Site icon Civil.ge

ქვეყნის ლიდერები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

უკრაინის დროშა, ფოტო: იეჰორ მილოროდსკი/Unsplash.com

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინას 24 აგვისტოს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

უკრაინას დამოუკიდებლობის დღე Twitter-ით მიულოცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და დაწერა, რომ უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა „ღირსეული ბრძოლა“ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

„საქართველო და უკრაინა ახლო, მოძმე ერები არიან, რომელთაც მსგავი ბრძოლა აქვთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა – „ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით“.

დამოუკიდებლობის დღე უკრაინას ასევე Twitter-ით მიულოცა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და „ომის ამ რთულ პერიოდში“ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს „მშვიდობა და კეთილდღეობა“ უსურვა.

უკრაინას დამოუკიდებლობის დღე Twitter-ით მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმაც. „დაე, ომი მალე დასრულდეს და უკრაინა ამ განსაცდელით უფრო გაძლიერდეს, რათა მისმა ხალხმა იცხოვროს თავისუფალ და აყვავებულ ქვეყანაში“.

საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენი სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის ხაზს უსვამს დამოუკიდებლობის დიდ მნიშვნელობას“, – დაწერა Twitter-ზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„ვუსურვებთ უკრაინელ ხალხს უწყვეტ ძალასა და მამაცობას, რათა დაიცვას თავისი სამშობლო და უზრუნველყოს მშვიდობიანი და აყვავებული მომავალი“, – აღნიშნა მანვე.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 24 აგვისტოს, 18:20 სთ-ზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადების შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)