლიერი ჯარი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია“.
„სწორედ ამიტომ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ჯარის მოდერნიზაციის მიმართულებით“, – დასძინა მან.
თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენი თანმიმდევრული თავდაცვის პოლიტიკით კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მაღალპროფესიული და კიდევ უფრო თვდაცვისუნარიანი დასავლური სტნდრტების მქონე თავდაცვის ძალები გვეყოლება“.
„მჯერა, რომ სანამ საქართველოს მომავალი თაობები იზრდებიან,ქართველი გმირების ისტორიებსა და მაგალითებზე, საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის დაძლევს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
„ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ქვეყნის ერთიანობისა და კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნა მანვე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)